Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტის წინ აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება. გასულ ღამეს, პარლამენტის წინ, სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, მოქალაქეები ისევ შეიკრიბენენ და შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენებისას, რა დროსაც სამართალდამცველბემა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს, 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამართალდამცველები და ჟურნალისტები. შსს-მ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის აქციის 305 მონაწილე დააკავა.

მომიტინგეები, რომლებიც ძირითადად სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები არიან, შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობის დატოვებისთვის სამსაათიან ვადას აძლევენ. მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი თბილისის კარვების ქალაქად გადაქცევას აანონსებენ.

აქციის მონაწილეები გუშინდელი დემონსტრაციის შემდეგ დაკავებულთა გათავისუფლებას და იმ პოლიციელთა პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვენ, რომლებმაც ძალაუფლებას გადაამეტეს.

პარალელურ საპროტესტო აქციას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მართავენ. ორივე აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღევანდელი შეკრება არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის აქცია, არამედ სამოქალაქო პროტესტია. მომიტინგეების განცხადებით, ისინი გუშინდელ სისხლისღვრას არ შეეგუებიან.

განახლება – 01:35

პარლამენტის წინ აქცია, რომელიც დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა, ამ მომენტისთვის ოფიციალურად დასრულებულია. თუმცა, ადგილზე, აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება. ძალაშია მომიტინგეების მოთხოვნებიც, ისინი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითხოვენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button