ახალი ამბები

სოხუმის აეროპორტის შესაძლო გახსნაზე თბილისის რეაქციას აფხაზეთში გამოეხმაურნენ

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ 30 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც 1993 წლიდან დახურლი სოხუმის აეროპორტის შესაძლო გახსნასა და საერთაშორისო რეისების მიღებასთან დაკავშირებით თბილისის პოზიციას გამოეხმაურა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 ივლისს განაცხადა, რომ „ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში (კერძოდ, სოხუმის აეროპორტში) ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას“.

საგარეო უწყების განცხადებით, „საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათვლით, რათა დაცული იქნას ICAO-ს და საერთაშორისო სტანდარები“.

„სრულიად ნათელია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ცნებების აღრევასთან, როდესაც აფხაზეთსა და სხვა ქვეყნებს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები საერთაშორისო საზოგადოების წინაშე წარმოჩინდება, როგორც რუსეთის მხრიდან „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ განხორციელებული კონტროლი“, – აცხადებს აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“.

სოხუმში მიიჩნევენ, რომ „[საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს] ამ განცხადების კონტექსტში, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება არა ქართული მხარის მიერ გაცვეთილი პროპაგანდისტული კლიშეების გამოყენებაზე, არამედ იმაზე, თუ როგორი მანიაკალური სიჯიუტით ისწრაფვიან ქართველი პოლიტიკოსები იმ პრობლემის მოგვარებისკენ, რომელიც მათი ეროვნული ტერიტორიის ფარგლებს სცდება, ახდენენ რა რეგიონში შექმნილი პოლიტიკური რეალიებს სრულ იგნორირებას“.

სოხუმში ხაზს უსვამენ, რომ ქართული მხარის ქმედებები „პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გარანტირებულ, თავისუფალი გადაადგილების უფლებას“ და მოუწოდებენ საქართველოს ხელმძღვანელობას, „აფხაზეთის რესპუბლიკასთან მიმართებით შეწყვიტოს მიზანმიმართული იზოლაციონალისტური პოლიტიკის გატარება“.

ოკუპირებული აფხაზეთის „მინისტრთა კაბინეტმა“ 26 ივლისს მიიღო რამდენიმე დადგენილება, რომელიც 1993 წლიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ დახურული სოხუმის აეროპორტის ხელახალ ამოქმედებას, მათ შორის, საერთაშორისო რეისების მიღებას, ითვალისწინებს.

მომდევნო დღეს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ „სოხუმის აეროპორტში ვერცერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ“.

სოხუმის აეროპორტი 1993 წლიდან არის დაკეტილი და იქ რეგულარული ფრენები არ სრულდება. აეროპორტი საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული არ არის. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ 2008 წელს მიღებული საქართველოს კანონის თანახმად, აფხაზეთში საერთაშორისო ფრენები აკრძალულია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button