ახალი ამბები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 48-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 48 რაუნდი 2-3 ივლისს გაიმართა.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 10 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმართება, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

თბილისის პოზიცია

ჟენევის დისკუსიების 48-ე რაუნდთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ „შემზღუდავი ზომების“ დაწესებასა და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის „მძიმე შედეგებზე“.

სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, არსებულ „მწვავე სიტუაციაში“ მოხდეს ვითარების დეესკალაცია.

საქართველოს წარმომადგენლებმა „ვრცლად ისაუბრეს“ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რაც „წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების შედეგს“.

დელეგაციის წევრებმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „უკანონო მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების გააქტიურების“ საკითხიც დასვეს. მათ ასევე მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და „გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“.

სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების, თავისუფალი გადაადგილებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის საკითხები, რაც „ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას“.

„განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების, აგრეთვე კოდორის ხეობის მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაცია, მათი მძიმე ჰუმანიტარული და სოციო-ეკონომიკური საცხოვრებელი პირობები. მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დასვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საჭიროება“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. „ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას, რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალებაზე და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვეს საქმის მასალების დაუყვნებლივ გაზიარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოლაპარაკებების დროს არაერთხელ გაესვა ხაზი გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), „ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“, აღდგენის აუცილებლობას, რაც „განსაკუთღებით მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების ფონზე“.

„აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის მიზნით“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის, სოხუმის და ცხინვალის მონაწილეების „დესტრუქციული და უპასუხისმგებლო“ მიდგომის გამო, რომელთაც შეხვედრა დატოვეს იმის გამო, რომ არ განეხილათ „დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარი ჰუმანიტარული თემა“, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი ვერ იქნა განხილული.

რუსეთის, ცხინვალის და სოხუმის პოზიციები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გავლენა იქონია გუშინდელ შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის რეაქცია „ადეკვატური“ იყო.

მოსკოვის თქმით, ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას თბილისის „არამეგობრული რიტორიკის“ ფონზე, მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი „რეგიონული სტაბილურობის წინაშე არსებულ რეალურ საფრთხედ“ მიიჩნევენ.

„საქართველოსთან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე არსებული სიტუაცია შეხვედრის მონაწილეებმა, საქართველოს დელეგაციის გარდა, შეაფასეს როგორც სტაბილური და მართვადი“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

სოხუმმა და ცხინვალმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მსგავსი განცხადებები გააკეთეს, რა დროსაც მათმა „საგარეო საქმეთა სამინისტროებმა“ აღნიშნეს, რომ ნატოს „გაზრდილი აქტიურობა“ საქართველოში „სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონს“, მის სტაბილურობას და უსაფრთხოებას.

აშშ-ის პოზიცია

აშშ-ის მისიამ ჟენევის საერთაშორისო ორგანიზაციებში განაცხადა 3 ივლისს, რომ ის მიესალმება ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობას, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების და მონაწილეების ძალისხმევას, რომ გალში IPRM-ის რეგულარული შეხვედრები რაც შეიძლება მალე განახლდეს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიმართა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ ენგურის ხიდი და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე არსებული სხვა გამშვები პუნქტები დაუყონებლივ გაიხსნას იმ მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული შედეგების გათვალისწინებით, რასაც თავისუფალ გადაადგილებაზე ამგვარი შეზღურვები იწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის დელეგაციამ ასევე მოუწოდა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ასევე რუსეთის და საქართველოს მთავრობებს, რომ ინფორმაცია გაცვალონ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ, „რომლის გარდაცვალებამაც რუსების მიერ პატიმრობაში მარტში ხაზი გაუსვა ადამიანის ფასს მიმდინარე კონფლიქტში“. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას გარდაცვალების საქმეების სრული და გამჭირვალე გამოძიებისკენ.

დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ აშშ „სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების შეფასებები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა კომუნიკე გაავრცელეს, რომლის თანახმადაც დისკუსიები სამუშაო გარემოში გაიმართა, ადგილზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე.

თანათავმჯდომარეებმა წუხილი გამოთქვეს 27 ივნისს აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე დაწესებული შეზღუდვების გამო და ამ შეზღუდვების დაუყონებლივ მოხსნისკენ მოუწოდეს. „აღინიშნა, რომ ამ ზომებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა გადაადგილების თავისუფლებაზე, განსაკუთრებით იმ პირთათვის, ვისაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, ასევე სტუდენტებისთვის, რომლებიც გამოცდების ჩასაბარებლად მიემგზავრებოდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ გავრცელებულ განცხადებაში, მაია კოციანჩიჩმა, პრესსპიკერმა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, განაცხადა, რომ „27 ივნისს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორ გამშვებ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები უარყოფითად აისახება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებაზე და მათთვის დამატებით პრობლემებს ქმნის“.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სავარაუდოდ, უარყოფით გავლენას მოახდენს ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე. „რუსეთის გადაწყვეტილება, რომ 8 ივლისიდან აკრძალოს ფრენები საქართველოში გაუმართლებლად და არაპროპორციულად მიგვაჩნია“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ევროკავშირის მზადყოფნა, რომ საქართველოში კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს „ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს“ და რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button