ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენი გამოიტანა

7-თვიანი განხილვის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვან გ.ბ.-ის მიმართ დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში განაჩენი უცვლელი დარჩა. მას სასჯელი 11 წლამდე და სამ თვემდე დაუმძიმდა. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს, სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და მის მიერ დავით სარალიძის მიმართ ჩადენილი დანაშაული მკვლელობის მცდელობიდან – ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად ჩადენილ მკვლელობაზე  გადააკვალიფიცირა. გ.ჯ.-ს, სასჯელის საბოლოო სახით, 11 წელითა და სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მხარეებს განაჩენის გასაჩივრება მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში შეუძლიათ.

სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ შეაფასა და განაცხადა, რომ „ეს იყო სამართლის აღდგენის პირველი უდიდესი ნაბიჯი“ და „ბრძოლა გრძელდება“.

„არავინ იფიქროს, რომ ან მოვდუნდები, ან გვერდზე გავიწევი. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ [მას] ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება, კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს, არავის არაფერს შევარჩენ… მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომ თავი შეიკავონ ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის პოლიტიკურად გამოყენებისა და სპეკულაციებისგან, ჩემზე უკეთ არავინ იცის მე ჩემი შვილი როგორ დავიცვა“, – განაცხადა მან მედიასთან საუბრისას.

სარალიძის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის განმარტებით კი, „სასამართლომ სრულად მიუთითა პროკურატურას, რომ საქმე გამოუძიებელია, მას საქმეში დაუდგენელი პირები ჰყავს და არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა იქითკენ, რომ ეს დაუდგენელი პირები დადგენილად ექცია“.

მისივე თქმით, ხორავას ქუჩის საქმეში არაერთი „მიზანმიმართული“ დარღვევა იკვეთება და „დღეს დადგა ის მომენტი, როდესაც პროკურატურამ უნდა გასცეს კითხვებს პასუხი და გადადგას ქმედითი ნაბიჯები“.

საქმის პროკურორის თორნიკე ნადირაძის შეფასებით, სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გ.ჯ. სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის საქმეში დამნაშავედ ცნო. „რაც შეეხება სასამართლოს სრულ გადაწყვეტილებას, მას შემდეგ, რაც ჩავიბარებთ სრულ გადაწყვეტილებას, მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ ვიმოქმედოთ“, – განაცხადა მან.

არასრუწლოვნების მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 2018 წლის 31 მაისს მიიღო. საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებული (გ.ბ.) დამამძიმებელ გარემოებაში, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მეორე ბრალდებულს (გ.ჯ.) სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობა მკვლელობის მცდელობად გადაუკვალიფიცირა და სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში ორივე ბრალდებული გაამართლა. აღნიშნულს საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი და მაშინდელი მთავრი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button