რესპუბლიკა 100

როგორ ვუპასუხოთ პუტინს? ქართველი პოლიტიკოსის ისტორიული ცნობარი

დავით ხვადაგიანი

დავით ხვადაგიანი

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი

მე-18 საუკუნის ბოლოსკენ  რუსეთის იმპერიამ აქტიური მოქმედებები დაიწყო ამიერკავკასიაში თავისი გავლენის გასავრცელებლად. ქართული სამეფოები და სამთავროები 1801 წლიდან მოყოლებული მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე, ზოგი საკუთარი ნებით დამორჩილდა, ზიგი კი ძალდატანებით მოექცა რუსეთის ბატონობის ქვეშ. რუსეთის იმპერიამ ფორმალურადაც არ დაიცვა ხელშეკრულებები და დაპირებები და ყოფილი სამეფო-სამთავროები იმპერიის უშუალო ტერიტორიულ ნაწილებად აქცია – გუბერნიებისა და ოლქების გამოჭრის პრინციპით.

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე დასავლეთში პერიოდულად იფეთქებდა ხოლმე შეიარაღებული აჯანყებები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ – რიგი მათგანი გლეხთა და უბატონო მოსახლეების სტიქიური ამბოხებები იყო, ახალი ტიპის, უცხო სამხედრო-საპოლიციო რეჟიმის გამოჩენის და მისი ექსპლუატატორული პოლიტიკის გამო, რიგი მათგანი კი ბაგრატიონთა მონარქიის აღდგენის მცდელობები.

1832 წლისათვის ჩავარდა ერთიანი შეთქმულება, იმპერიის ბატონობისაგან თავის დასაღწევად, რომელიც თვისებრივად ახალი ტიპის პროექტი იყო და არ ითვალისწინებდა მხოლოდ ძველი ქართული მონარქიის რესტავრაციას, არამედ უკვე ევროპული სახელმწიფოებრიობის მოდელების გაზიარებაზეც ფიქრობდა.

შემდგომი ათწლეულების განმავლობაში იმპერიამ საქართველოში შეცვალა გასამხედროებული მმართველობის კურსი და რბილი პოლიტიკით შეძლო პრივილეგირებული ფენების საკუთარ სტრუქტურებში ჩაბმა და იმპერიისადმი მათი ლოიალობის გაზრდა.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან რუსეთის იმპერიაში მიმდინარე სოციალურმა და ეკონომიკურმა პროცესებმა მის შიდა პოლიტიკურ სისტემაზეც გარდამტეხი ზეგავლენა მოახდინა; საზოგადოების განახლებასთან, ევროპული ტიპის განათლებით აღჭურვილი ახალი თაობების გამოჩენასთან ერთად, ერთი მხრივ ჩამოყალიბება დაიწყეს თანამედროვე ეროვნულმა იდენტობებმა. გამოიკვეთა მოთხოვნა ახალი პლურალისტური პოლიტიკური ველის, საზოგადოებრივ ჯგუფებზე მორგებულ და მათი ინტერესების გამტარ პოლიტიკურ ორგანიზაციებზე. მანამდე არსებული ხალხოსნური მოძრაობა ახალმა პოლიტიკურმა იდეოლოგიებმა ჩაანაცვლა, რომელთა შორის, საქართველოში იმ დროისთვის ყველაზე პროგრესული, გავლენიანი და მრავალრიცხოვანი სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა იყო. ამან მეფის ხელისუფლება ახალი რეალობის წინაშე დააყენა.

თუმცა ახალი პოლიტიკური პროცესიც არ განვითარებულა სწორხაზოვნად, განსაკუთრებით იმპერიის მიერ დაპყრობილ განაპირა ერებში, სადაც სხვა პარტიებთან ერთად ნაციონალისტური მიმართულების პოლიტიკური ჯგუფებიც გაჩნდა.  სოციალ-დემოკრატიული მოძრაობაც არ შექმნილა ცენტრალიზებულად, მისი “პოლიტიკური რუკა” მეტად ქაოტური იყო და ხშირად ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ევროპული განათლების და გამოცდილების “პოლიტიკურ იმპორტს” წარმოადგენდა, რომლის მოთავედაც საქართველოში, ევროპულ ქვეყნებში განათლებული ახალი პოლიტიკური ლიდერი ნოე ჟორდანია იქცა. იმპერიის ფარგლებში მოქმედი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფები შემდეგ მთელი რუსეთის იმპერიის მაშტაბით გაერთიანდნენ კორდინაციისა და ეფექტური პოლიტიკური ბრძოლის საწარმოებლად „თვითმპყრობელობის“ – ცარიზმის წინააღმდეგ.

