დაუჯგუფებელი

ნინო დანელია

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი

„მთავარი სათქმელი ამ პროტესტის არის ის, რომ ჩვენ გვინდა, ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, რუსეთისგან დამოუკიდებელი ქვეყანა და შევძლოთ ჩვენ თვითონ ვიპოვოთ ჩვენი ადგილი და ჩვენი ხმა ამ დიდ ევროპულ ქვეყანებს შორის და მსოფლიოში. რამაც ადამიანები პირველად რუსთაველზე შეკრიბა, ეს ადამიანებში წვეთ-წვეთად დაგროვებული პროტესტის გრძნობა იყო, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდათ იმის შიში, რომ ჩვენ შეიძლება ისევ აღმოვჩენილიყავით რუსეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ. წვეთ-წვეთად დაგროვებული პროტესტის ბოლო წვეთი იყო გავრილოვის ჩამოყვანა საქართველოში, რაც აბსოლუტურად სიმბოლური ამბავი იყო. გავრილოვში საქართველოს მოქალაქეებმა დაინახეს რუსეთი, რომელიც შემოვიდა საქართველოს პარლამენტში და დაგვიწყო ჩვენივე პარლამენტიდან ლაპარაკი. ეს იყო ბოლო წერტილი, რამაც ეს ხალხი გამოიყვანა ქუჩაში.

რამ გაგვაჩერა ამდენი ხანი რუსთაველზე? გაგვაჩერა უკვე იმან, რა რეაქცია მოჰყვა ხელისუფლებისგან ჩვენს პროტესტს. ჩვენ გავაპროტესტეთ რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის დაბრუნება და ხელისუფლებამ ჩვენ გვიპასუხა დათვის ტყვიებით, მოქალაქეების დევნით, ძალის გადამეტებით და კიდევ ათასი მანამდელი კანონდარღვევით. კობახიძე რომ [ადრე] გადამდგარიყო, ეს ღამე საერთოდ არ დადგებოდა. პოლიცია რომ მდგარიყო პარლამენტის პერიმეტრს შიგნით, ეს ამბავი საერთოდ არ მოხდებოდა.

აბსოლუტურად აზრს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ, როდესაც მინისტრი რჩება ხელისუფლებაში, გამოძიება რაიმე ფორმით მაინც ახლოს იქნება სამართლიან გამოძიებასთან და სამართლიან პროცესთან, რამაც უნდა მიგვიყვანოს შედეგამდე. იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც გასცემს ბრძანებას დემონსტრაციის დარბევაზე, იღებს პასუხისმგებლობას შედეგებზე. თუ მას არ გაუცია ბრძანება ან გასცა ბრძანება, მაგრამ არ უგულისხმია, რომ ასეთი მასშტაბები უნდა მიეღო ამ დარბევას და ხედავდა რა ხდებოდა რუსთაველზე, მაშინვე უნდა გაეცათ ბრძანება, რომ „შეწყვიტეთ ახლავე რეზინის ტყვიების გამოყენება, დამიზნებით სროლა და ადამიანების დევნა“. დღემდე ეს ადამიანი ბოროტად იყენებს საკუთარ ძალაუფლებას და ქუჩაში ჩვენ ამდენი დღე სწორედ ამან გაგვაჩერა.

დაიწყო იმით, რომ ჩვენ არ გვინდოდა რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება, მაგრამ მეორე დიდი ამბავი არის ის, რომ ჩვენ გვინდა, ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს მშვიდად ცხოვრების უფლება, რა ხელისუფლებაც უნდა იყოს საქართველოს მმართველობაში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ქართული ოცნება აღარ იძალადებდა მშვიდობიან მანიფესტანტებზე და ისწავლიდა წინა ხელისუფლებისგან იმ გაკვეთილებს, რომელიც უნდა ესწავლა. ჩვენ დავინახეთ, რომ ქართულმა ოცნებამ ეს ვერ ისწავლა. ახლა ჩვენ გვინდა, რომ შემდეგი ხელისუფლება, ვინც იქნება, ზუსტად იცოდეს, რომ ეს საზოგადოება კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდა განვითარებისკენ და ამ საზოგადოებას აღარ უნდა აღარც ერთი მინისტრი, რომელიც თავს უფლებას მისცემს იძალადოს საკუთარ მოქალაქეებზე.

ერთი ხელში გვიჭირავს ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აქცია არის მკაფიოდ პოლიტიკური მოთხოვნებით, თუმცა ამ აქციის ლიდერშიფში არ დგანან პოლიტიკოსები და ეს არ არის პარტიული ნიშნით განპირობებული აქცია. ეს არის ყველაზე მნიშნველოვანი, რომ არაპარტიული, მაგრამ მკაფიოდ პოლიტიკური მიზნების მქონე აქციაზე წარმმართველი ბირთვი ახალგაზრდები არიან. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამოქალაქო საზოგადოება თანამშრომლობს პოლიტიკურ პარტიებთან. მესამე ამბავი, რომელიც მე ძალიან მომწონს, არის ის, რომ აქციამ მოახერხა და პოლიტიკურ შედეგად 2020 წელს არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების პირობა მიიღო. ხელისუფლებამ, აქციის მონაწილეების რაოდენობისა და თავების თვლის მიუხედავად, დაინახა პოტენციურად მზარდი ძალა და ზუსტად მიხვდა, რომ ამ ძალასთან აუცილებლად წააგებს. გამორიცხულია, ამ ქვეყანაში ავტორატარიზმმა გაიმარჯვოს.

ასევე, ჩვენ საკითხობრივად დავიწყეთ აზროვნება და ხელისუფლებასთან ძალიან კონკრეტულ საკითხებზე დავიწყეთ საუბარი. ჩვენ ვეუბნებით, რომ სამი საკითხი არის მოსაგვარებელი და სანამ ამ სამ საკითხს არ მოაგვარებთ, აქ ვიქნებით, არსად წავალთ. არ შეიძლება, პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით, ზოგი რეზინის ტყვია მტკივნეული იყოს და ზოგი რეზინის ტყვია არ იყოს მტკივნეული, წარმოუდგენელი ამბავია ეს. თუ ჩვენ არ შევთანხმდით იმაზე, რომ ძალადობა ცუდია, უსამართლობა ცუდია, ჩვენი განსხვავებულობების მიუხედავად, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება წინსვლა, მათ შორის, ეკონომიკური წინსვლა.

იმიტომ რომ არის ზაფხული და აქ არ არის ბევრი ხალხი, ხელისუფლებას ჰგონია, რომ ეს პროტესტი მინავლდა და ამას სერიოზულად ვერ აღიქვამს. ამ დროს ჩვენ ვიყენებთ არა მხოლოდ რუსთაველს, არამედ სხვადასხვა ადგილს და ამას საზოგადოება ცოტა ხანში კიდევ უფრო მასშტაბურად დაინახავს. ჩვენ გვექნება ლოკალური პერფორმანსები, რომელიც იმუშავებს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებაზე და, თუკი ხელისუფლება არ შეასრულებს ჩვენს მესამე მოთხოვნას, რაც არის გახარიას გადადგომა, ჩვენ უკვე გადავალთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებაზე იმ მიმართულებით, რომ ამისათვის ხელისუფლებამ გადაიხადოს ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი“.

მსგავსი/Related

Back to top button