Placeholder canvas
ახალი ამბები

ლავროვი საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ: სანქციები შესაძლოა მოიხსნას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 17 ივლისს განაცხადა, რომ მოსკოვი ელის, რომ თბილისი მალე გააცნობიერებს იმ ზიანს და საფრთხეს, რასაც „ანტირუსული ისტერია“ იწვევს.

რუსულ გაზეთთან „არგუმენტები და ფაქტები“ ინტერვიუში ლავროვმა თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, რაც 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის სტუმრობას მოჰყვა.

ლავროვის თქმით, მთავრობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა „საქართველოს შიდა საქმეა“ და მოსკოვი „ჩარევას არ აპირებს“. „თუმცა, არ შეიძლება არ შეგვაშფოთოს საქართველოს პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი წარმომადგენლის მცდელობებმა, რომ რუსოფობიური განწყობები გაამწვავონ და ჩვენი ხალხები წააჩხუბონ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ასეთი პოლიტიკოსები „ნაკლებად ფიქრობენ იმ ზიანზე, რასაც ისინი თავისი ქმედებებით საკუთარ ქვეყანას, ასევე საკუთარი ხალხის კეთილდღეობას აყენებენ, რაც დიდწილად რუსეთთან ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების ხარისხზეა დამოკიდებული“.

ლავროვი მიესალმა საქართველოს ლიდერებს იმის გამო, რომ მათ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ქმედება დაგმეს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს გადაცემა „პოსტკრიპტუმში“ აგინა.

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოახერხებენ სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაციას ქვეყანაში და აღკვეთენ უსაფრთხოების კუთხით რუსეთის მოქალაქეების წინაშე არსებულ საფრთხეებს“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება საქართველოს წინააღმდეგ შემოღებული სანქციების, მათ შორის, ფრენებზე აკრძალვის მოხსნა. „გვინდა, რომ ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ რუსეთის და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი არ მიიჩნევს რუსეთს მტრად და რომ „სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, როგორ ეჯიბრება ზოგიერთი პოლიტიკოსი ერთმანეთს ანტირუსულ რიტორიკაში საკუთარი ვიწრო მიზნების მისაღწევად“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება და ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები აღდგება“, – დასძინა ლავროვმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ლავროვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „საქართველოში სრულად არის უზრუნველყოფილი უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება“ და რომ „ურთიერთობების ჩიხიდან გამოსაყვანად, რომელშიც 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ აღმოვჩნდით, აუცილებელია დეოკუპაციის პროცესის დაწყება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია იმ გარკვეული პროგრესის შენარჩუნება, რაც მიღწეულია სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით“.

„აღნიშნული შედეგების შენარჩუნების მიზნით, უნდა მოხდეს შექმნილი დაძაბულობის მოხსნა და დეესკალაცია“, – დასძინა მან.

  • 20 ივნისს საზოგადოების მასშტაბური პროტესტი საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მის საქართველოს პარლამენტში სტუმრობას მოჰყვა. მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომის მონაწილეებს გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა.
  • რამდენიმე ათასი ადამიანი პარლამენტის წინ შეიკრიბა და საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან კოლაბორაციონისტული პოლიტიკა გააპროტესტა. მომიტინგეები პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ.
  • აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად 240 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ 20-21 ივნისის ღამეს აქციის 305 მონაწილე დააკავა.
  • საზოგადოების პროტესტის ფონზე თანამდებობა მალევე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი დეპუტატის მანდატის დატოვების მზადყოფნა გამოთქვა. ქუცნაშვილი სწორედ იმ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, რასაც თბილისსა და რეგიონებში ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. თუმცა თანამდებობაზე რჩება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომლის გადადგომის მოთხოვნით 20 ივნისს დაწყებული აქციები პარლამენტის წინ ამ დრომდე ყოველ საღამოს იმართება.
https://civil.ge/ka/archives/312742

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button