Placeholder canvas
ახალი ამბები

ვაშინგტონში მაიკ პომპეოს და მამუკა ბახტაძის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც 5-14 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზით იმყოფება, გუშინ ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერმა ამერიკა-საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორობისადმი“ ერთგულება დაადასტურეს, ასევე ნატო-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე რეფორმები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

მაიკ პომპეომ კვლავაც დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები გმობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ურყევი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრის შემდეგ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო „იბრძვის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად, რუსეთის აგრესიის, საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში“.

„რუსეთის მტრული დამოკიდებულება არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ვუწევთ სამხედრო მხარდაჭერას თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს თვითკმარი სამხედრო ძალების წვრთნასა და აღჭურვაში, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ თავდაცვას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა „მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას გაზრდის, რაც საქართველოსთვისაც, შეერთებული შტატებისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც სიკეთის მომტანი იქნება“.

მაიკ პომპეოს განცხადებით, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე, მან მოუწოდა საქართველოს, განაგრძოს ძალისხმევა მართლმსაჯულების სისტემის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს დემოკრატია ქმნიდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო პირობებს.

თავის განცხადებაში, სახელმწიფო მდივანი ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხსაც შეეხო და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო ამ პროექტის დასრულებას შეძლებს.

„ეს და სხვა პროექტები გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და თავიდან ააცილებს საფრთხეს, გახდეს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენის მსხვერპლი. ამ მოჩვენებით მეგობრებს საქართველოს ინტერესები არ ადარდებთ“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ განაცხადა, რომ „უსაფრთხოების სფეროში შეერთებული შტატებისა და საქართველოს კოორდინაციის ხარისხი არასდროს ყოფილა ასე ძლიერი“, და რომ „საქართველო არის ამერიკის ერთგული პარტნიორი საერთაშორისო არენაზე“.

„ჩვენმა მეგობრობამ დროის გამოცდას გაუძლო და ჩვენი კავშირები ბრძოლაშია გამობრძმედილი. ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ შეერთებულ შტატებთან და ნატოს მოკავშირეებთან ავღანეთში, სადაც საქართველო არის ერთ-ერთი უმსხვილესი წვლილის შემტანი „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მებრძოლთა რაოდენობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ბახტაძემ.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებზე და გამოთქვა იმედი, რომ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობას შედეგად მოჰყვება „სავაჭრო თანამშრომლობის უნიკალური“ მოდელი, რაც „ჩვენს რეგიონში ამერიკის ბიზნესინტერესებს უზარმაზარ შესაძლებლობებს მოუტანს“. „ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ეროვნული ეკონომიკა, რომელიც თანხვედრაში იქნება ჩვენს ძლიერ ეროვნულ უსაფრთხოებასთან“, – დასძინა მამუკა ბახტაძემ.

მაიკ პომპეომ და მამუკა ბახტაძემ ასევე ოფიციალურად გახსნეს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომა და, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ერთობლივი დეკლარაციაც გამოაქვეყნეს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები სან-ფრანცისკოში, სიეტლში, კანადაში და აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში. ბახტაძის ვიზიტი 14 ივნისს, დალასში დაგეგმილი შეხვედრით დასრულდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button