Placeholder canvas
ინტერვიუმოსაზრება

ექსპერტები აფასებენ მამისონსა და როკზე რუსეთის სამხედრო წვრთნებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 18 ივლისს ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებული რუსეთის 58-ე არმიის მიერ მამისონის უღელტეხილისა და როკის გვირაბის მიმდებარედ სამხედრო წვრთნებზე გაავრცელა ინფორმაცია.

ამ პერიოდში, ტრადიციულად, საქართველოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit“ იმართება ხოლმე.

Civil.ge-მ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე პრაქტიკოსებსა და მკვლევრებს სთხოვა, რუსული წვრთნების შესაძლო მიზნების შესახებ გამოეთქვათ მოსაზრებები.

თინა ხიდაშელი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, კავკასიის უნივერსიტეტისა და GIPA-ს ლექტორი

ყველა წვრთნა ინდივიდუალური სცენარით ტარდება და კონკრეტულ გარემოებებზეა გათვლილი. ჩვენ ამ მსჯელობაში [თუ რა მიზანს ემსახურება ეს კონკრეტული წვრთნა] არ უნდა შევიდეთ. რუსეთს შეუძლია თავის ტერიტორიაზე რა წვრთნაც უნდა, ის ჩაატაროს. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ [იგი] წვრთნებს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ატარებს.

მისი შეიარაღებული ძალები და ტექნიკა მეორე სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილდება. დიახ, [წვრთნების] დრო შერჩეულია ყოველთვის მიზანმიმართულად და ხან უშუალოდ ნატოს წვრთნებს უსწრებს და ხან მოსდევს. რუსეთი კუნთებს ათამაშებს და ამით საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ეფექტური, ქმედითი ოკუპაციის რეჟიმში იყვნენ  და არა მდუმარედ.

ბათუ ქუთელია – საქართველოს ატლანტიკური საბჭო

რუსული სამხედრო წვრთნები საქართველოში მიმდინარე ნატოს წრთვნების პარალელურად ჩვეულებრივი მოვლენაა. ხშირად ხდება რუსული სამხედრო მობილიზაცია ასევე (განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე) საქართველოში მიმდინარე მგრძნობიარე პოლიტიკური პროცესების დროს – ყველაფერი ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც რუსული ჰიბრიდული ომის სამხედრო კომპონენტი და ფსიქოლოგიური ზეწოლის ინსტრუმენტი.

რუსეთის ერთ-ერთი სტრატეგული ამოცანაა არ დაუშვას საქართველოს ნატოში ინტეგრაცია. დღეს  საერთაშორისო კონტექსის დინამიურად ცვლილების პირობებში ამის შესაძლებლობა რეალურია, ამიტომაც რუსეთი ცდილობს დასავლეთს დაანახოს, რომ „უფრო მეტი ნატო საქართველოში” დესტაბილიზაციას გამოიწვევს და პარალელურად, ცდილობს შესთავაზოს [მას] ე.წ. „გავლენის სფეროების“ გაყოფა.

რეალურად, ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს – ნათელია, რომ რეგიონში მთავარი დესტაბილიზაციის წყარო რუსეთი და მისი აგრესიული რევიზიონიზმია. შესაბამისად, რუსეთის შესაკავებლად, პოლიტიკური ბერკეტების გარდა, საჭიროა ძლიერი სამხედრო ინსტრუმენტები.  დემოკრატიული სამყაროს სასარგებლოდ სამხედრო ბალანსი მშვიდობის მნიშვნელოვანი გარანტია. ამ კონტექსტში, საქართველოს ნატოში გაწევრიანება მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოს უსაფრთხოებისთვის, არამედ – ევროპული უსაფრთხოებისთვისაც.

შოთა უტიაშვილი – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელი

საერთოდ, ივლისი არის ჩრდილო კავკასიაში სამხედრო წვრთნების სეზონი, ფაქტობრივად ყოველ ზაფხულს ტარდება, მაგრამ უჩვეულო არის ორი რამ: ერთი არის მასშტაბი, როგორც თვითონ ამბობენ 1500 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 6 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს, მეორე, ის, რომ არის საქართველოს საზღვართან სიახლოვეს.

ამიტომ, ცხადია, რომ ერთ-ერთი მიზანი არის ზეწოლა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე.  წვრთნების ჩატარება საზღვრის სიახლოვეს, ჩვეულებრივ, არის სამხედრო მუქარის შემცველი.

საფრთხის შემცველი არ არის, ამას არაფერი არ მოჰყვება, მაგრამ რაც არის, ეს არის სამხედრო მუქარა და იყენებენ მაშინ, როცა იციან, რომ შეეშინდებათ და საქართველოს ხელისუფლებამ გამოამჟღავნა შიში და უთავმოყვარეობა ბოლო მოვლენების დროს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button