Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

სახალხო უნივერსიტეტები პროფკავშირების ხელში გადადის

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 27 ივლისი, N165.

სახალხო უნივერსიტეტი

ფინანსური კრიზის გამო, სახალხო უნივერსიტეტის გამგეობამ მიმართა პროფესიულ კავშირთა საბჭოს მიიღოს თავის უწყებაში სახალხო უნივერსიტეტი. [პროფესიულ კავშირთა] საბჭომ დაადგინა დააკმაყოფილოს სახალხო უნივერსიტეტის შუამდგომლობა, რადგან სახალხო უნივერსიტეტმა უნდა იარსებოს როგორც დემოკრატიულმა კულტურულმა ცენტრმა.

სკოლის გარეშე განათლების საქმე მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს უმთავრესი მიზანია და საბჭოს აზრით ქალაქი და მთავრობა უნდა დაეხმაროს საბჭოს უნივერსიტეტის შენახვაში როგორც მატერიალური, ისე კულტურულ-მეცნიერული მხრით. სახალხო უნივერსიტეტის საქმეების მოსაწყობათ მიღებულია შემდეგი სქემა: 1) უნივერსიტეტის საქმეებს განაგებს უნივერსიტეტის საბჭო და გამგეობა; 2) უნივერსიტეტის საბჭო შესდგება: პროფესიონალური კავშირების, მუშათა დეპუტატების საბჭოს, ქალაქის თვითმმარველობის, ლექტორთა კოლეგიის და უნივერსიტეტის თანამშრომლების, ქალაქთა კავშირის, სახალხო განათლების სამინისტროს, თფილისის სამაზრო ერობის,  პროფესიონალური საბჭოს ცენტრალური კომიტეტის, ამიერ-კავკასიის კოოპერატივთა საბჭოს წარმომადგენლები, თითო ორგანიზაციიდან სამ-სამი წარმომადგენელი; 3) უნივერსიტეტის საქმეების საწარმოოთ ირჩევა გამგეობა 9 კაცისაგან განყოფილების რაოდენობის მიხედვით; 4) პრინციპიალურ საკითების გადაწყვეტა შეიძლება მხოლოდ პროფესიონალურ კავშირების საბჭოს თანხმობით.

მსგავსი/Related

Back to top button