Placeholder canvas
ახალი ამბები

MDF-მა ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა

ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „მედიის განვითარების ფონდის” (MDF) მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წელს კრემლის პროპაგანდისტულმა კამპანიებმა საქართველოში შეარბილეს პოზიცია ევროკავშირის წინააღმდეგ, რა დროსაც ძირითადად აშშ-ის წინააღმდეგ მიმართულ გზავნილებზე გამახვილდა ყურადღება და განსაკუთრებით გაძლიერდა ნარატივი იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთი საქართველოს იდენტობას საფრთხეს უქმნის. ამ გზავნილების გავრცელების მთავარ საშუალებად ვიზუალური მანიპულაცია იქნა გამოყენებული, განაცხადა MDF-მა 9 ივლისს ანგარიშის წარდგენისას.

მედიის განვითარების ფონდი 2014 წლიდან ანტიდასავლური პროპაგანდის მონიტორინგს ახორციელებს. მათ მეხუთე ყოველწიულ კვლევაში დაკვირვება 18 მედია საშუალებაზე ხორციელდებოდა, მათ შორის სატელევიზიო, ბეჭდურ და ონლაინ მედიაზე. სულ 2392 ანტიდასავლური კომენტარი გამოვლინდა, რაც წინა წლის მონაცემებს 21,6%-ით აღემატება.

ანგარიში მომზადდა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კინწურაშვილის თქმით, 2016-2017 წლებთან შედარებით, 2018 წელს მოიმატა აშშ-ის წინააღმდეგ მიმართულმა გზავნილებმა, ასევე იმ გზავნილებმა, რომლებიც ქართული იდენტობის დაკარგვის საშიშოებრაზე მიუთითებს.

ანტიდასავლური მესიჯბოქსი

ანგარიშის თანახმად, ის პროპაგანდისტული გზავნილები, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს ქართულ იდენტობასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, 2017 წელს არსებული 253 გზავნილიდან 2018 წელს 505 გზავნილამდე გაიზარდა. იდენტობის დაკარგვის შიშებთან დაკავშირებულ გზავნილებში კვლავ დომინირებდა მოსაზრება, რომ დასავლეთი თავს გვახვევს მიუღებელ ღირებულებებს, მათ შორის ჰომოსექსუალობას, გარყვნილი ცხოვრების წესს, ასევე ებრძვის მართლმადიდებლობას და ტრადიციულ ოჯახს/თვითმყოფადობას.

ანგარიშის თანახმად, იდენტობის საკითხები ყველაზე პოპულარული თემები იყო კრემლის დეზინფორმაციისთვის (მთლიანი გზავნილების 24.3%); შემდეგ მოდის წუხილები მიგრანტების შესახებ (19.7%) და ევროინტეგრაციის საკითხი – 10.5%.

ანგარიშის თანახმად, 2018 წელს, წინა წლებთან შედარებით, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული გზავნილების რაოდენობა შემცირდა. ანგარიშის ავტორთა აზრით, ეს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერითა და ვიზალიბერალიზაციის შედეგად გამოწვეული ხელშესახები პოზიტიური შედეგით შეიძლება იყოს განპირობებული.

ანგარიშის თანახმად, კრემლის ინფორმაციული გავლენის აქტივობები დასავლეთის წინააღმდეგ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის როგორც ნეგატიურ ანუ დესტრუქციულ, ასევე ირიბ-დესტრუქციულ სტრატეგიებს იყენებს.

ირიბი დესტრუქციული სტრატეგიის მთავარი გზავნილებია რუსეთის პასუხისმგებლობის უარყოფა საქართველოში განხორციელებულ ქმედებებზე; საქართველოს მიერ ქვეყნის მომავლის ფორმირებაზე პასუხისმგებლობის უარყოფა; საქართველოს სუვერენიტეტის უარყოფა და დემოკრატიის უარყოფა.

მეორე მხრივ, ნეგატიული დესტრუქციული სტრატეგია გულისხმობს რუსეთთან ომის საფრთხეს, ტერიტორიების დაკარგვის საფრთხეს – ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, ბიოდივერსიის საფრთხეს – როგორც ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის შემთხვევაში.

