ევროპამათი თვალით

პუტინიზმის კვლავწარმოების პრობლემები

როცა თამაშის რეალური წესები ოფიციალურად გაცხადებულისაგან ძალიან განსხვავდება, გავლენიანი მოთამაშეები მათ სხვადასხვანაირად აღიქვამენ“- ო, წერს დმიტრი ტრავინი, სანკტ-პეტერბურგის ევროპული უნივერსიტეტის მოდერნიზაციის კვლევითი ცენტრის დირექტორი.


დღევანდელ რუსეთში არც ისე ცოტაა აქტიური მოქალაქე, რომელიც უზომო ოპტიმიზმიდან უზომო პესიმიზმისკენ ქანქარასავით ირხევიან. ეს ადამიანები ზედმეტად ენერგიულად იწყებენ: მათ დაუყოვნებლივ სურთ პოზიტიური შედეგების მიღება. ისინი ამბობენ, რომ რუსეთს მოცდის დრო არ აქვს, რომ პუტინისეული უძრაობის მოთმენა აღარ შეიძლება. ისინი ვარაუდობენ, რომ თუ სასწრაფოდ არ მოხდება რეჟიმის ტრანსფორმაცია, ჩვენი ქვეყანა სამუდამოდ ჩამორჩება ცივილიზებულ სამყაროს. ეს ადამიანები ცდილობენ შუბლით გაანგრიონ რეჟიმის კედელი, მაგრამ როცა მცდელობისგან შუბლზე კოპები დააჯდებათ, იმწამსვე შავბნელ პესიმიზმში ვარდებიან და ჰგოდებენ, ხალხი არ გვივარგა და ჩვენი ქვეყანა სამუდამო მონობისთვისაა განწირულიო. ისინი ამტკიცებენ, რომ ასეთი რეჟიმები არასდროს ინგრევა, რომ ძალოვნები არასდროს გაუშვებენ ხელიდან ძალაუფლებას და რომ პუტინის შემდეგ ავტოკრატია ხელახლა ამოიყრის ყლორტებს.

ავტოკრატია ავტოკრატის გარეშე?

არ ღირს ახლა პუტინის უახლოეს წლებზე მსჯელობა. მოუზოვმავი ენთუზიაზმი სავარაუდოდ კიდევ არაერთხელ შეემსხვრევა „კრემლის კედელს“. თუმცა იმაზე კი ღირს ლაპარაკი, თუ როგორ დალაგდება ყველაფერი პუტინის წასვლის შემდეგ.

რა თქმა უნდა, მომავლის განჭვრეტა – უმადური საქმეა. ძალიან რთულია ჩვენი სამყარო და მომავალზეც ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. თუმცაღა რთულად სავარაუდოა, რომ პუტინის პოლიტიკური რეჟიმი მისი ფუძემდებლის გარეშე ადვილად მოახდენს კვლავწარმოებას.

მოვისმინოთ საკმაოდ საინტერესო მოსაზრება პოლიტიკის მეცნიერების პროფესორის, გრიგორი გოლოსოვის ახლახან გამოქვეყნებული წიგნიდან „ავტოკრატია“: „ავტოკრატიების მდგრადობა განისაზღვრება მათი ინსტიტუციონალიზაციის შესაძლებლობითა და დონით.  პოლიტიკური ძლევამოსილების პიკზე ყოფნისას, ავტოკრატები თამაშის წესებს არ საჭიროებენ. წესების არსებობა მათ მხოლოდ ხელს უშლით მართვაში. ისინი ამჯობინებენ უხეშ ძალას დაეყრდნონ და დაასრულონ საჭადრაკო პარტიები ისე, როგორც ოსტაპ ბენდერი იქცეოდა ვასიუკებში ცნობილი ერთობლივი თამაშის სეანსისას [დაფის აყირავებით – რედაქტორები]“.

ხომ კარგად აღწერს რუსეთის დღევანდელი რეჟიმის ხელწერას? გახსოვთ, როგორ უგულვებელჰყო რეჟიმმა არჩევნების ორგანიზების წესები და ბარიერს მიღმა დატოვა მისთვის არასასურველი კანდიდატები? როგორ გააცამტვერა ბიზნესის ნორმალური წარმოების წესები, როგორ ართმევს საკუთრებას მათ, ვინც ძალოვნებმა გასაწირად მონიშნეს? როგორ გადაუარა მან ადამიანის უფლებებს, როგორ თამაშობს წესების გარეშე, როცა თავის ნებაზე განსაზღვრავს, თუ ვის მიარჭობს „ორწლიანს“ მსუბუქი გადაცდომისთვის და ვინ გამოვა მშრალად სერიოზული კორუფციული დანაშაულის ჩადენის შემდეგ?

