ევროპამთავარი თემა

ევროკომისიის პირველი პრეზიდენტი ქალი: ვინაა ურსულა ფონ დერ ლაიენი?

პირველად ისტორიაში, ევროკომისიას ქალი პრეზიდენტი – 60 წლის გერმანელი ქრისტიან -დემოკრატი პოლიტიკოსი ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს, რომელმაც ევროპარლამენტში პრეზიდენტად არჩევისათვის საჭირო ხმათა უმრავლესობის (383) დაგროვება შეძლო. ლაიენი ამ პოსტზე ოფიციალურად 1 ნოემბერს ლუქსემბურგელ ჟან-კლოდ იუნკერს ჩაანაცვლებს.

ბრიუსელში დაბადებული ლაიენი – სამ ენაზე აღზრდილი, 7 შვილის დედა, სამი პროფესიის მქონე (ლაიენი მედიცინის დოქტორიცაა) – ევროკომისიას მომდევნო 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ურსულა მეორე გერმანელია, რომელმაც ევროკავშირის ეს ძალზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ჩაიბარა. პირველი ვალტერ ჰალშტაინი გახლდათ, რომელიც დაახლოებით 60 წლის წინ ხელმძღვანელობდა ევროკომისიას (1958-1967), მაშინ, როცა ევროკავშირს ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა ერქვა (European Economic Community).

ფარული კენჭისყრა ევროპარლამენტში

ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროპულმა საბჭომ მას შემდეგ წამოაყენა, რაც  ვიშეგრადის წევრმა ქვეყნებმა – პოლონეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა მხარი არ დაუჭირეს ჰოლანდიელი სოციალ-დემოკრატის, ფრანს ტიმერმანსის (Frans Timmermans) კანდიდატურას. პოლონეთის ნაციონალ-კონსერვატიული მთავრობა მუდმივად განიცდიდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ტიმერმანსის კრიტიკას სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით. სწორედ ამიტომაც იყო, რომ ვარშავამ ტიმერმანსის კანდიდატურა ჩააგდო. ვარშავას მხარი ვიშეგრადელმა პარტნიორებმაც აუბეს პრაღიდან, ბუდაპეშტიდან და ბრატისლავიდან.

ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ევროპარლამენტის მხარდაჭერა სჭირდებოდა პოსტის საბოლოოდ დასაუფლებლად. კენჭისყრა ფარული იყო, მიუხედავად ამ ფარულობისა, დაახლოებით ცნობილია, თუ ვინ მისცა ხმა ფონ დერ ლაიენს და ვინ წავიდა მის წინააღმდეგ. ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ ხმის მიმცემთა შორის განიხილებიან ძირითადად ანტიევროპული იდეოლოგიის პარტიები, მათ შორის იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის პარტიის „ლეგა ნორდის“ წევრები, ასევე – კონსერვატორები.

ამასთან, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრმა ლაიენმა, ევროპარლამენტარი სოციალ-დემოკრატების მხოლოდ ნაწილისგან მიიღო მხარდაჭერა. მაგალითად, წინარე დისკუსიების დროს მის მხარდაჭრას გამოხატავდნენ ესპანელი, იტალიელი, პორტუგალიელი ბრიტანელი, რუმინელი და პოლონელი სოციალ-დემოკრატები, მაშინ როცა მის წინააღმდეგ პოზიციონირებდნენ გერმანელი, ავსტრიელი, ჰოლანდიელი, უნგრელი და ბერძენი სოციალ-დემოკრატები.

ლაიენის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი მწვანეებიც, რომელთათვისაც ლაიენის პროგრამას კონკრეტიკა აკლდა. ფონ დერ ლაიენის კანდიდატურამ ვერც ევროპარლამენტის მემარცხენეები მოხიბლა.

რა გეგმები აქვს ახალ პრეზიდენტს?

ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამარჯვების შემდეგ პირველ სიტყვაში მიმართა იმ ადამიანებს, რომელთაც ევროპის და ევროკავშირის გაძლიერება ან დასუსტება აქვს განზრახული. მისი თქმით, ევროპის გაძლიერების მიზნის მქონეთ, შეუძლიათ მათ თანამებრძოლად ჩათვალონ იგი და დაამატა, ვისაც ევროპის დასუსტება სურთ, მისი სახით ძალიან დიდი მოწინააღმდეგე შეიძინეს.

ლაიენმა ასევე მიმართა კოლეგებს, რომელთაც მას კენჭისყრისას მხარი არ დაუჭირეს და თანამშრომლობისკენ მოუწოდა მათ. ამ თანამშრომლობის მთავარი მიზანი კი ერთიანი და ძლიერი ევროპააო, განაცხადა მან. ისიც დაამატა, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და დაძაბული ორი კვირა გავიარე და ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მიზანს, რომლისთვისაც ევროპასთან ერთად ვიბრძოდი, მივაღწიეო.

ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან რამდენიმე ძირითადი საკითხი დაასახელა, რომელთა მიმართულებითაც მომდევნო 5 წლის განმავლობაში გაცხოველებულად იმუშავებს, მათ შორის: გლობალური კლიმატის ცვლილება, დიგიტალიზაცია, და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის, ასევე დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება. მისი თქმით, 2050 წლისთვის ევროპა პირველი კლიმატ-ნეიტრალური კონტინენტი უნდა გახდეს.

მანვე განაცხადა, რომ არანაირ კომპრომისზე არ წავა ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც გახლავთ უნგრეთი და პოლონეთი, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს, მათ შორის დემოკრატიას ხშირად ფეხქვეშ თელავენო. ისიც დაამატა, ყველანაირად ვეცდები ევროპაში პროევროპული პარტიებისა და იდეების გაძლიერებას ხელი შევუწყოო.

