ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ვაზაგაშვილის ოჯახისთვის 50 000 ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ 18 ივლისს დაადგინა, რომ საქართველომ ციალა შანავას, 2006 წელს საპოლიციო ოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის დედას, „არამატერიალური ზიანის“ ასანაზღაურებლად 50 000 ევრო უნდა გადაუხადოს.

თბილისში 2006 წლის მაისში მომხდარი ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე, რა დროსაც ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს, 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი იქნა დაკავებული. ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომელიც ევროპის სასამართლოში ერთ-ერთი მოსარჩელე იყო, 2015 წლის იანვარში შვილის საფლავზე ააფეთქეს. ერთი თვის თავზე, საფლავზე ხელყუმბარის დამონტაჟებაში ბრალდებული პოლიციელი დააკავეს.

სტრასბურგის სასამართლოს პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) საქმეზე, რომელიც „ეხებოდა მოსარჩელის ვაჟის მოკვლას საპოლიციო ოპერაციის დროს და სარჩელს ეფექტური გამოძიების არარსებობის თაობაზე“.

სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი გამოძიება მკვლელობის საქმეზე ხარვეზიანი იყო, ვინაიდან ის მკვლელობაში მონაწილე პოლიციელებმა აწარმოეს, ხოლო მეორე გამოძიება დანაშაულიდან რამდენიმე წელიწადში განხორციელდა და „გარკვეულწილად თავად პირველი მოსარჩელის [იური ვაზაგაშვილის] მიერ ჩატარებული საგამოძიებლო სამუშაოს საფუძველზე განხორციელდა“.

სასამართლოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ პირველი მოსარჩელის მცდელობა, რომ პოლიციის დანაშაული და კორუფცია ემხილებინა საბოლოო ჯამში პოლიციელის მიერ მისი მკვლელობით დასრულდა, რამაც ხაზი გაუსვა ხელისუფლების ძალისხმევის ნაკლებობას თავდაპირველი მკვლელობის საქმეზე დამნაშავეები გამოევლინა.

ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში ჩაცხრილეს, მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა კი დაიჭრა.

მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ „ყაჩაღური ჯგუფის“ წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ამ ვერსიას ვაზაგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა უნდობლობა გამოუცხადეს და „დამნაშავე“ პოლიციელთა დასჯას მოითხოვდნენ.

2007 წლის აპრილში ხელისუფლებამ გამოძიება დახურა პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ბრალდებებზე. იმევა წელს, ვაზაგაშვილის ოჯახმა საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღო.

საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო და ის გახსნილად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომელიც თითქმის ცხრა წელი იბრძოდა სიმართლის დასადგენად, 2015 წლის 20 იანვარს მისი შვილის საფლავზე ააფეთქეს.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იური ვაზაგაშვილი ხელისუფლებას გამოძიებაში პროგრესის ნაკლებობის გამო აკრიტიკებდა. მან შსს-ის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ასევე დაადანაშაულა „კორტების სპეცოპერაციაში“ მონაწილე იმ პირების მფარველობაში, რომლებიც კვლავ სამინისტროს უწყებაში მუშაობდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button