თუმცა პუტინი ნამდვილად არ არის ავტოკრატებს შორის მსოფლიო ჩემპიონი ინსტიტუტების განადგურებაში. მის მიერ შექმნილ სისტემაში თამაშის წესები მეტისმეტად ბუნდოვანია. ისინი ძალიან დაშორდნენ ოფიციალურად დეკლარირებულ წესებს. ასეთ ვითარებაში გავლენიანი პერსონები ამ წესებს თავისი შეხედულებისამებრ, ხშირად კი – სხვადასხვანაირად იგებენ. ამან შეიძლება მათ შორის შუღლი ჩამოაგდოს.

ჯერჯერობით, სანამ უზენაესი არბიტრის როლში თავად პუტინია, არსებობს იმ შიდაელიტური კონფლიქტების ჩამხშობიც: ის ჯგუფურ ინტერესებს შორის არსებულ დაპირისპირებებს აგვარებს და წესების ინტერპრეტირებას ახდენს.

თუმცა მომავალში – შესაძლოა, არც თუ ისე ახლო მომავალში – პუტინურ ელიტას მოუწევს თამაშის წესების დადგენა თავად პუტინის გარეშე. ამ ვითარებაში, კონფლიქტები იმდენად გამწვავდება, იმდენად სერიოზული, იმდენად დამანგრეველი გახდება, რომ ახალი ავტოკრატის ხელში რეჟიმის რბილად და უმტკივნეულოდ გადაბარება დიდი ალბათობით არ გამოვა.

თავის გადასარჩენად, ელიტის წარმომადგენლებს ერთმანეთთან მოლაპარაკება, თამაშის ახალი წესების შემუშავება და ამ წესების ინსტიტუტების ისეთ სისტემაში გამყარება მოუწევთ, რომლებიც ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის გასაგები იქნება.

მეფე ხომ ნამდვილი არ არის

მოდით, შევხედოთ, სინამდვილეში როგორი თამაშის წესები არსებობს პუტინის პოლიტიკურ სისტემაში და რა გავლენას ახდენენ ისინი ავტოკრატიის კვლავწარმოებაზე.

ფორმალურად პრეზიდენტს ჩვენთან ხალხი ირჩევს, მაგრამ ყველას მშვენივრად ესმის, რომ არჩევნები ნამდვილი არ არის. პუტინს გამარჯვებისთვის განსაკუთრებულ პირობებს უქმნიან. მასზე მუდმივად ლაპარაკობენ ტელევიზორში. მისთვის ყველაზე სახიფათო კონკურენტებს არ არეგისტრირებენ პრეზიდენტობის კანდიდატებად. ბიზნესი იმდენად დათრგუნულია, რომ ეშინია ფულის დაბანდება პუტინის ჩამნაცვლებელი რომელიმე პოლიტიკური ფიგურის მხარდასაჭერად. სისტემისათვის სულაც არ არის აუცილებელი არჩევნების გაყალბება – შედეგები არჩევნების დაწყებამდეა ცხადი.

საყოველთაო, პირდაპირი, ფარული და თანასწორი არჩევნების გაყალბება გაცილებით უფრო უარესია პუტინის ავტორიტარიზმის კვლავწარმოებისთვის, ვიდრე სახელმწიფოს მეთაურის შერჩევის ნებისმიერი სხვა ვარიანტი, რომელშიც შეიძლება ღიად კი შელახავს ხალხის უფლებებს, სამაგიეროდ ამ უფლებების დარღვევის წესი ყველასთვის გასაგები იქნება.

მაგალითად, საბჭოთა წყობის დემოკრატიულობაზე ყველა ხმამაღლა საუბრობდა, მაგრამ საბჭოთა ელიტამ მშვენივრად იცოდა, რომ გარდაცვლილი გენმდივნის შემცვლელის დასახელებას არც ხალხს შეეკითხებოდა ვინმე და არც კომუნისტური პარტიის წევრებს. სამაგიეროდ, მისი შერჩევის რეალური წესიც ყველამ იცოდა: ახალ ლიდერს პოლიტბიურო ირჩევდა და თუ ის ერთსულოვნებას ამჟღავნებდა კანდიდატურის შერჩევისას, „ბუნტის“ ალბათობა უმნიშვნელო იყო თვით ცენტრალური კომიტეტის რიგებშიც კი. საერთო სახალხო „ბუნტზე“ კი ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ იმ სისტემაში გარკვეული ინსტიტუტები მუშაობდნენ და ყველამ იცოდა, თუ კერძოდ რომელი ინსტიტუტები იყო ეს.

