ახალი ამბები

პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა გადაიდო

საქართველოს პარლამენტში დღეისათვის დაგეგმილი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა გადაიდო და ის სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, რიგგარეშე სესიაზე გაიმართება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თბილისში მიმდინარე რამდენიმედღიანი სამოქალაქო პროტესტისა და პარლამენტში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, რაც გუშინდელ სხდომაზე მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციური დეპუტატისათვის იმუნიტეტის შეჩერებას მოჰყვა.

გადაწყვეტილების დასაბუთებისას, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა: „ყველასთვის ცხადია, რომ არსებულ ვითარებაში, შეუძლებელი იქნება პარლამენტში სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება“. „ჩვენი სურვილი არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, ოპოზიციამაც მშვიდ, სამუშაო რეჟიმში, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ამ ანგარიშის განხილვაში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მამუკა ბახტაძის გამოსვლის ახალი თარიღი პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის კონსულტაციით განისაზღვრება.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლის გადადებას მმართველი პარტიისა და საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ურთიერთბრალდებები მოჰყვა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიცია „დესტრუქციასა“ და „სიტუაციის დაძაბვის მცდელობაში“ დაადანაშაულა, თუმცა იქვე დასძინა, რომ „ამ დღეებში სამთავრობო პროგრამებზე და სხვადასხვა დეტალებზე საუბარი შეიძლება არაადეკვატურიც კი გამოჩენილიყო“. მისივე თქმით, დეპუტატები პრემიერ-მინისტრის მოხსენების განხილვას დაუბრუნდებიან იმ დროს, როდესაც შესაძლებელი იქნება პროცესის „მშვიდად, აღელვების გარეშე, რაციონალურად“ და ოპოზიციის ჩართულობით წარმართვა.

მმართველი გუნდის ბრალდებებს მწვავე კრიტიკით უპასუხეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატებმა.

„დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა დამალული პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ეს არის იმის „პირდაპირი აღიარება“, რომ „პრემიერს და ხელისუფლებას არ აქვს პასუხი იმ მთავარ მოთხოვნაზე, რომლითაც უკვე კვირაზე მეტია, ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში: ეს არის დარბევაში დამნაშავეების დასჯა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა“.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით კი, „პრემიერ-მინისტრმა ვერ გაბედა მოსვლა“, რადგან „ძალიან გაუჭირდებოდა იმ უმძიმეს კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში“. „რა სინდისით უნდა შემოსულიყო ამ დარბაზში, სადაც ერთი კვირის წინ იყო გავრილოვი, სადაც გუშინ ჩაიდინეს საშინელი უკანონობა, პრაქტიკულად პოლიტიკური რეპრესიების სტარტის მიცემა დაანონსდა ამ დარბაზში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მოგვიანებით, პარლამენტში გამოსვლის გადადების გადაწყვეტილებაზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. მისი სახელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებულ ვითარებაში სამთავრობო გეგმის შესრულებაზე საუბარი „საზოგადოებრივ ინტერესებთან შეუსაბამო“ იქნებოდა. იქვე ნათქვამია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მთავრობის მეთაური, „ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებზე“ სასაუბროდ, დღეს საღამოს ქართულ მედიას შეხვედება.

სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პირველად მიმდინარე სესეიო კვირაში უნდა გამართულიყო, რასაც გასული წლის ბოლოს ძალაში შესული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და პარლამენტის ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს.

რეგლამენტის თანახმად, პრემიერის გამოსვლა ყოველწლიური მოხსენებით საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში – ივნისში იმართება. ამასთან, ვინაიდან საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს, ანუ ხვალ იხურება, საქართველოს პარლამენტს პრემიერ-მინისტრის მოსმენა რეგლამენტით დადგენილი ვადების დარღვევით მოუწევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button