ახალი ამბები

რუსეთში საქართველოსთვის ახალი სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ რეკომენდაციით მიმართა რუსეთის მთავრობას, რომ საქართველოსთან მიმართებით „სპეციალური ეკონომიკური ზომების“ შემოღების მიზანშეწონილობა განიხილოს და შესაბამისი წინადადება რუსეთის პრეზიდენტს წარუდგინოს. აღნიშნულის თაობაზე დადგენილებას 9 ივლისს დუმის პლენარულ სხდომაზე მხარი ოთხივე ფრაქციამ – „ერთიანმა რუსეთმა“, „კომუნისტურმა პარტიამ“, „ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ და „სამარლიანმა რუსეთმა“ დაუჭირა.

დადგენილების თანახმად, საქართველოსთვის სანქციების დაწესება უნდა მოხდეს „სპეციალური ეკონომიკური ზომებისა და იძულებითი ზომების“ შესახებ რუსეთის კანონის საფუძველზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს აძლევს შესაძლებლობას, უცხოურ სახელმწიფოსთან ეკონომიკური თანამშრომლობა, ფინანსური ოპერაციების წარმოება და საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების მოქმედება შეზღუდოს. ეს კანონი ასევე ტურიზმის სფეროში შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. სანქციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საბოლოოდ რუსეთის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

დუმის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის განმარტებით, საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება, უპირველეს ყოვლისა, რუსეთში ქართული ღვინოებისა და წყლების შეტანის, აგრეთვე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვას გულისხმობს. „ეს ძალიან დიდი სახსრებია“, – აღნიშნა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ და დასძინა: „ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა, ჩვენი მოქალაქეების მიმართ მუქარა, ჩვენი პრეზიდენტის შეურაცხყოფა“.

სახელმწიფო დუმის მიერ დღეს მიღებულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ ეკონომიკური საქნციების დაწესება საქართველოში მიმდინარე „არამეგობრული მოქმედებების“ გამო უნდა მოხდეს. სახელმწიფო დუმის დეპუტატები „კატეგორიულად გმობენ უწყვეტ ანტირუსულ პროვოკაციებს საქართველოში“ და აღნიშნავენ, რომ „ამ ქვეყანაში მოქმედი რადიკალური ძალების გამოხტომებს რუსულ-ქართული ურთიერთობების შემდგომი დეგრადაციისაკენ მივყავართ“.

სახელმწიფო დუმაში საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე მსჯელობა 8 ივლისს დაიწყეს.  ერთი დღით ადრე კი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აგინა, რაც საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა დაგმეს და მომხდარს საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული „პროვოკაცია“ უწოდეს. მომხდარი საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმაც დაგმეს და საერთაშორისო საზოგადოებას გაბუნიას საქციელის „სათანადო შეფასებისა“ და „ადეკვატური რეაგირებისკენ“ მოუწოდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, „არ აჰყვეს ესკალაციას“. „პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით, „რადიკალური“ ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების ინიცირება დაემთხვა რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტ პუტინის მიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაში 8 ივლისიდან შევიდა.

რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის შეზღუდვების დაწესება 20 ივლისს თბილისიდან რუსი დეპუტატების დელეგაციის გაძევებას და რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებს მოჰყვა. ანტისაოკუპაციო აქციები თბილისში უკვე 20 დღეა გრძელდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button