Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სიტყვა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 101 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე:

„უწმინდესო და უნეტარესო,

ქალბატონო პრეზიდენტო,

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ქართველო ოფიცრებო და ჯარისკაცებო,

პატივცემულო სტუმრებო,

დღეს, საქართველო კიდევ ერთხელ დიდი ზეიმით აღნიშნავს, დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ დღეს. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით, ასრულდა, არა მხოლოდ ქართველი ხალის დამოუკიდებლობის საუკუნოვანი ოცნება, არამედ აღდგა ისტორიული სამართლიანობაც. საქართველო დაუბრუნდა საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ამ დიად დღეს მთელი საუკუნე გვაშორებს, მაგრამ დღემდე, ჩვენი გული სიამაყით ივსება, რადგან ქართველმა ხალხმა მეოცე საუკუნის დასაწყისში, შეძლო არა მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვება, არამედ იმ დროისათვის პროგრესული, მოწინავე და ღრსეული სახელმწიფოს შექმნა. საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო, არის და დარჩება ჩვენი ხალხის სამართლიანი სიამაყის საგნად. ერთი საუკუნის შემდეგ, ჩვენ კვლავაც შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც აღიარებენ და პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში.

როგორც 100 წლის წინ, ახლაც, ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია არა მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვება და შენარჩუნება, არამედ ჩვენს ძალებშია დემოკრატიული, სამართლიანი, დღევანდელი მსოფლიოს ბევრი ქვეყნისათვის მაგალითის მიმცემი ქვეყნის აშენება.

ნიშნადობლივია, რომ დღეს საქართველოს მეგობრები და თანამოაზრეები არიან მსოფლიოს ყველაზე მოწინავე, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოები. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მალე გახდება დღევანდელი დემოკრატიული მსოფლიოს ყველაზე მძლავრი და წარმატებული ორგანიზაციების – ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი.

საქართველოს ისტორიაში ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპისა და დასავლეთის სამყაროს ღირსეულ წევრობასთან. საქართველოს სახლემწიფოს დღევანდელი წინსვლისა და მსოფლიოში მოპოვებული პრესტიჟის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემოქმედი ჩვენი თავდაცვის ძალებია. ჩვენი ჯარი არის არა მხოლოდ სახელმწიფოს უმთავრესი საყრდენი და ჩვენი მშვიდობის გარანტი, არამედ თვალსაჩინო საბუთიც, რომ საქართველო დღეს შემდგარი და წარამტებული სახელმწიფოა, რომელსაც დიდი მომავალი ელოდება.

მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდა ჯარისკაცებს, რომლებმაც დღეს ფიცი უნდა დადონ სამშობლოს წინაშე – თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს მომავალი, სიამაყე და ძლიერება, თქვენ ღირსეულად უნდა ატაროთ ქართული მეომრული სულის ათასწლოვანი ტრადიცია და მომავალ თაობებს გადასცეთ გაძლიერებული და გამთლიანებული საქართველო.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

დიდი მადლობა!“

მსგავსი/Related

Back to top button