პოლიტიკური დუღილის პროცესმა რუსეთის იმპერია 1905 წლის რევოლუციამდე მიიყვანა, მაგრამ რეჟიმის სამხედრო და პოლიტიკურმა მანქანამ, თუმცა გაჭივრებით, მისი ჩახშობა მაინც შეძლო. რევოლუციის მარცხმა და რეაქციამ საბოლოოდ გააფორმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაყოფა “ბოლშევიკებად” და “მენშევიკებად”, თუმცა რუსეთისგან განსხვავებით საქართველოში “მენშევიკები” დარჩნენ აბსოლიტურ უმრავლესობად და “ბოლშევიკები” უმცირესობაში აღმოჩნდნენ. როგორც პროფესორი სტივენ ჯონსი აღნიშნავს, სწორედ სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტია იქცა “ეროვნულ პარტიად”, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ერებისათვის მისაღებ დემოკრატიულ პლატფორმას ჩაუყარა საფუძველი.

1914 წელს დაწყებულმა პირველმა მსოფლიო ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა როგორც კაცობრიობის ისტორია, ისევე ევროპის პოლიტიკური რუკაც, განსაკუთრებით კი მისი აღმოსავლეთ ნაწილი; ომით შერყეული რამდენიმე დიდი იმპერია დაიშალა და ერთა პოლიტიკურ თვითგამორკვევის პროცესს დაედო სათავე. რუსეთის იმპერიამ, რომელმაც შეძლო 1905 წლის რევოლუციის ლიკვიდაცია, ომით თავსდატეხილ კრიზისს ამჯერად ვეღარ გაუძლო და დაშალა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ იმპერატორი ნიკოლოზ მეორე ტახტიდან გადააყენა და დემოკრატიულ პროცესებს დროებითი მთავრობა ჩაუდგა სათავეში, რომლის სამოქმედო გეგმაც რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარება და დემოკრატიული დამფუძნებელი კრების არჩევა იყო, რომელსაც პირველ რიგში ეროვნული საკითხი და რუსეთის დამორჩილებული ერების პოლიტიკური ბედი უნდა გადაეწყვიტა, თუმცა 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკურმა გადატრიალებამ ყველაფერს წერტილი დაუსვა.

საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ, რომელშიც სოციალ-დემოკრატები დომინირებდნენ, არ მიიღო რუსეთში დამყარებული ახალი რეალობა და განვითარების დამოუკიდებელ გზას დაადგა, თუმცა ამიერკავკასიაც მალე ბოლშევიკური გადატრიალებისა და დიქტატურის დამყარების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა, რასაც ხელს უწყობდა ამიერკავკასის ფრონტიდან გამოქცეული მეფის რუსეთის არმიის დანაყოფები, სადაც ბოლშევიკებს დიდი გავლენა და არალეგალური მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ ქართველი სოციალ-დემოკრატების მიერ ორგანიზებულმა წითელმა გვარდიამ, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სახალხო გვარდიად იქცა, შეძლო 1917 წლის 12 დეკემბერს თბილისის არსენალის აღება და სამხედრო რესურსების ხელში ჩაგდება, რამაც ბოლშევიკურ გეგმებს წერტილი დაუსვა. ამიერკავკასიის მთლიანობის წარუმატებელმა მცდელობამ, რასაც სომხეთის და აზერბაიჯანის მოუგვარებელი დაპირისპირება ამძაფრებდა, ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობას საფუძველი გამოაცალა და გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერით ზურგგამაგრებულმა საქართველომ 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 

26 მაისმა საქართველოს ერთიან, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და თანამედროვე სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი.

ახლადშექმნილი საქართველოს სახელმწიფო დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, როგორც საგარეო პოლიტიკის მხრივ, რაც მისი მფარველი გერმანიის მსოფლიო ომში დამარცხებით, ასევე საშინაო თვალსაზრისით, რაც ბოლშევიკების აქტიურობის შედეგად იყო განპირობებული, რომლებიც საბჭოთა რუსეთიდან ფინანსდებოდნენ და იღებდნენ დირექტივებს. ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ამიერკავკასიის ფედერაციის პირობებში ბოლშევიკებმა აჯანყებების სერია მოაწყვეს საქართველოს სხვადასხვა მხარეებში; კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, იმერეთში, სამეგრელოში, ლეჩხუმში, ე.წ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიის – „თერგის საბჭოთა რესპუბლიკის“ მთავარი ქალაქიდან ვლადიკავკაზიდან იმართებოდა და მასში ქართველი ბოლშევიკებიც, ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორი, ფილიპე მახარაძე და სხვები მონაწილეობდნენ, რომელთა მიზანი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება და საბჭოთა რუსეთისთვის მიერთება იყო.

