Placeholder canvas
ახალი ამბები

არასამთავრობოები ხელისუფლებას „თბილისი პრაიდის“ მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ

14 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TIG), „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ (UNAG), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) და „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS), „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს სოლიდარობას უცხადებს და სამართალდამცველებს 14 ივნისს კანცელარიის წინ გამოვლენილი ყველა მოძალადის პასუხისგებაში მიცემისა და „თბილისი პრაიდის“ კვირეულის მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“, რომელიც LGBTQI აქტივისტებსა და უფლებადამცველებს აერთიანებს, 18-23 ივნისს კვირეულს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება, მათ შორის არის ღირსების მარში.

18 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში არასამთავრობოები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების უფლება, თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით არის გარანტირებული, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ სხვა კუთვნილებისა. მათივე განმარტებით, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მიიღოს სათანადო ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც ადამიანის ამ უფლებით სარგებლობას უშლის ხელს.

„საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ 14 ივნისს კანცელარიასთან ლგბტ+ აქტივისტებს არ მიეცათ საკუთარი უფლებების რეალიზების საშუალება. ისინი, ისევე როგორც იქ მყოფი სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები, ჟურნალისტები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, გახდნენ მუქარისა და ძალადობის ობიექტები, იმ ჯგუფების მხრიდან, რომელთა ლიდერებსაც კავშირი აქვთ რუსეთის ფედერაციასთან“, – ვკთხულობთ უფლებადამცველების განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებაში განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამენ 16 ივნისს ვერის ბაღში „ძალადობრივი ჯგუფების“ წარმომადგენლების მიერ ლგბტ+ აქტივისტების, პოლიციელების, უფლებადამცველებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ „მუქარისა და ძალადობისკენ მიმართული განცხადებების, ასევე ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ შეკრებილებისთვის „თბილისი პრაიდის“ ჩაშლის მიზნით „ძალადობრივ ჯგუფებში“ გაწევრიანების მოწოდების გამო.

უფლებადამცველები შსს-ს მიერ 14 ივნისს კანცელარიის წინ განვითარებული მოვლენების დროს, ადმინისტრაციული წესით 28 პირის დაკავებას და უკანონო ფორმირებების შექმნის, ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას მიესალმებიან, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ „ასეთი ჯგუფების გაძლიერება წლების მანძილზე ხელისუფლების არასათანადო პოლიტიკის, უმოქმედობისა და ხშირად შემწყნარებლური დამოკიდებულების შედეგია“.

„განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს პრაიდის არჩატარებას სთავაზობს და უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევს“, – აცხადებენ ისინი და ხელისუფლებას ქვეყანაში ექსტრემისტული ძალების გააქტიურების პროცესზე დაკვირვების, რუსეთის სპეცსამსახურებთან მათი შესაძლო კავშირების შესწავლისა და ამ მხრივ არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button