ანალიზი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო – მითები და გამოწვევები საქართველოს კონტექსტში

მოცემული სტატია მიმოხილვითი და საცნობარო ხასიათისაა. თქვენთვის საინტერესო ქვეთავის მოსაძებნად, დააწკაპუნეთ მარცხნივ, მენიუზე.

შინაარსი

შესავალი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (შემდგომში ,,სასამართლო” ან ICC) საქართველოს საკითხზე მიმდინარე გამოძიების შესახებ პოლიტიკურ წრეებში განსხვავებული მოსაზრებები და პროგნოზები ვრცელდება. საკითხისადმი ზედაპირული დამოკიდებულების გამო პოლიტიკოსები ხშირად აიგივებენ საომარი მოქმედებების დაწყებისა თუ სამხედრო ოკუპაციის გამო სახელმწიფოთა პასუხისმგებლობისა და საერთაშორისო დონეზე ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებს. პოლიტიკოსთა ერთი ნაწილისთვის ICC მხოლოდ რუსეთის ფედერაციის საწინააღმდეგო ინსტრუმენტად აღიქმება, ხოლო პოლიტიკოსთა მეორე ნაწილი საერთაშორისო ტრიბუნალზე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების წარდგენის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს. თუმცა, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს არცოდნის გამო ქართული პოლიტიკური სპექტრი ნაკლებ ყურადღებას უთმობს ICC-ში მიმდინარე გამოძიების საქართველოსთვის არასასურველი მიმართულებით განვითარების პერსპექტივებს. შესაბამისად, საინტერესოა, თუ როგორია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ფარგლები და რა გამოწვევები დგას საქართველოს წინაშე აღნიშნული მიმართულებით.

რა ფუნქცია აკისრია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს?

სასამართლო არის პირველი მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალი, რომლის კომპეტენციაშიც შედის მხოლოდ ფიზიკური პირების ინდივიდუალური სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის განხილვა. სასამართლოს სადამფუძნებლო დოკუმენტია საერთაშორისო ხელშეკრულება – 1998 წლის რომის სტატუტი, რომელიც ძალაში შევიდა 2002 წელს. 2019 წლის მდომარეობით რომის სტატუტი რატიფიცირებულია 123 სახელმწიფოს მიერ.  

რა დანაშაულებზე ვრცელდება სასამართლოს იურისდიქცია?

რომის სტატუტის მიხედვით სასამართლოს განსჯად დანაშაულებში შედის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ყველაზე მძიმე დანაშაულად აღიარებული ოთხი დანაშაული: გენოციდი, ომის დანაშაულები, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და 2018 წლიდან სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ ასევე მოექცა აგრესიის დანაშაული.

საქართველომ რომის სტატუტის რატიფიკაცია მოახდინა 2003 წლის 5 სექტემბერს. შესაბამისად, სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს მოქალაქეების მიერ 2003 წლის 5 სექტემბრის შემდგომ ჩადენილ დანაშაულებზე.

რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით დაინტერესდა სასამართლო 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტით?

რომის სტატუტის მე-15 მუხლი სასამართლოს პროკურორს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით (proprio motu) დაიწყოს წინასწარი მოკვლევა სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შესახებ. საქართველოს საკითხზე პროკურორმა საკუთარი ინიციატივით წინასწარი მოკვლევა დაიწყო 2008 წლის 14 აგვისტოს. 2015 წლის 13 ოქტომბერს მან მიმართა I წინასასამართლო პალატას გამოძიების დაწყების ავტორიზაციის (ნებართვის) თხოვნით. კერძოდ, აღნიშნულ ეტაპზე პროკურორს უნდა გამოეკვეთა გონივრული საფუძველი იმისთვის, რომ ერწმუნა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რომის სტატუტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

სავარაუდო დანაშაულების ჩადენის დრო და გეოგრაფიული არეალი

პროკურორის მიერ გაკეთებულ ავტორიზაციის მოთხოვნაში სავარაუდო დანაშაულების ჩადენის დროდ მითითებულია 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთი. ხოლო დანაშაულების ჩადენის ადგილად განსაზღვრულია საქართველო, უფრო კონკრეტულად კი სამხრეთ ოსეთი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 27 იანვარის გადაწყვეტილებით სასამართლოს I წინასასამართლო პალატამ დააკმაყოფილა პროკურორის თხოვნა დაეწყო გამოძიება საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ სამხრეთ ოსეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულებისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შესახებ. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ შესაბამისი ადგილმდებარეობის აღნიშვნის მიზნით არ არის გამოყენებული ტერმინები ,,ცხინვალის რეგიონი“ ან ,,სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი“, თუმცა გადაწყვეტილებაში მკაფიოდ არის აღიარებული, რომ სამხრეთ ოსეთი მიჩნეულია საქართველოს ტერიტორიად და არ განიხილება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. შესაბამისად, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური გადმოსახედიდან რელევანტური არ არის სასამართლოს მიერ გამოყენებული ტერმინოლოგიის რაიმე ფორმით ასოცირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო მისწრაფებების გაღვივებასთან.

