Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ფრანგული გაზეთი საფრანგეთის მთავრობას საქართველოს აღიარებისაკენ მოუწოდებს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 23 ივლისი, N161

ფრანგულ გაზეთ „საპარლამენტო მიმოხილვაში“ მოთავსებულია ემილ კარტერონის წერილი საქართველოს შესახებ შემდეგი სათაურით „ათასი წლის სახელმწიფო“. ავტორი აღნიშნავს რა საქართველოს წარსულის ისტორიას ქართულ ცივილიზაციის დაწყებიდან დღევანდლამდე, აკეთებს მიმოხილვას იმ მთავარ რეფორმებისა, რომელიც უკვე განხორციელებულია ახალგაზრდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, აგრეთვე იხილავს საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს და ასე ათავებს თავის წერილს:

„1918 წლის 26 მაისიდან დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც აგრე რიგად საინტერესო, მდიდარი და აყვავებულია, ჯერ-ჯერობით არ უცვნია საფრანგეთს. ის არ მოითხოვს იმ საზღვრების დაბრუნებას, რომელიც ერთ დროს აღწევდა მდინარე ევფრატის და ტალისის სათავემდე. საქართველო უარს აცხადებს იმ ტერიტორიაზე, რომელიც მას ეკუთვნოდა რუსეთთან შეერთებამდე 1801 წლამდე, მაგრამ რომელნიც ესაჭიროება მის მეზობლებს. ის მოითხოვს მხოლოდ იმ ოლქების დაბრუნებას, რომლებსაც ოსმალეთი ფლობდა და შემდეგ რუსეთს დაუბრუნდა 1829 წლის ანდრიანოპოლის ხელშეკრულებისა და 1879 წლის ბერლინის ტრაქტატის ძალით. საქართველო შეიერთებს ოსმალეთის ლაზისტანს და ჭოროხის ხეობის ზემო ნაწილს, რომელიც დასახლებულია უმთავრესათ ქართველებით. ამგვარად საქართველოს რესპუბლიკაში მოექცევა თფილისის და ქუთაისის გუბერნიები, სოხუმის, ზაქათალის და ბათუმის ოლქები, ოლთისის და არდაგანის მაზრები, ნაწილი შავი ზღვის პირის და ტრაპიზონდის ვილაეთისა. საფრანგეთი მოვალეა სთქვას, რომ იგი დაეხმარება ამ გულად ხალხს, რომელიც განიცდის აღორძინების ხანას, მსგავსად საფრანგეთის 1789 წლის აღორძინებისა. საფრანგეთმა თავის თავს უნდა უპასუხოს – ეთანხმება თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერესები კავკასიის ინტერესებს და ახლავე უნდა გადასწყდეს დაკეტილი იქნება თუ ღია საფრანგეთისთვის აზიის კარები?“.

მსგავსი/Related

Back to top button