Placeholder canvas
ახალი ამბები

20-21 ივნისს უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, შსს-ს ერთი თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დააკავეს.

პროკურატურის მიერ 15 ივლისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 21 ივნისს გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე შსს-ს აღნიშნულმა თანამშრომელმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე ფიზიკურად იძალადა.

საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს და სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დარბევის დროს, ცალკეული სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება 24 ივნისს დაიწყო.

იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინსიტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აქციის დაშლის დროს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო და სამსახურებრივი უფლებამოსილება აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილე 10 სამართალდამცველს შეუჩერა.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button