Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, 3 ივლისს, თბილისში, აშშ-ის საელჩოში ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილება და აშშ-ს დამოუკიდებლობის 243-ე იუბილე მიულოცეს.

საელჩოში სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაუსვა ხაზი და აშშ-ს „უწყვეტი მხარდაჭერისთვის“ მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტის თქმით, ამერიკასა და საქართველოს შორის კავშირები ისეთ საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული, როგორიცაა „ადამიანი, ადამიანის თავისუფლება და ღირსება“.

„გვაერთიანებს ასევე ტოლერანტობა და სტუმართ-მასპინძლობა. ორივე ქვეყანა ღიაა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისათვის… ჩვენ არავის ვმტრობთ. ჩვენთვის მშვიდობა ისევე, როგორც ამერიკისათვის, ერთ-ერთი ძალიან ღირებული ფასეულობაა, რომელიც უნდა დავიცვათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებულ თანამშროლობაზე, ასევე უსაფრთხოებისა და ეკონომიკის დარგში ორმხრივი ურთიერთობების უფრო გაღრმავებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები დღეს „ყველაზე მაღალ ნიშნულზეა“.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ასევე ყურადღებაა გაამახვილა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა „არასდროს ყოფილა ისეთი მტკიცე და საიმედო, როგორც დღეს არის“.

„მადლიერებით აღვნიშნავთ დიდ პოლიტიკურ, მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს, Twitter-ის საშუალებით, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც მიულოცა. „საქართველო ამაყია, რომ აშშ-ის სახით ჰყავს სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი“, – წერს დავით ზალკალიანი.

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი 1776 წლის 4 ივლისს მოეწერა. დამოუკიდებლობის დეკლარაცია არის პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც ბრიტანეთის ყოფილი კოლონიები ამერიკის შეერთებულ შტატებად მოიხსენიება.

„ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად, მათ შემოქმედმა მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა“, – ნათქვამია აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button