რუსეთის უძლეველობა, საერთო რელიგია – მართლმადიდებლობა, როგორც გამაერთიანებელი და საერთო ისტორიული მეხსიერება პოზიტიურ კონსტრუქციულ სტრატეგიას ქმნის, რომლის მიზანიც საქართველოში რუსეთის პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენაა.

დეზინფორმაციის გამავრცელებლები: მედია, პარტიები და ორგანიზაციები

MDF-ის ანგარიშის თანახმად, პატრიოტთა ალიანსი და ნინო ბურჯანაძის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა ორ მთავარ პარტიად რჩება, რომლებიც ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებენ.

ირიბი დესტრუქციული სტრატეგიის მაგალითად ანგარიშს ნინო ბურჯანაძის სიტყვები მოყავს: „როდემდე უნდა შევწიროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის ინტერესებს, როდემდე უნდა გავუკეთოთ პროვოცირება რუსეთს?“

რაც შეეხება მაუწყებლებს, ყველაზე აქტიურად ანტიდასავლურ ნარატივებს ტელეკომპანია „ობიექტივი“ ავრცელებს. ეს უკანასკნელი თავის თურქოფობიური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური სარედაქციო პოლიტიკითაა ცნობილი. მისი თანადამფუძნებელი პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილია.

ანგარიშის თანახმად, ინტერნეტ გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“, საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“ და გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ასევე ავრცელებენ ანტო-დასავლურ გზავნილებს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და მოძრაობებიდან, ანგარიში გამოყოფს ულტრანაციონალისტურ მოძრაობას „ქართული მარში“ და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრს.

პრომაკოვის ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე 8 ივლისს საქართველოს პარლამენტის წინ ხელისუფლების მხარდამჭერ აქციას უძღვებოდა, ისევე როგორც ბიზნესმენი ლევან ვასაძე და გურამ ფალავანდიშვილი, რომელთა ორგანიზაციებიც – საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI და ბავშვთა უფლებების დამცველთა ორგანიზაცია – ასევე დასახელებულია ანგარიშში, როგორც ანტიდასავლური გზავნილების გამავრცელებელი ორგანიზაციები.

საკვები ფიქრისთვის

კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდა იდენტობის პოლიტიკაზე ფოკუსირებით საქართველოში სულ უფრო იკიდებს ფეხს.

ლიბერალური აკადემია თბილისის და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში „ანტილიბერალური პოპულიზმი და რუსული გავლენის საფრთხე საქართველოს რეგიონებში“ აღნიშნულია, რომ „ლიბერალური დასავლეთი ებრძვის ქართულ მართლმადიდებლურ რწმენას და ტრადიციებს“ ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი მითია, რომელსაც რუსეთი საქართველოში ავრცელებს.

კვლევის თანახმად, კახეთში რესპონდენტების 46% ფიქრობს, რომ აშშ საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს, ევროკავშირზე ასე ამბობს 42%, ხოლო რუსეთზე – 39%. შიდა ქართლში ეს მაჩვენებლი, შესაბამისად, არის 42%, 33% და 33%.

კინწურაშვილის თქმით, კრემლის პროპაგანდას განსხვავებული ნარატივები აქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისთვის. მაგალითად, ანტიდასავლური პროპაგანდა ერთი ტიპის გზავნილებს იყენებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის, რომელიც თურქეთს ესაზღვრება, და სხვა ტიპის გზავნილებს იმ რეგიონებისთვის, რომლებიც ეთნიკური აზერბაიჯანელებით და სომხებითაა დასახლებული.

NDI-ის მიერ 2019 წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ქართველები ძლიერ მხარდაჭერას უცხადებენ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას მიუხედავად იმისა, რომ რუსული და ადგილობრივი წყაროები აცხადებენ, რომ დასავლური ალიანსები საქართველოს კულტურას და ღირებულებებს ზიანს აყენებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button