თუმცა 1918 წლის განმავლობაში ამიერკავკასიის და საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ბოლშევიკური აჯანყებების ჩახშობა წარმატებით შეძლო. სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა 1919 წლის დასაწყისში როდესაც „მოხალისეთა არმიამ“ რუსეთის სამოქალაქო ომში წარმატებას მიაღწია, ჩრდილოეთ კავკასია დაიკავა და იქედან ბოლშევიკები განდევნა, რადგან მოხალისეებს საქართველოს მოსახლეობაში შედარებით სუსტი დასაყრდენი ჰქონდათ, მათ ვერ შეძლეს შიდა აჯანყებების თავს მოხვევა და პირდაპირი სამხედრო აგრესიით სცადეს საქართველოს ოკუპაცია, თუმცა ქართულმა ჯარმა და სახალხო გვარდიამ შეძლო მათი შეჩერება. ასევე უშედეგოდ დამთავრდა მოხალისეთა არმიის მცდელობა ბათუმის ოლიქი მიეთვისებინათ, რომელსაც მაშინ ბრიტანელები აკონტროლებდნენ და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგობის შედეგად, მოხალისეთა არმიამ ვერ შეძლო მათთვის სასურველი შედეგის მიღწევა.

1920 წლის დასაწყისიდან რუსეთის სამოქალაქო ომში სიტუაცია ისევ რადიკალურად შეიცვალა – ამჯერად ბოლშევიკების სასარგებლოდ. მათ მარტში მთლიანად გაწმინდეს ჩრდილოეთ კავკასია მოხალისეთა არმიისგან და მალევე სამხრეთ კავკასიაში ინტერვენცია დაიწყეს. 1920 წლის აპრილის ბოლოს წითელი არმია დამოუკიდებელ, დემოკრატიულ აზერბაიჯანში შეიჭრა და 30 აპრილს მისი დედაქალაქი ბაქო დაიკავა, რასაც მალევე აზერბაიჯანის სრული ოკუპაცია მოყვა. საბჭოთა რუსეთი არ დაკმაყოფილებულა აზერბაიჯანის ოკუპაციით და მაისის დასაწყისში საქართველოში სცადა შემოჭრა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება კარგად იყო ინფორმირებული, მომზადებული დახვდა თავდასხმას და საბჭოთა რუსული არმიის სასაზღვრო ბრძოლაში მოგერიება შეძლო.

საბჭოთა რუსეთმა უკან დაიხია და საქართველოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას დათანხმდა, რომელსაც ხელი 1920 წლის 7 მაისს მოეწერა, რისი ძალითაც რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა სცნო ოფიციალურად.

სამხრეთის ოსების საკითხი

სასაზღვრო ინციდენტები ჯერ კიდევ დამთავრებული არ იყო როდესაც ქართული შეიარაღებული ძალების ზურგში ე.წ სამხრეთ ოსეთში აჯანყებამ იფეთქა, რომელიც საბჭოთა რუსეთიდან იმართებოდა და მასში ქართველი ბოლშევიკებიც მონაწილეობდნენ აქტიურად.

აჯანყებულებმა საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს და დახმარებისათვის საბჭოთა რუსეთს მოუხმეს, თუმცა საქართველოს სამხედრო ძალებმა სწრაფად შეძლეს გადაჯგუფება და აჯანყება ჩაახშეს; სამხედრო ოპერაციამ, სადამსჯელო მოქმედებების სახე მიიღო აჯანყების მთავარ კერაში – ჯავის მხარეში, საიდანაც ოსი ეროვნების მოსახლეობის უმრავლესობა აიყარა და ჩრდილოეთს მიაშურა. მსგავსი სურათის გამო საქართველოს ხელისუფლებამ მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა ოპოზიციური სპექტრის ნაწილისგანაც.

