ახალი ამბები

ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის ლიდერები ნიკარაგუას სტუმრობდნენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი 18-20 ივლისს ნიკარაგუას სტუმრობდა. ნიკარაგუას ეწვია ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვეც.

20 ივლისს ბიბილოვი ნიკარაგუას პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ მიიღო. ცხინვალის ცნობით, მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობათა პერსპექტივები განიხილეს და სხვადასხვა სფეროში უწყებათაშორისი ხელშეკრულებების გაფორმების საჭიროებაზეც გაამახვილეს ყურადღება. მათ ისაუბრეს აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზეც, მათ შორის, სამხრეთ კავკავსიის რეგიონში უსაფრთხოებაზეც. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვმა ნიკარაგუას პრეზიდენტი საპასუხო ვიზიტისათვის ცხინვალში მიიწვია.

ოკუპირებული ცხინვალის ლიდერი ნიკარაგუაში „სანდინისტური რევოლუციის“ მე-40 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა. 19 ივლისს იგი დედაქალაქ მანაგუაში გამართულ საზეიმო მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ნიკარაგუას მიერ „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის“ აღიარება „ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფოს მამაცი ნაბიჯი იყო“, რასაც „დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“.

ნიკარაგუასგან ჩვენი „დამოუკიდებლობის აღიარება ქართული აგრესიის განმეორებისათვის წინაღობად იქცა“, – აღნიშნა ბიბილოვმა და დასძინა, რომ ნიკარაგუელი ხალხის ამ მხარდაჭერას არასდროს დაივიწყებს.

ნიკარაგუაში ვიზიტის ფარგლებში, 18 ივლისს, ბიბილოვი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს დენის მონკადას შეხვდა. იმავე დღეს მან შეხვედრა ნიკარაგუაში რუსეთის ფედერაციის ელჩთან ანდრეი ბუდაევთანაც გამართა.

ნიკარაგუაში სტუმრობის დროს, ბიბილოვს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დიმიტრი მედოევი და ნიკარაგუაში „სამხრეთ ოსეთის ელჩი“ ნარიმ კოზაევი ახლდნენ.

„სანდინისტური რევოლუციის“ მე-40 წლისთავთან დაკავშირებით ნიკარაგუას ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დაურ კოვეც სტუმრობდა. 19 ივლისს კოვე ნიკარაგუაში მყოფ ცხინვალელ კოლეგას დიმიტრი მედოევს შეხვდა და მასთან ერთად „საერთაშორისო არენაზე ორი ქვეყნის ურთიერთქმედების გაღრმავება“ განიხილა.

20 ივლისს კი, დაურ კოვე ნიკარაგუას პრეზიდენტს შეხვდა და ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოსათვის დანიშნულ „საპრეზიდენტო არჩევნებზე“ დასაკვირვებლად ნიკარაგუას დელეგაცია სოხუმში მიიწვია.

ნიკარაგუა პირველი იყო, ვინც რუსეთის მაგალითს მიბაძა და საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის – დამოუკიდებლობა 2008 წლის სექტემბერში აღიარა. ანალოგიური ნაბიჯი ერთი წლის თავზე ვენესუელამ და ნაურუმ გადადგეს. სირიამ კი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button