ვინ არის ურსულა ფონ დერ ლაიენი?

ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრიუსელში დაიბადა და აღიზარდა. სწავლობდა არქეოლოგიის, ასევე მედიცინის, ეკონიმიკისა და პოლიტიკის მიმართულებით ჰანოვერის, სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში. პოლიტიკის გარდა აქვს სამედიცინო გამოცდილებაც – იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ექიმად, ასევე მეცნიერ-თანამშრომლად მედიცინის მიმართულებით. აქვს მედიცინის დოქტორის ხარისხი.

მისი პოლიტიკისადმი სწრაფვა სამ ათეულ წელს ითვლის. 1990 წლიდან ფონ დერ ლაიენი გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრია, ხოლო 2001 წლიდან დაიწყო მისი სერიოზული პოლიტიკური კარიერა, როდესაც პატარა ქალაქ ზენდეს (Sehnde) მმართველთა საბჭოში აირჩიეს და ამავე ქალაქის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელი გახდა. ამის შემდეგ იკავებდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობებს ნიდერზაქსენის მხარეში (Niedersachsen).

2005-2009 წლებში ფონ დერ ლაიენი გახლდათ გერმანიის ოჯახის, ქალთა, ახალგაზრდათა და მოხუცთა საკითხების მინისტრი (Familienminister) კანცლერ ანგელა მერკელის მინისტრთა კაბინეტში. 2009-2013 წლებში ისევ ანგელა მერკელის კაბინეტის წევრი იყო და შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრო (Arbeitsministerium) ჩაიბარა. 2013 წლიდან დღემდე კი გერმანიის თავდაცვის მინისტრის (Verteidigungsminister) პოსტს იკავებდა.

ევროკომისიის არჩევნების წინა დღეს პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა და თქვა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არჩევნები როგორ დასრულდება, მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ თხოვნით მივმართე პრეზიდენტსო.

ურსულა ფონ დერ ლაიენი 1986 წლიდან დაქორწინებულია მედიცინის პროფესორზე, ქიმიკოს ჰეიკო ფონ დერ ლაიენზე. წყვილს 7 შვილი ჰყავს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის მეუღლე და შვილები მისი თავდაცვის მინისტრად წარდგინებაზე, 2013 წელს. ფოტო: picture Alliance/dpa

ფონ დერ ლაიენის არჩევაზე საერთაშორისო გამოხმაურება

არჩევის შემდეგ ევროკომისიის ახალმა პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ძალიან დაფასებულად და მადლიერად გრძნობს თავს.

მის არჩევას საერთაშორისო გამოხმაურებაც მალე მოჰყვა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, დარწმუნებული ვარ ის ყველა იმ დაბრკოლების აღმოფხვრას შეძლებს, რის წინაშეც ახლა ევროკავშირი დგასო. მართალია მე დღეს ვკარგავ მრავალი წლის გამოცდილების მქონე მინისტრს გერმანულ მთავრობაში, მაგრამ სამაგიეროდ, ვიძენ ახალ საიმედო პარტნიორს ბრიუსელში და ამიტომაც, წინასწარ მიხარია ჩვენი ერთობლივი მუშაობაო.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ გერმანიის მთავრობაში ლაიენი მერკელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იდეოლოგიური თანამებრძოლი გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მისი თავდაცვის მინისტრობის დროინდელი პოლიტიკიკური კურსით და კონკრეტული პროექტებით, ლაიენი გერმანულ პოლიტიკაში მაინც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად რჩებოდა.

ფონ დერ ლაიენს გამარჯვება მიულოცა გერმანიის პრეზიდენტმაც, შტაინმაიერის თქმით, ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი დიდი გამოწვევების წინაშე დგას – მაგალითად დაასახელა კლიმატის ცვლილებები და მიგრანტთა კრიზისი – მაგრამ ის დარწუნებულია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი შეძლებს ევროკავშირისათვის ხალხში დაკარგული ნდობის მოპოვებას.

ჟან-კლოდ იუნკერმა, ევროკომისიის წარმავალმა პრეზიდენტმა, მას აღნიშნული წარმატება Twitter-ზე სამენოვანი პოსტით მიულოცა და შემდეგი სიტყვებით მიმართა:  „როგორც იქნა, ევროკომისიას ქალი პრეზიდენტი ჰყავს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენ ძალიან კარგი პრეზიდენტი იქნები! კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში – ევროკავშირში!“

ურსულა ფონ დერ ლაიენი მილოცვას იღებს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან, სილვიო ბერლუსკონისგან. ფოტო Fokus.de

რა ფუნქცია აქვს ევროკომისიას?

ევროკომისია ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და აღმასრულებელი ორგანოა. ევროკომისიის მთავარი მოვალეობაა კანონპროექტების მომზადება და ევროკავშირის ინსტიტუტებისა და მათ მიერ გატარებული პოლიტიკის, ასევე ფინანსური რესურსების გადანაწილების კონტროლი.

ევროკომისიის ხელმძღვანელი არის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და პირველი პირი, რომელიც 5 წლის ვადით ინიშნება წევრი სახელმწიფოების მთავრობათა თანხმობით, რომელსაც პოსტის დასაკავებლად ევროპარლამენტის მხარდაჭერაც სჭირდება.

მომდევნო 5 წლის განმავლობაში ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ინსტიტუციაში დასაქმებული დაახლოებით 30 000 ადამიანის ხელმძღვანელი იქნება და მათთან ერთად გადაწყვეტს 500 მილიონიანი ევროპის ბედს. 

მსგავსი/Related

Back to top button