Placeholder canvas
ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ICAO ადასტურებს, რომ სოხუმის აეროპორტი საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს და კანადაში საქართველოს ელჩს, კონსტანტინე ქავთარაძეს, „კიდევ ერთხელ დაუდასტურეს“, რომ ICAO სოხუმის აეროპორტს „საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე, „ICAO-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ICAO როგორც გაეროს სტრუქტურა, მხარს უჭერს გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ერთმნიშვნელოვნად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

საგარეო უწყების განცხადებით, „მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ჩიკაგოს კონვენცია და ICAO-ს პრინციპები კონვენციის წევრ ქვეყნებს უკრძალავს საჰაერო ნავიგაციის სფეროში ისეთ ქმედებებს, რაც მეორე ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს“.

ამასთან ერთად, საქართველოს საგარეო სამინისტროს თანახმად, „აღინიშნა, რომ ICAO-ს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის, მინიჭებული აქვს ერთიანი სპეციალური კოდი FIR (Flight Information Region), რომლის შეცვლაც, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმა საქართველოს თანხმობის გარეშე შეუძლებელია“.

„ICAO რომელიმე ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის მხრიდან ამგვარი მიმართვის შემთხვევაში არც კი განიხილავს ამ საკითხს, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცის კოდის ცვლილება მხოლოდ ამ ქვეყნის თანხმობით შეიძლება. შესაბამისად, რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, ICAO მას ყოველთვის საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს“, – განმარტავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეო უწყების ინფორმაციით, კონსტანტინე ქავთარაძემ სთხოვა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს, ოლუმუივა ბენარდ ალიუს, და გენერალურ მდივანს, ფანგ ლიუს, ასევე ICAO-ს საჰაერო ნავიგაციის ბიუროსა და ICAO-სთან აკრედიტებული ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებს „სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ამ უკანონო მცდელობას, მოსთხოვონ მას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, გაეროს ქარტიასა და ჩიკაგოს კონვენციას“.

ოკუპირებული აფხაზეთის „მინისტრთა კაბინეტმა“ 26 ივლისს მიიღო რამდენიმე დადგენილება, რომელიც 1993 წლიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ დახურული სოხუმის აეროპორტის ხელახალ ამოქმედებას, მათ შორის, საერთაშორისო რეისების მიღებას, ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, ამ მიზნით, სოხუმის აეროპორტს რუსეთის აეროპორტებისთვის დამახასიათებელი, ICAO-ს სტანდარტების მსგავსი ოთხნიშნა კოდი უნდა მიენიჭოს.

27 ივლისს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ „სოხუმის აეროპორტში ვერცერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ“.

სოხუმის აეროპორტი 1993 წლიდან არის დაკეტილი და იქ რეგულარული ფრენები არ სრულდება. აეროპორტი საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული არ არის. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ 2008 წელს მიღებული საქართველოს კანონის თანახმად, აფხაზეთში საერთაშორისო ფრენები აკრძალულია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button