ახალი ამბები

არასამთავრობოები: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს ქმნის

თერთმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, საიამ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და ღია საზოგადოების ფონდმა, 14 ივნისს ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანად შემუშავებულ ცვლილებებს ეხმაურება და გამოხატვის თავისუფლებლის „თვითნებური, დაუსაბუთებელი შეზღუდვის“ რისკებზე მიუთითებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ, კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით, „მედიის თვითრეგულირების სფეროში არსებული საკითხები გადადის სახელმწიფო რეგულირების კომპეტენციაში“, რაც, მათი თქმით, „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული და დიდ საფრთხეებს შეიცავს“.

საქმე მედიასაშუალების მიერ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირებას და საჩივრების განხილვის პროცედურას ეხება. ეს პროცედურა მკაფიოდ განსაზღვრავს საკითხთა წრეს, რომლის განხილვა მხოლოდ და მხოლოდ მაუწყებელს, მიეს მიერ შექმნილი თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში შეუძლია. თავის მხრივ, თვითრეგულირების მექანიზმი ორი საფეხურისგან შედგება და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრება თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოშია შესაძლებელი. ამ სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილება კი, საბოლოოა და მისი გასაჩივრება არ ხდება.

შემოთავაზებული ცვლილებებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და სასამართლოს ენიჭება მესამე ინსტანციის ფუნქცია და პირს, რომელსაც მაუწყებელთან ექნება დავა, თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს (მეორე ინსტანციის) გადაწყვეტილების გასაჩივრება, სურვილისამებრ, კომისიაში ან სასამართლოში შეეძლება.

მოქმედი კანონით, თვითრეგულირების ორგანოს კომპეტენციაში შედის იმ დარღვევების განხილვა, რომლებიც მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილ პროფესიულ ეთიკას, მედიის მიერ ფაქტების სიზუსტის დაცვას, სამართლიანობას და მიუკერძოებლობას, ახალი ამბების გაშუქებასა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დროულ მიწოდებას, აგრეთვე ე.წ. პროგრამული შეზღუდვების (ომის პროპაგანდის, შუღლის გაღვივებისა და ძალადობისკენ მოწოდების დაუშვებლობა) დაცვას უკავშირდება. სხვა დარღვევები კი, რომელიც მაუწყებლობის სალიცენზიო პირობების შესრულებას ეხება, კომისიასა და სასამართლოში განიხილება.

შემოთავაზებული ცვლილებებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სასამართლოს უფლებამოსილება სწორედ პროგრამული შეზღუდვებთან დაკავშირებულ დავებზე გაიზრდება. არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ თავის დროზე, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს, „ტელეიმედის“ მაუწყებლობის შეჩერება სწორედ პროგრამული შეზღუდვების დარღვევის ბრალდებით მოხდა. მათივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში „კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიის შინაარსში ჩარევის საშუალება ეძლევა, რაც ფაქტობრივად სახელმწიფოსთვის მედიაზე ზემოქმედების ბერკეტის გადაცემას ნიშნავს“.

მაუწყებლისთვის ლიცენზიის შეჩერება სანქციის უკიდურესი ფორმაა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კომისიას, საწყის ეტაპზე, შეუძლია მაუწყებელი გააფრთხილოს და ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა მისცეს. თუ მაუწყებელი ხარვეზს დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს, კომისიას – მისი დაჯარიმება, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი, ლიცენზიის შეჩერების პროცედურის დაწყება შეუძლია.

თავად კომუნიკაციების ეროვნული კომისია შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას 1 ივლისამდე ითხოვს, რაც, კომისიის ინფორმაციით, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენს და 2010/13/EU ევროდირექტივის შესაბამისად უნდა შესრულდეს. სწორედ ამ დირექტივას ეყდნობა კომუნიკაციების ეროვნული კომისია, როდესაც კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნავს, რომ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმი „ვერ ჩაანაცვლებს“ სახელმწიფოს ვალდებულებას, შესაბამისი საშუალებებით მაუწყებელთა მიერ სიძულვილის გაღვივების აღკვეთა უზრუნველყოს.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ევროდირექტივის შესრულება თვითრეგულირების მექანიზმის გაძლიერებით უნდა მოხდეს. ამასთან ერთად, ისინი აღნიშნავენ, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია არ ითხოვს ტელევიზიისა და რადიოს მიერ მაუწყებლობის ქცევის წესების დაცვაზე სასამართლო კონტროლის არსებობას“.

არასამთავრობოები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ მოახდინონ „ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესებში ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობა“.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საკანონმდებლო წინადადების სახით, საქართველოს პარლამენტში 2018 წლის 28 დეკემბერს შეიტანა. პროექტის განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს დაევალა, თუმცა კომიტეტს ამ დრომდე დასკვნა არ გამოუქვეყნებია.

აღსანიშნავია, რომ მედიის თვითრეგულირების საკითხების გარდა, კომუნიკაციების მიერ მომზადებული კანონპროექტი სხვა არსებით ცვლილებებსაც შეიცავს. კერძოდ, კანონის მოქმედება არა მხოლოდ ტელევიზიასა და რადიოზე, არამედ ე.წ. „გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების“ მომწოდებლებზეც გავრცელდება. ცვლილებების შედეგად, აღნიშნულ ნორმატიულ აქტს „აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და რადიომაუწყებლობის შესახებ“ კანონი ეწოდება.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button