ახლო წარსულამდე მოქმედი „ჩინური ვარიანტი“, რომლის დროსაც მმართველთა დღევანდელი თაობა თავის მემკვიდრეებს მომავალი თაობიდან ირჩევდა, ასევე სთავაზობდა საზოგადოებას ხელისუფლების გადაცემის მარტივ და გასაგებ სქემას. მომავალი მმართველები წინასწარ ხდებოდნენ ცნობილნი და თითქმის შეუძლებელი იყო, რომ ვინმე ჩაჩხერილიყო ბელადების წარმავალ და მომავალ თაობებს შორის.

ისეთი სისტემაც კი, რომლის დროსაც საერო ხელისუფლებას ქვეყნის მართვაზე კურთხევას რომელიმე აიათოლა აძლევს,  მეტნაკლებად უზრუნველყოფს სტაბილურობას საჭის ხელიდან ხელში გადაცემისას.

თუმცა პუტინის სისტემაში თვითგანადგურების მექანიზმებია ჩადებული, რომლებიც სტაბილურობას არყევს. დიდი ალბათობით, ეს მექანიზმები გამოიწვევს შიდა ბრძოლას იმ მომენტში, როცა პუტინი უკვე აღარ იქნება, ხოლო ახალი ლიდერი ჯერ კიდევ არ იქნება გამოჩენილი.

პუტინის პოტენციური მემკვიდრეები ხელისუფლების ცვლილებისას სამ ძირითად პოსტულატს დაეყრდნობიან. პირველ რიგში, გამარჯვებას შეძლებს ნებისმიერი, ვინც ელცინის „ოჯახის“ მსგავს კოალიციას შექმნის: ანუ დაიბევებს ხელისუფლების გადაცემის მომენტისათვის საკვანძო პოზიციებზე მყოფი ადამიანთა ჯგუფის მხარდაჭერას.  მეორე – გაიმარჯვებს ის, ვინც უკეთ გაართმევს თავს მოსახლეობის ფართო მასების მანიპულაციას, ვისაც საარჩევნო უბნებზე მისვლა და ახალი „ოჯახის“ არჩევანის დამტკიცება მოუწევს. და მესამე – გამარჯვებისთვის აუცილებელი იქნება იმ გავლენიანი ფიგურების საკუთარ კოალიციაში მოზიდვა, ან, როგორც მინიმუმ, განეიტრალება, ვისაც ფსონის სხვა კანდიდატებზე ჩამოსვლა შეუძლიათ.

ჩვენი პოლიტიკური სისტემის ეს სამი საფუძვლისმიერი წესი ხელს შეუწყობს არა პუტინის მემკვიდრის მშვიდობიან შერჩევას, არამედ ბრძოლის გამწვავებას სწორედ ძალაუფლების გადაცემის მომენტში, რადგან ბევრმა პოლიტიკოსმა შეიძლება დაასკვნას, რომ მათ გამარჯვების სერიოზული შანსი აქვთ.

ვინ არის რუსული დემოკრატიის მამა?

ფორმალურად, დღესდღეობით ბიზნესს შეუძლია არჩევნებზე მხარი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს. სინამდვილეში ბიზნესმენებს ესმით, რომ ფულის დაბანდება მხოლოდ პუტინიზმსა და იმ პარტიებში შეიძლება, რომლებიც მასთანაა დაკავშირებული. აუცილებელი არ არის, რომ ეს იყოს „ედინაია როსია“ – რაღაც წილი ლოიალურ ოპოზიციასაც შეხვდება – კომუნისტებს, ჟირინოვსკის ხალხს, „სამართლიან რუსეთს“.  კიდევ რაღაც ნამცეცებს მიიღებენ ფიქტიური პარტიები, რომლებმაც ფეხქვეშ გაბლანდვა იციან და რეალურ ოპოზიციას ხმებს ართმევენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფინანსური ნაკადები ერთგვარი „ჩრდილოვანი ფინანსთა სამინისტროს“ მიერ კონტროლდება, რომელმაც იცის, საით უნდა მიმართოს თითოეული კაპიკი. ის ბიზნესმენი, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს, რისკზე მიდის, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათი ოფისის კარზე ძალოვნები დააკაკუნებენ, რომლებიც ყოველგვარი დარღვევის აღმოსაჩენად იქნებიან მომართული.

აი, დავუშვათ, რომ პუტინი აღარ არის პოლიტიკაში. იწყება ხელისუფლებისთვის ბრძოლა. ვის უნდა დაუჭირო მხარი ამ ბრძოლაში და ვის არა, ბიზნესს არ ესმის. საქმიანი წრეები შეიძლება მზადაც კი არიან კონფორმიზმის გამოსავლენად, რომ მომავალში მათ არავინ შეეხოს. მაგრამ როგორ გამოავლენენ ამ კონფორმიზმს, როცა არ იციან, ვინ გაიმარჯვებს ხელისუფლებისთვის ბრძოლაში?

