ახალი ამბები

“თავისუფლების მარში”: ათასობით მოქალაქემ თბილისში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო

თბილისში 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების მეათე დღეს, ათასობით მოქალაქე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით “თავისუფლების მარშზე” გამოვიდა.

“გახარია, წადი!”, – ამ ლოზუნგით საპროტესტო მსვლელობა საღამოს 7 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და თავისუფლების მოედნისკენ გაემართა, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.

“თავისუფლების მარშს” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები, მათ შორის, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

თბილისის გარდა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები დღეს ბათუმსა და ზუგდიდშიც გაიმართა.

პროტესტის მეათე დღეს, აქციის ერთ-ერთა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ “[გახარია] აუცილებლად წავა”. მისივე თქმით, აქციები ამ მოთხოვნის შესრულებამდე არ შეწყდება. “ჩვენ ვერ წავალთ. იმიტომ, რომ ჩვენი უკან დახევა არის, უკან დახევა გავრილოვთან. ამას არ დავუშვებთ”, – განაცხადა მან.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, “უცილებლად მოუწევს გიორგი გახარიას გადადგომა, აუცილებლად მოუწევთ დამნაშავეების დასჯა და რაც უფრო გვიან გააკეთებენ ამას, მით უარესი ივანიშვილის და ქართული ოცნებისთვის”. “ამ ადამიანებს, ამ მორალურ სიმართლეს წინ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ დაუდგება”, – დასძინა ბაქრაძემ.

“მთელი საქართველო დგას ქუჩაში. ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის პოლიტიკური განაჩენი. ამიტომ რაც უფრო მალე გადააყენებს გახარიას, მით უკეთესია”, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა. “ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყანაში დამთავრებულია. ან დაემორჩილება ივანიშვილი ხალხის ნებას, ან უფრო მწვავე პოლიტიკურ კრიზისს მიიღებს“, – აღნიშნა მან.

გახარიას გადადგომის მოთხოვნით თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე აქციების პარალელურად, ზუგდიდში დღეს პარტიოტთა ალიანსის ლიდერები და მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ. მათ აქციაზე დავით გარეჯის მონასტრის დაცვა და “სააკაშვილებისა და ბოკერიების” გასამართლება მოითხოვეს. მიტინგზე ითქვა ისიც, რომ “თბილისში აქციაზე არის 800 კაცზე ნაკლები და ეს არის სააკაშვილის და ბოკერიას მხარდამჭერები”.

“არა – კოჰაბიტაციას! არა – პოლიტიკურ სპექტაკლებს! არა – ხელისუფლების გადაბარების მცდელობას! არა – ნაცმოძრაობის ორივე ჯგუფს! არა – ქართულ ოცნებას!”, – განაცხადა ზუგდიდში პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა.

თბილისში საპროტესტო აქციები საქართველოში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და ხელისუფლების შემდგომ ქმედებებს მოჰყვა. 20 ივნისს პარლამენტის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა და ხელისუფლების კოლაბორაციონიზმი გააპროტესტა.

აქციაზე ვითარებას მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტის წინ მობილიზებული პოლიციის კორდონის გარღვევა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სცადა. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

მეორე დღეს პროტესტმა უფრო ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. 10 დღის განმავლობაში, რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის წინ ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბება და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button