ინტერვიუმოსაზრება

კითხვა ექსპერტებს: ემუქრება კი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება?

მომზადებულია ჩვენი პარტნიორის – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტუტის მიერ

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების თაობაზე შეშფოთება გამოთქვა.

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შენგენის ზონაში მიმოსვლის წესების დარღვევის ზრდა – თავშესაფრის მაძიებელთა უსაფუძვლო განაცხადებების რაოდენობის მატება – საფრანგეთმა, ავსტრიამ, გერმანიამ და შვედეთმა აღნიშნეს.

ქართველი და ევროპელი შინაგან საქმეთა მინისტრები ამ საკითხის განსახილველად და უკეთესი კოორდინაციის უზრუნველსაყოფად ხშირად ხვდებიან ერთმანეთს. თუმცა, ამისდა მიუხედავად, სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრებები საქართველოს მიმართ “შეჩერების მექანიზმის” შესაძლო გამოყენების თაობაზე.

საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის მთავრობამ გადაწყვიტა, მიემართა ევროკომისიისთვის ალბანელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოთხოვნით.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თხოვნით, საქართველოსთან მიმართებით შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი გერმანელმა, ბელგიელმა, ჰოლანდიელმა და ქართველმა ექსპერტებმა მიმოიხილეს.

კერძოდ, ექსპერტებმა უპასუხეს შემდეგ კითხვებს:

  • იქმნება თუ არა საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენებით „საგანგებო სიტუაცია“?
  • რამდენად შესაძლებელია შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საქართველოსთან მიმართებით?

ალექსანდრა სტიგლმაიერი, დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია, ევროპის სტაბილურობის ინიციატივის უფროსი ანალიტიკოსი და გენერალური მდივანი, 2008 წლიდან ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე მუშაობს:

ორი მთავარი მიზეზის არსებობს, რის გამოც არ მიმაჩნია, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს შეაჩერებს. პირველი არის ის, რომ ამას მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ექნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე. მეორე, წევრმა სახელმწიფოებმა იციან, რომ მათ თავად ხელეწიფებათ უსაფუძვლო თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის შემცირება.

მიზეზი, რის გამოც ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა არის ის, რომ 2017 წლიდან 2018 წლამდე საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი 11 100-დან 19 300-მდე გაიზარდა. ამასთან, უნდა ითქვას, რომ 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი მხოლოდ განმცხადებელთა ხუთმა პროცენტმა მიიღო.

ტექნიკურად, საფრანგეთს, სადაც 2018 წლის 19,300 განმცხადებლიდან 7000-მა მოითხოვა თავშესაფარი, შეუძლია შეჩერების რთული პროცედურის წამოწყება.

თუმცა, შეჩერების მექანიზმამდე მისვლა არც ისეთი მარტივია.

ეს მოითხოვს ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის თანხმობას, რასაც უნდა უსწრებდეს სხვადასხვა ფაქტორების შესწავლა, მათ შორის, დაზარალებული ქვეყნების რაოდენობა (რაც საქართველოს შემთხვევაში არც ისე დიდია) და მთლიანად ევროკავშირში მიგრაციის მდგომარეობაზე გავლენის დონე (რაც საკმაოდ შეზღუდულია).

საფრანგეთი თავშესაფრის უსაფუძვლოდ მაძიებლებს იმიტომ იზიდავს, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურა იქ ძალიან ხანგრძლივია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ითვლება და მისი მოქალაქეების მომართვებს დაჩქარებული წესით განიხილავენ, საფრანგეთში საშუალოდ 6 თვეს და ზოგჯერ უფრო მეტ დროსაც ანდომებდნენ საკითხის პირველ და მეორე ინსტანციებში განხილვას.

ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ ის აპლიკანტები, რომლებიც თავშესაფრის მისაღებად არასაკმარისი საფუძველი აქვთ, იმ ქვეყნებს ირჩევენ, სადაც შესაბამისი პროცედურები დროში იწელება. ეს მათ საშუალებას აძლევს ისარგებლონ სტატუსთან დაკავშირებული სიკეთეებით (საცხოვრებლის და სამედიცინო უზრუნველყოფა, ფულადი უზრუნველყოფა) და ზოგჯერ შავ ბაზარზე დამატებითაც გამოიმუშაონ თანხა.

