ახალი ამბები

ISFED-ი არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქის 9 ივნისის შუალედური არჩევნების მეორე ტურის შესახებ დღის 2 საათის მდგომარეობით არსებულ ვითარებას აფასებს.

ISFED შუალედური არჩევნების მეორე ტურს, მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქის ყველა უბანზე 31 მოკლევადიანი დამკვირვებლის, საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლებისა და 2 მობილური ჯგუფის მეშვეობით ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით აკვირდება.

ISFED-ის შეფასებით, ყველა უბანზე ხმის მიცემის პროცესი დროულად, ზუსტად დილის 8 საათზე დაიწყო და „უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა“.

ორგანიზაციის განმარტებით, #11, #18, #22, #32 და #33 საარჩევნო უბნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების – „მრავალეთნიკური ერთობის“, „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირის“, „მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“ და „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ წარმომადგენლების მობილიზებასა და მათ მიერ ამომრჩევლების აღრიცხვას ტენდენციის სახე აქვს.

ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დარღვევებიც დააფიქსირეს. კერძოდ, #12 საარჩევნო უბანზე ცესკომ უბანს ჩამოაშორა რეგისტრატორი, რომელიც ამომრჩევლების აღრიცხვას აწარმოებდა.  #3 საარჩევნო უბანზე კი, ISFED-ის ინფორმაციით, რეგისტრატორმა ამომრჩეველს ხელი შვილის გრაფაში მოაწერინა.

ISFED-ი მოქალაქეებს მოუწოდებს, „მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება“.

მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ვლადიმერ კახაძე და ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან. პირველმა მათგანმა, 19 მაისის შუალედური არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლის ხმების 41%, ხოლო მეორემ 36.83% მიიღო.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button