თუმცა ეს მოქმედება ძნელია შეფასდეს, როგორც სრულად ოსი ერის წინააღმდეგ მიმართულ ეთნიკურ წმენდად – რადგან, იგი მხოლოდ ჯავის რაიონში, სისტემატიური ამბოხების ზონას დაატყდა თავს და არა ქვედა, ცხინვალის ზონის ოსურ სოფლებს, რომლის მოსახლეობის წმენდა არ მომხდარა და რა თქმა უნდა, საქართველოს სხვა რეგიონებში დასახლებული ოსების წინააღმდეგ არც ერთ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი.

აჯანყების ლიკვიდაციის შემდეგ, სამხედრო-საველე სასამართლოს მიერ გასამართლებულ პირთა შორის, ოსების გარდა ქართველი და სხვა ეროვნების ბოლშევიკები და მეამბოხეებიც არანაკლები რაოდენობით იყვნენ. შიდა ქართლის ოსური მოსახლეობის თვითგამორკვევის პროცესი, ისევე როგორც სხვა ერებისა, განსაკუთრებით გააქტიურდა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ; ჩამოყალიბდა ოსთა ეროვნული საბჭო, რომელიც ცდილობდა ავტონომიის უფლება მოეპოვებინა განახლებულ სახელმწიფოში, თუმცა 1918 წლის დასაწყისისათვის ცხინვალის გარშემო სტიქიურმა ძალადობრივმა გამოსვლებმა იფეთქა, რომელსაც მაშინდელი პოლიტიკური შეფასებით აგრარული სარჩული ჰქონდა –

უმიწო ოსი მოსახლეობა ჩქარობდა რევოლუციისაგან ნანატრი მიწის მიღებას და რეფორმაზე ადრე თავად დაიწყო მიწების დასაკუთრება, ყოფილი მემამულეების დევნა და შემდეგ მათი ფიზიკური განადგურებაც, რის გამოც სახალხო გვარდიის ნაწილებმა გამოსვლების მკაცრად ჩაახშეს.

შედგომ წლებში ოსური ნაციონალისტური ჯგუფები გაიყვნენ – მათი ლიდერების ნაწილი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები არჩეულიც იყვნენ საქართველოს დამფუძნებელ კრებაში და თვითგამორკვევის მშვიდობიანი პროცესის უზრუნველყოფას ცდილობდნენ, ნაწილი კი ბოლშევიკური რუსეთის მხარდაჭერით აპირებდა „სამხერთ ოსეთის“ ჩამოშორებას საქართველოს სახელმწიფოსგან, რაც პერიოდულ სამხედრო ამბოხებებში აისახებოდა.

აფხაზეთის საკითხი

უფრო კომპლექსური პრობლემა იყო აფხაზეთში, სადაც 1917 წლიდან მიმდინარეობდა შიდა დისკუსია და მოქმედებები თვითგამორკვევის გარშემო – ქართული პოლიტიკური ელიტის უმრავლესობა, მისი პროგრესული ნაწილი მუდამ ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აფხაზ ერს სრული უფლება ჰქონდა თვითგამორკვევისა და მასში უხეშ ჩარევას არ აპირებდა. 1917 წელს შექმნილი აფხაზეთის ეროვნული საბჭო არ იყო ერთიანი პოზიციის მქონე და მასში პოლიტიკური იდეებისა და ნაციონალური საკითხის გადაწყვეტის მრავალფეროვანი სპექტრი იყო წარმოდგენილი – პრორუსული, პროოსმალური, მთიელ ხალხთა სახელმწიფოს მომხრე და საქართველოსთან კავშირის შენარჩუნების მოსურნეები.

1918 წლის დასაწყისში, კავკასიაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის ფონზე (ოსმალური არმიის შეტევა სამხრეთიდან), ბოლშევიკურმა ჯგუფებმა აფხაზეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდება სცადეს და ამბოხებების სერია წამოიწყეს, რომელთა განდევნა აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თხოვნით საქართველოს სახალხო გვარდიის და შემდეგ არმიის ნაწილებმა მოახერხეს. 1919 წელს აფხაზეთში (რომლის სტატუსი კვლავ განუსაზღვრელი იყო) ჩატარდა ახალი ეროვნული საბჭოს არჩევნები, რითაც მას სრული ლეგიტიმაცია მიეცა (პირველი საბჭო არ იყო საყოველთაო არჩევნებით დაკომპლექტებული), აფხაზეთში 1919 წლის განმავლობაში ჩატარდა, სამაზრო, საქალაქო თვითმმართველობების და საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები. აფხაზი დეპუტატები იყვნენ არჩეული საქართველოს დამფუძნებელ კრებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით და ასევე მუშაობდნენ კომისიაში აფხაზეთის მმართველობის ტიპის განსასაზღვრად.

