ახალი ამბები

პროკურატურა: „იგეგმებოდა ამბოხების გზით ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება“

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო უწყების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა და „ათეულობით მოწმის“ ჩვენებების საფუძველზე, დგინდება, რომ 20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს, „ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება“.

პროკურატურის 4 ივლისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა პარლამენტის იერიშით აღებას გულისხმობდა, რასაც შემდგომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე „დანაშაულებრივი ქმედებები“ უნდა მოჰყოლოდა, რაც სამართალდამცავი ორგანოების უშუალო ძალისხმევით განეიტრალდა.

„სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გაგრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“, – ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში. განცხადებაში პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ უახლოეს პერიოდში, საქმეზე ბრალდებულ პირთა რიცხვი გაიზრდება.

პროკურატურისვე განცხადებით, უწყებაში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის დეპუტატის ნიკა მელიას მიმართ გამოძიება ინტენსიურად გრძელდება. გამოძიებას ჩვენება ამ დროისთვის უკვე მისცა 60-მდე პირმა.

ნიკა მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ედება. 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. 2 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა და პროკურატურას ნიკა მელიას გადაადგილებაზე ელექტრონული მონიტორინგის წარმოება დაავალა. დეპუტატს სპეციალური ელექტრონული სამაჯური უკვე დაუმაგრეს.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე ასევე დაბარებულები არიან პარტია ევროპული-საქართველოს წევრი გიგი უგულავა, ახალი პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი და ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი გია ბარამიძე.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზეც მიმდინარეობს. საქმეზე, ამ დროისთვის, ჯამში 170-მდე პირია გამოკითხული, მათ შორის, დაშავებული მოქალაქეები და აქციაზე მყოფი მედიის წარმომადგენლები.

ამასთან, საგამოძიებო ორგანოს განცხადებით, ტელეკომპანიებიდან და მასმედიის სხვა საშულებებიდან პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეო-აუდიო და ფოტომასალაა გამოთხოვილი, ასევე მოპოვებულია კერძო და საჯარო დაწესებულებებში განთავსებულ გარე სათვალთვალო კამერათა მიერ აღბეჭდილი ვიდეომასალა.

ამბის წინაისტორია

20 ივნისს საზოგადოების პროტესტი საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და მის პარლამენტში სტუმრობას მოჰყვა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა.

აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეების ერთმა ჯგუფმა პარლამენტის შენობაში შესვლა და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით, რეზინის ტყვიებით, ცრამლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალეს.

საპროტესტო აქციის დროს, ოფიციალური მონაცემებით 240 პირი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტები და პოლიციელები. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის აქციის 305 მონაწილე დააკავეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button