რომელი ქვეყნის მოქალაქეები შეიძლება გასამართლდნენ ICC-ის მიერ?

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც სასამართლოს წესდებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ინტერესის სფეროში ხვდებიან რუსეთის ფედერაციის სამხედროები, საქართველოს სამხედროები და სამხრეთ ოსეთის ძალები. როგორც წესი, სასამართლოს ინტერესის ქვეშ ექცევიან მთავარი სამხედრო თუ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შესაბამის საერთაშორისო დანაშაულებზე და არა რიგითი ჯარისკაცები, რომელთა ეროვნულ დონეზე გასამართლებაც შესაძლოა უფრო მარტივ ამოცანას წარმოადგენდეს.

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, რომის სტატუტის პირველი მუხლის მიხედვით სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე. სასამართლოში არ დგება სახელმწიფოთა პასუხისმგებლობის საკითხი. შესაბამისად, სამართლებრივად შეუძლებელია საუბარი რუსეთის ფედერაციის ან საქართველოს პასუხისმგებლობაზე. თუმცა პოლიტიკური და დიპლომატიური კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანია თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები წარსდგებიან საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე, რადგან რუსეთის მოქალაქეების მსჯავრდება ხელს შეუწყობს არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, ხოლო საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობის დაყენების შემთხვევაში კიდევ უფრო გაძლიერდება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების სეცესიონისტური მისწრაფებები.

რა სახის დანაშაულებზე ვრცელდება სასამართლოს იურისდიქცია საქართველოს კონტექსტში?

საქართველოს კონტექსტში სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება ომის დანაშაულებსა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე.

ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ძირითადად გამოხატული იყო ეთნიკურად ქართველი სამოქალაქო პირების მკვლელობაში, მოსახლეობის იძულებით გადაადგილებასა და დევნაში.

ომის დანაშაულები გამოხატული იყო სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმაში, განზრახ მკვლელობაში, სამშვიდობო ძალების წინააღმდეგ განზრახ მიმართულ თავდასხმებში, ქონების განადგურებასა და ძარცვაში. სავარაუდო ომის დანაშაულების ჩამდენი პირებიდან სასამართლო მოიხსენიებს კონფლიქტის ყველა მონაწილე მხარის ძალებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ პროკურორმა და შემდგომ უკვე წინასასამართლო პალატამ დაადგინა, რომ ეროვნულ დონეზე არ ან ვერ განხორციელდა ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება და კომპლემენტარობის პრინციპის დაცვით საჭირო გახდა საქმის გამოძიება ICC-ის მიერ. ცალკე საკითხია თუ რა ღონისძიებას მიმართა ან არ მიმართა საქართველოს პროკურატურამ სავარაუდო დამნაშავეთა გამოვლენისა და მათი პასუხისგებაში მიცემის კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულ დონეზე ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება საწინდარი იქნებოდა საერთაშორისო დონეზე სამართალწარმოებისთვის სასურველი მიმართულების მისაცემად.

საქართველოს სასარგებლოდ არსებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი შეფასებები და დარჩენილი გამოწვევები

ა) საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის

სამართლებრივად დაიმსხვრა მითი იმის შესახებ, რომ 2008 წლის 8 აგვისტომდე რუსეთის ფედერაცია არ იყო კონფლიქტის მხარე და რომ სახეზე იყო არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოს მთავრობასა და დე ფაქტო ხელისუფლების ძალებს შორის. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ, სულ მცირე, 2008 წლის 7 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში მიმდინარე მოვლენები დააკვალიფიცირა, როგორც საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი, რადგან გამოკვეთა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხრეთ ოსეთის ძალების ზოგადი კონტროლი. კერძოდ, საუბარია 2008 წლის 8 აგვისტომდე (რუსეთის ძალების ღია ინტერვენციამდე) არსებულ დროის მონაკვეთზეც და ხაზგასმულია რუსეთის ხელისუფლების ჩართულობა სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებების ორგანიზების, მათი ქმედებების გეგმების შემუშავებისა და კოორდინაციის საკითხში, რაც საკმარისი საფუძველია საბრძოლო მოქმედებების საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტად კვალიფიკაციისათვის.

ბ) რუსი სამშვიდობოების სტატუსი

საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება იმის დასაბუთება, რომ რუს სამშვიდობოებს, მათზე თავდასხმის განხორციელების მომენტში, უკვე დაკარგული ჰქონდათ დაცული პირის სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველ სამხედროებს შესაძლოა დაეკისროთ პასუხისმგებლობა ომის დანაშაულის ჩადენისთვის.

