Placeholder canvas
ახალი ამბები

ვინ ვის (არ) უჭერს მხარს არჩევნების მეორე ტურში?

9 ივნისს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ვლადიმერ კახაძე და ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან. არჩევნების პირველ ტურში პირველმა ამომრჩევლის ხმების 41.01% მიიღო, ხოლო მეორემ 36.84%.

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, გაჩნდა კითხვა – მოახერხებდნენ თუ არა, ოპოზიციური პარტიები მობილიზებას და მეორე ტურში გადასული ოპოზიციური კანდიდატისთვის – შალვა შავგულიძისთვის გაერთიანებული ძალებით მხარდაჭერას. Civil.ge მათ პოზიციებს გთავაზობთ.

არჩევნების მეორე ტურში შალვა შავგულიძეს ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა ექნება. პირველი ტურის წინ, ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, პარტიებს საარჩევნო ოლქებში კანდიდატები არ უნდა დაეპირისპირებინათ და მხარი ერთმანეთის კანდიდატებისთვის დაეჭირათ. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ შეთანხმება კვლავ ძალაშია. შალვა შავგულიძის მხარდაჭერისკენ თანაპარტიელებს და მხარდამჭერებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა.

29 მაისს გამართულ ბრიფინგზე მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის ყოფლმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ლევან იოსელიანმა, რომელსაც პირველ ტურში ამომრჩევლის 6.55%-მა დაუჭირა მხარი (964 ხმა) განაცხადა, რომ ის არჩევნებში მხარს არცერთ კანდიდატს დაუჭერს. მისი განმარტებით, მისი ამომრჩეველი მიიჩნევს, რომ მეორე ტურში მხარი შალვა შავგულიძეს არ უნდა დაუჭიროს.

„მიუხედავად პიროვნულად ჩემი პატივისცემისა, მათთვის მიუღებელია, ის პოლიტიკური არჩევანი, რომელიც მან გააკეთა და თავისი მომავალი მან დაუკავშირა ევროპულ საქართველოს“, – განაცხადა მან.

არჩევნების მეორე ტურში რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერას არ გეგმავს მთაწმინდის ყოფილი დამოუკიდებელი კანდიდატი სოფიო ხორგუანი. მას პირველ ტურში მხარი ამომრჩევლის 2.64%-მა (388 ხმა) დაუჭირა მხარი.

როგორც ხორგუანმა Civil.ge-სთან საუბარში განმარტა, ის ამ ოლქის ამომრჩეველი არ არის და ერთადერთი მოწოდება რაც ამომრჩევლის მიმართ აქვს, არჩევნებში მონაწილეობის მიღებაა. მისი განცხადებით, ორი უარყოფით ფაქტორი, რაც არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, საარჩევნო უბნებზე კოორდინატორების მობილიზების „მანკიერი“ პრაქტიკა და ამომრჩევლის დაბალი აქტივობა იყო.

საკუთარი ამომრჩევლისთვის არჩევნების მეორე ტურში ვინმეს მხარდაჭერისკენ მოწოდებას არ გეგმავს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“. პარტიამ შალვა შავგულიძეს მოუწოდა, მათ მხარდამჭერებთან ესაუბრა და დაერწმუნებინა, თუმცა გირჩში ამბობენ, რომ მათ შეთავაზებას შავგულიძე არ გამოხმაურებია. „გირჩის“ სახელით 19 მაისის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს გერმანე საბო იყრიდა. მან ამომრჩევლების 4.76%-იანი (701 ხმა) დაიმსახურა.

არჩევნების მეორე ტურში მხარს არავის დაუჭერენ ასევე ყოფილი დამოუკიდებელი კანდიდატები კობა დავითაშვილი და გრიგოლ გეგელია. პირველმა მათგანმა პირველ ტურში ხმების 2.91% (428 ხმა), ხოლო მეორემ – 3.14% (462 ხმა).

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლის ხმების 1%-ზე ნაკლები მიიღეს.

განსჯისათვის: პოლიტიკური რეიტინგები

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის (NDI) მიერ 21 მაისს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტების 21% აცხადებს, რომ ქართული ოცნება მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოსაა. რესპონდენტების 15%-მა მსგავსი დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის მიმართ გამოხატა.

შემდეგ მოდიან ევროპული საქართველო 4%-ით და პატრიოტთა ალიანსი 3%-ით. რესპონდენტების 12%-მა ან უარი განაცხადა პასუხზე, ან აღნიშნა, რომ არ იციან, რომელი პარტია დგას მათთან ყველაზე ახლოს. 37%-მა განაცხადა „არცერთი პარტია“, ხოლო 8%-მა სხვა პარტია დაასახელა.

19 მაისს შუალედური და რიგგარეშე არჩევნები ერთდროულად 14 ოლქში ჩატარდა. შესაბამის ოლქებში რეგისტრირებული 402 019 ამომრჩევლისთვის 410 უბანი გაიხსნა. ამომრჩევლის საშუალო აქტივობა 43.1% (173 361 ამომრჩეველი) იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button