ახალი ამბები

შსს-მ 20-21 ივნისს „ჯგუფურ ძალადობაში“ მონაწილეობისთვის 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20-21 ივნისს „ჯგუფური ძალადობის“ ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4 პირი დააკავა.

შსს-ის მიერ 4 ივნისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენებისას დაკავებულები ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც სხვადასხვა საგნით თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და მათ წინააღმდეგობას უწევდნენ. უწყების განმარტებით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაბამისი მტკიცებულებებისა და სასამართლო განჩინების მოპოვებისთანავე, ეტაპობრივად გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შსს-მ განცხადებასთან ერთად, დაახლოებით ორწუთნახევრიანი ვიდეომასალაც გაავრცელა, რომელშიც დაკავებულების მხრიდან სამართალდამცველების მიმართ მათი ქმედებების კადრებია ასახული.

  • 20 ივნისს საზოგადოების მასშტაბური პროტესტი საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მის პარლამენტში სტუმრობას მოჰყვა. რამდენიმე ათასი ადამიანი პარლამენტის წინ შეიკრიბა და რუსეთთან მიმართებით საქართთველოს ხელისუფლების კოლაბორაციონისტული პოლიტიკა გააპროტესტა. ისინი პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ.
  • აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა. საბოლოოდ სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად 240 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ 20-21 ივნისის ღამეს აქციის 305 მონაწილე დააკავა.
  • 25 ივნისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს დეპუტატ ნიკა მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენა.
  • 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. 2 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და პროკურატურას დეპუტატის გადაადგილებაზე ელექტრონული მონიტორინგის წარმოება დაავალა.
  • 20-21 ივნისის მოვლენებზე დაწყებულ გამოძიებას 4 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამბოხების კვალიფიკაცია დაამატა და განმარტა, რომ პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს, „ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button