გ) ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დევნის პოლიტიკა, რომელიც მხარდაჭერილი იყო რუსეთის ფედერაციის ძალების მიერ

ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იძულებით გაძევებისა და დევნის საკითხებზე მსჯელობისას წინასასმართლო პალატამ თავი აარიდა დეტალურ განხილვას იმის შესახებ, თუ რამდენად იყო აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ განხორციელებული თუ სახეზე იყო რუსეთის ფედერაციის არმიის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაც. თუკი სასამართლო განხილვის ეტაპზე არ იქნება საკმარისი მიუკერძოებელი და ობიექტური მტკიცებულება რუსი სამხედროების მხრიდან ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენის პოლიტიკის შემუშავების დასადასტურებლად, მაშინ ალტერნატივის სახით, შეიძლება გონივრული ვარაუდის გამოთქმა, რომ რუსი სამხედროების მხრიდან სახეზე იყო ,,შეგნებული უმოქმედობის პოლიტიკა“ (deliberate failure to take action), რომელიც თავისი არსით წარმოადგენს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კონტექსტუალურ ელემენტს. შეიძლება ითქვას, რომ ეთნიკურად ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში სახეზე იყო არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ შემუშავებული პოლიტიკა, არამედ რუსეთის ფედერაციის მიერ შეგნებული უმოქმედობით მხარდაჭერილი პოლიტიკა. აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, გაადვილებს რუსი სამხედროების ინდივიდუალური სისხლისსმართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთას.

დ) მოსამართლე კოვაჩის დაუსაბუთებელი განსხვავებული მოსაზრება ქართული ძალების მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო გატაცების ფაქტებზე

პირველი წინასასამართლო პალატის მოსამართლე კოვაჩმა, განსხვავებულ მოსაზრებაში, ზედმეტად ფართო ინტერპრეტაცია მისცა წინასასამართლო პალატის როლს და შეიძლება ითქვას, რომ ის ნაწილობრივ პროკურორის კომპეტენციაშიც შეიჭრა. აღნიშნულის მაგალითია მისი მსჯელობა, რომ კონფლიქტის ყველა მხარე შემჩნეული იყო მძევლების აყვანასა და გამოსასყიდის მიღების მიზნით პირების გატაცებაში. მისი არგუმენტი ეფუძნება International Crisis Group-ის მიერ მომზადებულ მოხსენებას, რომელშიც ხაზგასმით არის საუბარი, რომ მძევლების აყვანა გამოსასყიდის მიღების მიზნით სახეზე იყო მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ძალების მხრიდან და საქართველოს პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა მხოლოდ სავარაუდო თვითნებური ან ხანგრძლივი დაკავების ფაქტებს, რასაც ქართული მხარე ხსნის კანონიერი გზების გამოყენებით კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლით. შესაბამისად, მოსამართლე კოვაჩის აღნიშნული მსჯელობა ზედმეტად ზედაპირულია და არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებით.

ე) რუსეთის მხრიდან სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარი

რუსეთის ფედერაცია არ არის ICC-ის წევრი სახელმწიფო. რუსეთმა არათუ რომის სტატუტის რატიფიკაცია არ მოახდინა, არამედ 2016 წელს გაიწვია 16 წლით ადრე სტატუტზე გაკეთებული ხელმოწერაც და ამით ნათელი სიგნალი მისცა სასამართლოს, რომ არც უკრაინის და არც საქართველოს სიტუაციების გარშემო მიმდინარე საკითხებზე არ აპირებს მასთან თანამშრომლობას. შესაბამისად, არის სერიოზული რისკი, რომ სასამართლო დააყენებს როგორც რუსეთის მოქალაქეების (მათ შორის დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ძალების წარმომადგენლების), ისე საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობის საკითხს. ამ დროს რუსეთი ბუნებრივია, რომ უარს იტყვის სასამართლოსთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე ან მისი მოქალაქეების ჰააგაში მდებარე სასამართლოსთვის გადაცემაზე. შესაბამისად, ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გასამართლებული პირები შესაძლოა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ. ამ დროისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე ბევრად აღემატება რუსეთის მოქალაქეებისა თუ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს. თუმცა, სასამართლოს არ გააჩნია პოლიტიკური ზეწოლის ისეთი მექანიზმი, რომლის ძალითაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იქნებიან არა მხოლოდ უვადო ბრალდებულები, არამედ მოხდება მათი სასამართლოსთვის გადაცემა და შესაბამისი მსჯავრდება. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში, ავღანეთის სიტუაციის შესახებ მსჯელობის დროს, სასამართლომ აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტია ისეთ აქტივობებზე (რაშიც მოიაზრება როგორც გამოძიების ქვეშ არსებული სიტუაციები, ისე კონკრეტული საქმეები) გაამახვილოს ყურადღება, რომელთა ბოლომდე მიყვანის შანსებიც რეალურია. შესაბამისად, არის ალბათობა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან საქართველოს საკითხზე მიმდინარე გამოძიების შედეგი იყოს არა მართლმსაჯულების ზეიმი, არამედ დაუსჯელობისა და უთანასწორობის განცდის შემდგომი ტალღის გაღვივება.

ავტორის შესახებ:

ონისიმე ცხომელიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტია; არის თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი; ფლობს სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ედინბურგის უნივერსიტეტიდან და საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხს თსუ-დან.

Back to top button