Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ქართველი ოფიცრები საქართველოს წინააღმდეგ რუსეთისთვის ჯარს აგროვებენ

გაზ. ერთობა, 1919 წლის 17 ივლისი, N131.

იმ დროს, როდესაც სახელმწიფო გარეშე მტრის შემოსევის წინაშე სდგას და საომარ მზადებაშია, უბრალო კეთილგონიერება მოითხოვს იზრუნოს შინაურ ფრონტის გამაგრებაზე. შინაური ღალატის მოწყობა და თავის აგენტების შემოჩენა მტრის ხელში ერთი მნიშვნელოვანი იარაღია, და ამას დღევანდელ პირობებში უეჭველად ანგარიში უნდა გაეწიოს. ისეთი ინტერნაციონალური ქალაქი, როგორიც არის თფილისი, ძნელად თუ მოიპოვება სადმე და რა გასაკვირალია, თუ ამ ნახევრად არა საქართველოს  მოქალაქეებით დასახლებულ ქალაქში დენიკინმა ადვილად იპოვნა თავისი შავი საქმის არა ერთი თანამგრძნობი.

ჯერ წესიერი ომი არ დაწყებულა, მაგრამ დენიკინის შემოჩენილმა აგენტებმა უკვე დაიწყეს მუშაობა. რამდენიმე მათგანის „მუშაობა“ გამოაშკარავებულია კიდეც ამ დღეებში, მაგალითად, შეპყრობილია ჩვენი რესპუბლიკის სამხედრო ტოპოგრაფიული განყოფილების მოხელე ვინმე ნიკიტინი, რომელიც ჩრდილო-კავკასიისკენ მიემგზავრებოდა და აბ მიჰქონდა ჩვენი ქვეყნის ტიპოგრაფიული ქარტები. სხვა ამისთანა პიროვნებებზედაც დაჟინებით ლაპარაკობენ.

მაგრამ თავს იჩენს მოღალატეთა მეორე კატეგორიაც, ბათუმში გამოჩენილა გენერალი ნათიშვილი, გვარტომობით ქართველი, რომელიც თურმე დენიკინის დასახმარებლად ჯარს აგროვებს საქართველოს წინააღმდეგ. დანამდვილებით ვიცით, რომ დენიკინის ჯარში არ არის ერთად-ერთი ქართველი ოფიცერი: იქ მოიპოვებიან სხვა ქართველი ოფიცრებიც, რომლებიც გაჯავრებულან თავის სამშობლო ქვეყანაზე იმიტომ, რომ აქ მათი ღირსება საკადრისად ვერ დაუფასებიათ და მტრის ბანაკში გადასვლა აურჩევიათ.

საჭიროა სასტიკი ზომების ხმარება ყველა კატეგორიის მოღალატეთა წინააღმდეგ. შინ შემოჩენილ მოღალატეთა აღმოჩენა, რა თქმა უნდა, მთავრობის პირველ მოვალეობას შეადგენს. მაგრამ მეორე კატეგორიის მოღალატეებსაც ეჭირვებათ სასტიკი ბრძოლა. ახალს ზომებს ჩვენ ვერ გამოვნახავ, ჩვენ უნდა გადმოვიღოთ ის ღონისძიებანი, რომლისათვისაც მუდამ მიუმართავთ სხვა ქვეყნის რევლუციონერებს მოღალატეების წინააღმდეგ.

ნათიშვილისთან „ემიგრანტები“ მარტო ჩვენში არ ყოფილა: ყველგან სადაც რევოლუციური ომები ყოფილა, გამოჩენილან უკმაყოფილო სამშობლოდან გაქცეული კონტრრევოლუციონერები, რომლებიც მტრის კარს წინ გამოსძღოლიან.  ასე მოხდა საფრანგეთის რევოლუციის დროს. მიწებ-ჩამორთმეული მარკიზები და გრაფები სამშობლოდან მირბოდენ და უცხო სახელმწიფოებში მის წინააღმდეგ ჯარებს აგროვებდენ. მაგრამ საფრანგეთის რევოლუციონერებიც არ დაერიდენ არავითარ მკაცრს ზომებს მათთან ბრძოლაში: დაუნდობლად კონფისკაციას ახდენდნენ მოღალატეები მთელი ქონებისას.

ჩვენც იმნაირ ზომების წინაშე არ უნდა შევრდკეთ, სომხეთთან ომის დროს ჩვენ გვქონდა კანონი, რომელიც მთავრობას ნებას აძლევდა კონფისკაცია მოეხდინა მოღალატეთა მთელი ქონებისა. ეს კანონი დღეს უნდა ისევ აღვადგინოთ. ვიცით, რომ ბევრნი აყაყანდებიან ამ „თვითნებობის“, „ძალადობის“, სიმკაცრის გამო, მაგრამ ჩვენ ყაყანს არავითარი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. საფრანგეთის რევოლუციონერების ამნაირმა ზომებმაც გამოიწვიეს აღშფოთება ზოგიერთ წრეებში. რეაქციონური ისტორიკოსები მთელი საუკუნის განმავლობაში ვერ შერიგებიან ბრძოლის ამნაირ მეთოდს. დღესაც ამ ზომებს იგონებენ, როგორც დაუშვებელ თვითნებობა და ბარბაროსობას. იქნება მომავალშიაც აღმოჩდნენ ისტორიკოს ტენისთანა მეცნიერები, რომლებიც კანკალით მოიგონებენ საქართველოს მთავრობის ამ „სისასტიკეს“, მაგრამ სამაგიეროთ უფრო სერიოზული და მიუდგომელი ისტორიკოსები მიხვდებიან, რომ ამნაირი ზომები საჭირო იყო ისევე, როგორც საჭირო იყო ტერორისტული სისტემა, რომლითაც იაკობინელებმა გადაარჩინეს საფრანგეთი კონტრ-რევოლუციისგან.

მსგავსი/Related

Back to top button