ახალი ამბები

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო

4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსა და კიდევ 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეზოლუციას მხარი 79-მა ქვეყანამ დაუჭირა, 15 წინააღმდეგი იყო, 57-მა კი – თავი შეიკავა.

ეს უკვე მეთორმეტე, შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუციაა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს. პირველი რეზოლუცია, რომელიც 2008 წელს მიიღეს, მხოლოდ ოკუპირებულ აფხაზეთს ეხებოდა, ყველა მომდევნო დოკუმენტი კი ეხება როგორც აფხაზეთს, ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს.

გასულ წელს რეზოლუციას მხარი 81-მა ქვეყანამ დაუჭირა, 16 წინააღმდეგი იყო, 62-მა კი თავი შეიკავა.

2017 წელს რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, 61-მა კი თავი შეიკავა.

რუსეთი ფედერაციასთან ერთად, წელს რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა შემდეგმა ქვეყნებმა მისცეს: ბელარუსი, ბურუნდი, კომოროს კუნძულები, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, მიანმარი, ნაურუ, ნიკარაგუა, სუდანი, სირია (შარშან მოწინააღმდეგეთა რიგებში არ იყო), ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე.

წელს, პანამამ და სინგაპურმა თავის შეკავების პოზიცია მხარდაჭერით შეცვალეს. საუდის არაბეთმა და სან ტომე-პრინსიპემ კი პირიქით, მხარდამჭერის ნაცვლად, წელს თავის შეკავება არჩიეს. ასევე, მხარდამჭერთა რიგებში აღარ არიან ლიბერია და ანტიგუა და ბარბუდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

„წელს გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში“.

გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ „უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკიდურესად შემაშფოთებელი რჩება“.

მისივე თქმით, „მოსახლეობას უწევს გატაცების, უკანონო დაპატიმრების, საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ასევე, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოთმენა“.

კახა იმნაძემ გაეროს გენერალური მდივნის ბოლო ანგარიშზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც „საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებისას“ ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების „ტრაგიკული დაღუპვაა“ აღწერილი. მისივე თქმით, ასეთი შემთხვევები ხშირია და ამის მაგალითებად დავით ბაშარულის, გიგა თხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას შემთხვევები დაასახელა.

საგარეო საქმეთა სამინსიტროს განცხადებით:

„საქართველოს დიპლომატიური სამსახური მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან აღნიშნული საკითხი, მის საბოლოო გადაჭრამდე, რომელიც გულისხმობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას და აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“.

გასული წლების რეზოლუციებს გაეცანით ბმულებზე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button