1920 წლის ზაფხულში ვითარება კვლავ გამწვავდა – არალეგალურმა ბოლშევიკურმა ჯგუფმა 1919 წლიდან კვლავ დაიწყო მუშაობა და რუსეთის კომუნისტური პარტიის სოხუმის სამხარეო კომიტეტი COK (Сухумский окружной комитет) შექმნა, რომელსაც მიზნად აფხაზეთის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისგან ჩამოშორება და შეიარაღებული აჯანყების გზით საბჭოთა რუსეთთან მიერთება ჰქონდა განზრახული.

COK-ის ორგანიზატორები იყვნენ ბოლშევიკური პარტიის წევრები; სევერიან კუხალეიშვილი, კონსტანტინე მაკაროვი, ნიკოლოზ სვანიძე, ივანე ვიგრიანოვი, ჰანს ლემბერგი და სხვები, ასევე აფხაზეთში შექნილი იყო გაგრის არალეგალური სამაზრო კომიტეტი, რომელსაც ბოლშევიკი და საბჭოთა რუსეთის დაზვერვის აგენტი ნიკოლოზ ვოლკოვი ხელმძღვანელობდა. გუდაუთის კომიტეტს ყოფილი მღვდელი ვასილ აგრბა ხელმძღვანელობდა, რომელმაც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ანაფორა ნებაყოფილობით გაიხადა და ბოლშევიკი გახდა, ასევე სამურზაყანოს მხარეში (დღევანდელი გალის რ-ნი) მოქმედებდა არალეგალური კომიტეტი, რომელსაც ბოლშევიკი ისააკ ჟვანია მეთაურობდა.

ყველა ამ ჯგუფს კავშირი ჰქონდა ერთმანეთთან და დირექტივებს ყუბანის სამხარეო კომიტეტისგან და სოჭში განლაგებული წითელი არმიის შტაბიდან იღებდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აფხაზეთის კომისარიატის განსაკუთრებულმა რაზმმა (უშიშროების სამსახური) რომელსაც თარასხან ეშბა მეთაურობდა და  ქართული შეიარაღებული ძალების სამხედრო კონტრდაზვერვამ ამ არალეგალური ჯგუფების გამოვლენა და დაპატიმრება შეძლო, რის შემდეგაც აფხაზეთის ტერიტორიაზე აჯანყების მცდელობა აღარ ყოფილა. 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთისგან იქნა ოკუპირებული …

შეჯამების მაგიერ

პირველი მსოფლიო ომის დასასრულმა და პარიზის სამშვიდობო კონფერნციამ მკვეთრი ზღვარი გაავლო კაცობრიობის ძველ და თანამედროვე ისტორიას შორის. 1919 წელმა მისცა დასაბამი მსოფლიოს თანამედროვე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს, რისი ნაწილიც იყო საქართველოს ახალი, თანამედროვე, დემოკრატიული რესპუბლიკაც, რომლის არსებობაც 70 წლით შეწყვიტა საბჭოთა რუსულმა ოკუპაციამ. ეს პროცესი შეგვიძლია ვთქვათ რომ დღემდე არ არის “ისტორია”- იგი კვლავ ცოცხალი პოლიტიკური პროცესია, რამაც საქართველოს შემთხვევაში, როგორც ბევრი წარმატების მაგალითი, ასევე დღემდე მოუგვარებელი პრობლემები დაგვიტოვა, რომელთა სათავე წინა საუკუნეშია და აქედან გამომდინარე ადვილი წარმოსადგენია, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის და პოლიტიკური ელიტისთვის ისტორიის სწორად შესწავლას, მითუმეტეს 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაციის პირობებში მიზანმიმართული დამახინჯების და ფაქტების გაყალბების შედეგად მითებით და საბჭოთა ნარატივით გაჯერებული ისტორიის ჩანაცვლებას რეალური ისტორიით, რაც საშუალებას მისცემს მომავალ თაობებს სწორად განსაზღვრონ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ფუნქცია საერთაშორისო კონტექსტში და ამით უზრუნველვყოთ ჩვენი სტაბილური, დამოუკიდებელი და დემოკრატიული განვითარება, რასაც ალტერნატივა არ აქვს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button