რესპუბლიკის ამბები

საზოგადოება ერთიანდება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გასაძლიერებლად

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 13 ივლისი, N153.

დღეს ქართული კლუბის ბაღში გაიმართება დიდი სახალხო სეირნობა ლატარია-ალეგრით, რომლის წმინდა შემოსავალი მოხმარდება ქ. შ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საშუალებათა გაძლიერებას, ხოლო 20 % გადაიდება რესპუბლიკის წითელი ჯვრის სასარგებლოდ.

ხსენებული საზოგადოება ძველი რეჟიმის დროს მთელი ორმოცი წლის განმავლობაში ენერგიულათ ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის განაპირა ადგილებში ქართული ენის შენარჩუნებასა და გაძლიერების დიდ საქმეს. თავისი ეროვნული სკოლებისა, ბიბლიოთეკებისა, სახალხო და სხვა წიგნების გამოცემის საშუალებით ამ საზოგადოებამ დაუფასებელი სამსახური გაუწია ხალხში სამშობლოს შეყვარება-გაცნობასა, წერა-კითხვის გავრცელებასა და საზოგადო შეგნების შეტანის საქმეს.

განთავისუფლებულმა საქართველომაც დიდი სახელმწიფოებრივი საქმის ასრულება მოითხოვა ამ დამსახურებული საზგადოებისაგან; დღეს საზოგადოება შეუდგა ფართო მასშტაბით წიგნების  გამოცემის საქმეს. საზოგადოებასთან მუშაობს სპეციალისტთა რამდენიმე კომისია, რომელნიც ადგენენ სასკოლო ორიგინალურ სახელმძღვანელო წიგნებს, სთარგმნიან ყველა ერთა კლასიკურ ნაწარმოებთ და სხვა… სახელმწიფოს პოლიტიკურ აღმშენებლობასთან ერთად თუ კულტურული მუშაობაც არაა გაჩაღებული ისე სახელმწიფო არ აშენდება.

აქედან ცხადია, თუ რამდენათ საჭიროა წერა-კითხვის საზოგადოების საშუალებათა გაძლიერება, მით უმეტეს, რომ გართობასა და სიამოვნებასთან ერთად დამსწრე შეიძლება ხელცარიელიც არ დაბრუნდეს სახლში: ლატარიაში  აუარებელი ნივთია ჩაგდებული: ხალათები, ჭურჭლეულობა, სამეურნეო იარაღები თეთრი ფქვილი, შაქარი, ასანთი, ძაფი, კარტოფილი სანთელი, ჭურჭლეულობის საწმენდი ტილო, წიგნები და მათ შორის დიდ 500 მანეთიანი „ვეხისტყაოსანი“ და ა. ყაზბეგის სრული თხუზულება.

ყველა მოქალაქე, რომელიც სეირნობას დაესწრება და თავის წვლილს გაიღებს, – ამით ხელს შეუწყობს ჩვენი ნორჩი რესპუბლიკის კულტურული განვითარებისა და დაწინაურების საქმეს.

მსგავსი/Related

Back to top button