პრეზიდენტობის ყოველ გავლენიან კანდიდატს შეუძლია მუქარა, რომ ის, ვინც „რუსული დემოკრატიის მამისთვის“ ქისას პირს არ მოხსნის, შედეგად ისეთ დემოკრატიას მიიღებს, რომელიც ნებისმიერ ტოტალიტარიზმზე უარესია. ასეთ სიტუაციაში, საცოდავი ბიზნესმენები ალბათ ფულებს ჩუმ-ჩუმად ყველას ჩაუთვლიან, ვისაც ბოროტი გამოხედვა და მაღალი სტატუსი ექნება, ხმამაღლა იგინება და მუშტებსაც მოიქნევს. თუმცა, ასეთი მიდგომა პოლიტიკურ ბრძოლას მხოლოდ გაამძაფრებს, რადგან ფინანსურ რესურსებს ხელმისაწვდომს გახდის ყველა ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფისთვის.

იგივე მდგომარეობაა სხვა ელიტურ ჯგუფებთან მიმართებითაც, რომელთა მხარდაჭერაზეცაა დამოკიდებული ხელისუფლებისათვის ბრძოლის შედეგი. მომღერლების, არტისტების, მასხარებისა და ჟურნალისტების ახლანდელი მწყობრი კოლონები, რომლებიც მორიგი არჩევნების წინ გვიყვებიან, თუ როგორი კარგია პუტინი, წამში დაიფანტება.

მათ გამოეყოფათ ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა კანდიდატს დაუჭერენ მხარს პრეზიდენტის პოსტზე – პირადი სიმპათიებისა და იმის მიხედვით, ვინ დაპირდება მეტი ფულის გამოყოფას ახალი ფილმისთვის, ახალი ვეფხვისთვის და, ეგებ, ახალი ტელეარხისთვისაც კი.

ჩვენი ფიქრებისა და სულების მეპატრონენი, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებენ ბიზნესმენების მსგავსად მალულად დაუჭირონ მხარი პუტინის ერთდროულად ყველა შესაძლო მემკვიდრეს, თუმცა სავარაუდოდ ისინი თანაბრად გადანაწილდებიან. ეს ყველაფერი კი ხელისუფლების პირამიდის კენწეროში აღმოცენებულ კონფლიქტებს გაამძაფრებს.

სცილასა და ქარიბდას შორის

იმ ქვეყნებში, რომლებშიც საზოგადოება რეალურადაა მწვავე დაპირისპირებებით ნაფლეთებად დაგლეჯილი, მსგავსი სიტუაციები სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომებს იწვევს.

ასი წლის წინ რუსეთმაც გამოიარა ასეთი საშინელი ომი. დღესდღეობით ჩვენთან ასეთი წინააღმდეგობები არ არსებობს. პუტინის რეჟიმის შენარჩუნება დროთა განმავლობაში სულ უფრო უინტერესო ხდება მოსახლეობის სრულიად განსხვავებული ჯგუფებისათვის.

რუსეთის დიდი ნაწილი უკვე დღესვე ერთიანია არსებული სისტემის გაუმჯობესებისკენ მისწრაფებაში – იმის გაუცნობიერებლად, სხვათა შორის, თუ რა, როგორ, საით და როდის უნდა შეიცვალოს. ელიტური ჯგუფები, რა თქმა უნდა, ილტვიან პუტინიზმის კორექტირებისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფები ქვეყნის მომავალს შეიძლება სხვადასხვაგვარად ხედავდნენ, მათთვის მაინც უფრო მომგებიანია კომპრომისების გამონახვა, ვიდრე ერთმანეთთან ბრძოლა პრინციპით „გამარჯვებულს რჩება ყველაფერი“, როგორც ამას ასი წლის წინ სამოქალაქო ომის მონაწილეები აკეთებდნენ.

თუ პრობლემის არსს ოდნავ გავაუბრალოებთ, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული ქვეყნები, ჩვეულებრივ სამოქალაქო ომის სცილასა და თვითწარმოქმნადი ავტოკრატიის ქარიბდას შორის ვიწრო დერეფანში გადიან. იმ დროისთვის, როდესაც პუტინი პოლიტიკაში აღარ იქნება, რუსეთს საკმაოდ ხელსაყრელი პირობები შეექმნება იმისთვის, რომ წარმატებით გაიაროს ეს დერეფანი.

Via
Republic
პირველწყარო
Царь-то ненастоящий. Почему после Путина будет сложно воспроизвести автократию?

მსგავსი/Related

Back to top button