Placeholder canvas
დაუჯგუფებელი

გვანცა ჯობავა

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე

ამ უწყვეტი აქციებით, მე მგონი, ჩვენ შევძელით, გვეჩვენებინა – სად დგას დღეს ქართველი ხალხი.

აქ დგავართ ორი მიზეზით: პირველი, რა თქმა უნდა, არის რუსი დეპუტატის ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა. ჩვენ სულ გვრძნობით რუსული გავლენის ზრდას ჩვენს ქვეყანაში. ცალკეული პროტესტიც გვქონდა, მაგრამ ამ ფაქტმა მოგვცა იმის ძალა, რომ ჩვენ ყველა გაერთიანებულიყავით და ერთობლივი ძალებით გაგვეპროტესტებინა ეს ყველაფერი. ჩვენთვის ეს არის შესაძლებლობა, ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთისკენ იხრება, მთავარი არის ქართველი ხალხის ხმა და ეს ხმა დღეს არის ევროპისაკენ. ჩვენ, ახალი თაობა მივისწრაფვით ევროპისაკენ. ეს არის ქვეყანა, სადაც ვაღიარებთ ევროპულ ღირებულებებს და სხვა დანარჩენი ჩვენთვის არის მიუღებელი.

მეორე მხრივ, აბსოლუტურად მიუღებელი იყო ის ძალადობრივი მეთოდები, რომლებიც 20 ივნისს გამოიყენეს საზოგადოების და ადამიანების წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ რა თქმა უნდა ვგრძნობთ პასუხისმგებლობას თითოეული იმ ადამიანის წინაშე, რომელიც დაასახიჩრეს. შეუძლებელია, არ გქონდეს რეაქცია იმაზე, რაც შენ გვერდზე მყოფს თანატოლს დაემართა. მე მიმაჩნია, რომ აუცილებელია, ხელისუფლებამ აღიაროს ეს პასუხისმგებლობა და ის ადამიანები, რომლებიც ამ ფაქტზე კონკრეტულად იყვნენ პასუხისმგებელნი, აუცილებლად უნდა დაისაჯონ. მთავარი პასუხისმგებელი პირი ვინც არის – გახარია – აუცილებლად უნდა გადადგეს.

თითქმის ერთი თვეა ადამიანები ჯიუტად აგრძელებენ აქციაზე სიარულს. ზოგჯერ ბევრნი ვართ, ზოგჯერ ნაკლები, მაგრამ რაოდენობა არ განსაზღვრავს ხარისხს. დიდი ცვლილებები მოაქვს ერთეულებს და არა დიდ მასას, და ხელისუფლებას ყოველთვის უნდა ეშინოდეს საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის, რომელიც არის განათლებული, აზროვნებს, შეუძლია ლოგიკურად მსჯელობა და იმ ტყუილებში გარკვევა, რასაც ისინი ყოველდღიურად გვაწვდიან.

ჩვენ აქ კიდევ ხშირად და ბევრნი დავდგებით. მივალთ ყველგან, სადაც იქნება საჭირო და ყოველთვის გავახსენებთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ დაგვავიწყდა და არც დაგვავიწყდება 20 ივნისი.

მსგავსი/Related

Back to top button