ქვეყნებში, სადაც თავშესაფრის გაცემის პროცედურები დროში შეამოკლეს, მაგალითად შვეიცარიაში, მყისიერად შემცირდა თავშესაფრის უსაფუძვლო მთხოვნელთა რიცხვიც. საფრანგეთი ახლა სწორედ პროცედურების ხანგრძლივობის შემცირებაზე მუშაობს.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მაინც განაგრძოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით რეადმისიის მიმართულებით და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ შემცირდეს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი.

ამ მხრივ, უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესების შესახებ საინფორმაციო კამპანიები; საქართველოდან გამგზავრებამდე, საზღვარის კვეთისას მოქალაქეთა შემოწმება; ასევე დამრღვევების მიმართ ჯარიმების დაკისრება – შესაძლოა იყოს ის მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ზომები, რაც ევროკავშირს აჩვენებს, რომ საქართველო პრობლემას სერიოზულად უდგება. დანარჩენი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული: მათი გადასაწყვეტია, დააჩქარებენ თუ არა თავშესაფრის მოთხოვნების დამუშავებას იმისთვის, რომ საკუთარი სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენება არ დაუშვან.

რიკარდ იოზვიაკი, ჟურნალისტი, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება, ბრიუსელი, ბელგია:

არ ვფიქრობ რომ საქართველოსათვის თავისუფალი მიმოსვლის სტატუსის დაკარგვა სერიოზული საფრთხეა. თუმცა, ამავდროულად, ამას დარწმუნებით ვერ ვამბობ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ წესებზე და რეგულაციებზეა საუბარი, მნიშვნელოვანია პოლიტიკის გათვალისწინებაც. ამ შემთხვევაში, ვიცი, რომ შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, თანაც როგორც წესი, უარყოფითი მიმართულებით.

და რადგან პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რა მოსაზრებებია პოპულარული ამჟამად ევროკავშირის დიდ ნაწილში. ევროკავშირში ახლა დახურული საზღვრების, კონსოლიდაციისა და თვითდამკვიდრების ეტაპი დგას. პოლიტიკა სწორედ ამას ასახავს და ასე იქნება უახლოეს მომავალშიც.

დარწმუნებული ვარ, რომ ის მოსაზრებები, რაც შვედეთიდან და საფრანგეთიდან საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით ისმის, სწორედ ამ კონტექსტს ასახავს.

ისინი ამას ღიად არასდროს იტყვიან, მაგრამ ვფიქრობ, ამ ქვეყნების მთავრობები ცდილობენ თავიდან აიცილონ კრიტიკა, რომ მათ იმიგრაციასთან დაკავშირებით ზედმეტად რბილი პოლიტიკა აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ უვიზო რეჟიმის მიმოსვლით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეები იმიგრაციასთან არანაირ კავშირში არ არიან, მსგავს ნიუანსებს შორის განსხვავება მოქალქეების უმეტესობისთვის ცნობილი არ არის.

თუმცა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ მცირე რაოდენობის ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებიც ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებენ, თუმცა ეს ჯგუფები ჯერჯერობით არ წარმოადგენენ მომეტებულ საფრთხეს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ საფუძველზე შეჩერების მექანიზმი ამ ეტაპზე ვერ ამოქმედდება.

გარდა ამისა, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისათვის არც სხვა ისეთი საფუძვლები არსებობს, როგორებიცაა დაშვებულ ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით შენგენის ზონაში დარჩენის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა, შენგენის ზონაში შეშვებაზე უარის თქმის გაზრდილი მაჩვენებელი, აგრეთვე თავშესაფრის შესახებ იმ განცხადებების ზრდა, რომელსაც აღიარების დაბალი მაჩვენებელი აქვთ.

თუმცა, რადგან აღქმა იმისა, თუ რა წარმოადგენს ‘მომეტებულ რისკს წევრი სახელმწიფოებისათვის’, უფრო მეტად სუბიექტურია, არსებობს შესაძლებლობა, რომ წევრმა სახელწმიფოებმა ამ ბუნდოვან საფუძველზე დაყრდნობით გამოიყენონ შეჩერების მექანიზმი. შესაბამისად, ბოლომდე დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ამ მიმართულებით საფრთხე არ ემუქრება.

იელგერ გრიენეველდი, ჰოლანდიის ლიბერალური პარტია D66, საბჭოს წევრი საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილება

უვიზო მიმოსვლის თაობაზე უკანასკნელ ანგარიშში – „მეორე ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში“ – ევროკომისიამ აღნიშნა, რომ საქართველომ შეასრულა პირველი ანგარიშით განსაზღვრული რეკომენდაციები და, მიგრაციასთან დაკავშირებულ პოლიტიკასა და სამოქმედო გეგმებთან მიმართებით, პროგრესს მიაღწია. ამასთან, საქართველომ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა ევროკავშირის EUROJUST-ის სააგენტოსთან თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის მიზანიც ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაა.

თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ თავშესაფრის შესახებ დაუსაბუთებელი განაცხადებების მუდმივად მაღალი რაოდენობა ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში მყისიერ რეაგირებას საჭიროებს.

საქართველოს მთავრობა პრობლემასთან გამკლავების ერთ-ერთ საშუალებად შენგენის ზონის სახელმწიფოების მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებას განიხილავს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიდგომამ შესაძლოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებში უმრავლესობაში, მათ შორის, გერმანიაში დადებითი შედეგები გამოიღოს, მან ვერ იმუშავა საფრანგეთში, სადაც ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მაინც მაღალი დარჩა მას მერე, რაც ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

ამ დროს, ჰოლანდიაში, სადაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად 2013 წლიდანაა აღიარებული, ეს მაჩვენებელი დასტაბილურდა შედარებით დაბალ ნიშნულზე, რომელიც დაბალია უვიზო რეჟიმის შემოღებამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებითაც. ყოველივე ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკანონო მიგრაციის პრობლემებს თავისებურებები აქვს, რაც საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს, რომ, უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენებასთან საბრძოლველად, ამ თავისებურებების შესაბამისი მიდგომები და პოლიტიკა შეიმუშავოს.

უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების არსებული მაჩვენებლები ჯერჯერობით არ მიუთითებს „საგანგებო მდგომარეობაზე“, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველს წარმოადგენს.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო სრულად თანამშრომლობს მოქალაქეების რეადმისიის საკითხებზე, რაც შეჩერების მექანიზმის გამოყენების შეფასებისას მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.

ამ ეტაპზე, შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზოდ მიმოსვლას მყისიერი საფრთხე არ ემუქრება, რაც ძირითადად რეადმისიის მაღალი მაჩვენებლითა და დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობით არის გამოწვეული.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველომ უნდა განარგძოს იმის კეთება, რასაც აქამდე აკეთებდა, განაგრძოს ევროპული მხარის რეკომენდაციების შესრულება, კარგად მოუსმინოს და ყურადღება მიაქციოს ევროპულ დედაქალაქებში წამოჭრილს პრობლემურ საკითხებს, განაგრძოს დანაშაულთან ბრძოლისა და საქართველოს მოქალაქეების რეადმისიის მიმართულებით დახმარების გაწევა და თანამშრომლობა.

ვანო ჩხიკვაძე, პროგრამების მენეჯერი, “ღია საზოგადოების ფონდი”, თბილისი, საქართველო

ამ ეტაპზე, გააჩნია, როგორ განვმარტავთ „საგანგებო სიტუაციას“. თუ ვგულისხმობთ იმას, ვაკმაყოფილებთ თუ არა რომელიმე კრიტერიუმს, რომელიც არის გათვალისწინებული შეჩერების მექანიზმით, მაშინ ვაკმაყოფილებთ.

თუ „საგანგებო სიტუაციას“ ვუწოდებთ იმას, რომელიმე ქვეყანამ დააყენა თუ არა საკითხი ევროკომისიის წინაშე შეჩერების მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორც ნიდერლანდებმა ალბანეთთან მიმართებით, მაშინ ასეთი რამ არ მომხდარა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შესაძლებელია შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საქართველოსთან მიმართებით, გამიჭირდება რამის წინასწარმეტყველება.

თეორიულად, შეჩერების მექანიზმის, როგორც ასეთის, არსებობა ნიშნავს, რომ მისი ამოქმედების ალბათობაც არსებობს. თუმცა პროცენტულად როგორია ამის შანსი, რთული სათქმელია.

თუ საქართველო გააგრძელებს შეჩერების მექანიზმის კრიტერიუმების დაკმაყოფილებას და თუ შეიქმნა პრეცედენტი, რომ რომელიმე სახელმწიფოსთან ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა შეაჩერა, მაშინ ალბათობა იმისა, რომ საქართველო იყოს შემდეგი, გაიზრდება.

ახლა საყურადღებოა, როგორ განვითარდება მოვლენები, რომლებიც უკავშირდება ალბანეთსა და ნიდერლანდებს: ნიდერლანდებმა რამდენიმე დღის წინ მიმართა ევროკომისიას ალბანელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.

თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდა, მე ვვარაუდობ, რომ რისკის იმისა, რომ ჩვენ ვიყოთ შემდეგი, არის ძალიან მაღალი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button