Placeholder canvas
ევროპამათი თვალით

მოსაზრება: პუტინის საფრანგეთში მოპატიჟება მის აგრესიულ ქმედებებს წაახალისებს


ავტორები:

გალია აკერმანი (Galia Ackerman) მწერალი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი, თარგმნის რუსულიდან. მის კალამს ეკუთვნის „უკვდავი პოლკი: პუტინის წმინდა ომი“.

ფრანზუაზ თომი (Françoise Thom ) პარიზი-სორბონის უნივერსიტეტის თანამედროვე ისტორიის ლექტორია, მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე ნაშრომი რუსეთის შესახებ „პუტინიზმის გასაგებად“ (2018), და ჟან-სილვესტრ მოგრენიესთან თანაავტორობით „რუსეთის გეოპოლიტიკა“ (2018).


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა (Emmanuel Macron) რუსი კოლეგა, ვლადიმირ პუტინი საფრანგეთში, ბრეგანსონის სიმაგრეში (fort de Brégançon) დიდი შვიდეულის სამიტის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე დაპატიჟა [დიდი შვიდეულის სამიტი საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში 24 აგვისტოს იგეგმება]. ეს ამბავი სწორედ იმ დღეს გავრცელდა, როცა მოსკოვის პოლიციამ ოპოზიციური კანდიდატებისათვის მოსკოვის საქალაქო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის წინააღმდეგ გამოსული 1300 მეტი მანიფესტანტი დააკავა.

პუტინის მას შემდეგ მოიპატიჟეს, რაც საფრანგეთმა ევროპის საბჭოში რუსეთის დაბრუნებას დაუჭირა ხელი. ეს ამბავი [ევროპის საბჭოში დაბრუნება] კრემლის პროპაგანდამ მოსკოვის ტრიუმფად შეაფასა. საამისოდ მშვენიერი საბუთიც ჰქონდა [კრემლს]: რუსეთმა ევროპის საბჭოში ახალი დოკუმენტის გატანაც კი მოახერხა, რომლის ძალითაც შემდეგში წევრი ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების მიღება გართულდება. მართლაც, რამხელა გზა გამოიარა კრემლმა 2014 ოქტომბერში ბრისბენში გამართული დიდი ოცეულის სამიტიდან, როდესაც პუტინს შეკრების დატოვება მოუწია, რადგანაც მასთან საუბარზე ყველა უარს აცხადებდა!!

პუტინის პოლიტიკის ამგვარ წარმატებას ვერც რუსეთის პოლიტიკის ახალ მოქნილობას მივაწერთ და ვერც რომელიმე სფეროში დასავლეთისადმი რაიმეს დათმობას. ყირიმი ოკუპირებული რჩება, სკრიპალის საქმე – სკრიპალის საქმედ. ქერჩის სრუტეში უკრაინის გემები დააკავეს. დონბასის მცოცავი ანექსია კვლავაც გრძელდება, რუსეთი გულუხვად ურიგებს რუსეთის პასპორტებს ამ რეგიონის მაცხოვრებლებს და ურიგებს არა მხოლოდ იმ რაიონებში, რომლებსაც ამჟამად სეპარატისტები აკონტროლებენ. რუსეთის კვლავაც უარყოფს პასუხისმგებელობას მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის უკრაინის თავზე ჩამოგდებაზე. თანაც, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიებს სულ უფრო ამძიმებს.

ცდუნება და დაშინება

რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის წინაშე ევროპის მოდრეკა მხოლოდ კრემლის მიერ გამოყენებული მეთოდების წარმატებულობით შეიძლება აიხსნას. პუტინს ზემოქმედების მხოლოდ ორ საშუალებისა სწამს: ფულისა და დაშინების. რუსეთის მთავრობა მზადაა, საკუთარი მოქალაქეები ზამთარში თივის ქვეშაგებზე დატოვოს, ოღონდაც საკუთარი საგარეო-პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად – განსაკუთრებით, ევროპაში – უზარმაზარი ფინანსური რესურსები გადაინახოს. დამატებითი თანხები მიდის ხელახალი შეიარაღების უზარმაზარ პროგრამებზე, რადგან რუსები კარგად აცნობიერებენ, რომ ცდუნებას უკეთესი ფასი დაედება, თუკი მას დაშინებით გაუმაგრებ ზურგს.

დღეს ზურგქარი პრეზიდენტ პუტინის იალქნებს ავსებს. “ფაინეინშლ თაიმსისათვის” (Financial Times) მიცემულ ინტერვიუში ის ნაღარასა სცემდა, თავად დასავლელები დარწმუნდნენ ლიბერალიზმის წარუმატებლობაშიო. პრეზიდენტ მაკრონის მიერ გაგზავნილი მოწვევა, პრეზიდენტისა, რომელსაც ევროპაში პროგრესული ძალების ლიდერად მოაქვს თავი, პუტინს მხოლოდ და მხოლოდ დაარწმუნებს თავისი ხედვის სისწორეში.

თუმცაღა ვიკითხოთ, საფრანგეთი მოიგებს კი რამეს, რუსეთის მიმართ ევროპული გულარხეინობის მებაირახტრის ჩვეული როლის მორგებით?! გვეუბნებიან, რუსეთი სათამაშო მაგიდასთან უნდა დავაბრუნოთო. მაგრამ რისთვის უნდა დავაბრუნოთ უფროსების მაგიდასთან ქვეყანა, რომელიც თავად აღიარებს, რომ საერთაშრისო წესრიგის დარღვევა და ევროპის ქვეყანათა რუსეთის მსგავს სამხედრო-პოლიციურ რეჟიმებად გადაქცევა სურს? გვიფიქრია კი, რამდენად გაუცრუებს იმედს რუსულ ოპოზიციას ევროპული დემოკრატიის ასეთი გულდედლობა?

„გვსურს დავასრულოთ ერთ ხაზზე სწორება და დავაფიქსიროთ განსხვავება. ესაა ფრანგული დიპლომატიის რაობაო“, განგვიცხადა პრეზიდენტმა მაკრონმა. სხვა სიტყვებით, იგი გვეუბნება, ევროპული სოლიდარობა აღარაფრად ღირსო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ერთადერთი ხაზი, რომელზე სწორების მიტოვებაც თითქმის შეუძლებელია, მოსკოვური ხაზია. საფრანგეთმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

Via
Le Monde
პირველწყარო
« Inviter Vladimir Poutine en France, c’est le conforter dans ses positions agressives »

მსგავსი/Related

Back to top button