Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

კრწანისის ველი და დამოუკიდებელი საქართველო

გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 26 მაისი.

სალამი კრწანისის ველზე დახოცილ გმირებს!

სალამი და დიდება სამას არაგველთ, რომელთაც ფიცი დადეს: სამშობლოს დასაცავად  ან გავიმარჯვებით, ან ძმურათ დავიხოცებითო! და დაიხოცა სამასივე და მათი სახელი, ვითარცა სამასი სპარტანელის, საქართველოს ერის გულში – მის ისტორია-მატეანეში ოქროს ასოებით სწერია და მათი მაგალითი საშილიშვილოთ გადადის, მათი მოქმედება სამაგალითო გამხდარა!

სალამი და ნეტარება თქვენ ცხრა  ძმებო, დას-დასათ, ძმა შვილებათ შეფიცულნო, რომელნიც საქართველოს მთებიდან, ვითარცა არწივნი, მოფრინდით მშობელ თბილისის დასაცავად და ვითარცა თივას ცეცხლი, მოედევით ურიცხვს მტერს, და მრავალჯერ ძლიეთ მას!..

ვითარცა მასას შვილები რკინის სალტესავით გარს შემოერტყით, თქვენ საყვარელს გმირს – პატარა კახს და აღა მახმად ხანის მოზღვავებულ ჯარს მამაცურად თფილისის კაბჭესთან შეხვდით!..

გიხაროდენ, რამეთუ დროშა იგი, რომელიც თქვენ გჭერიათ საქართველოს დასაცავად, კვლავ ამაყათ ფრიალებს საქართველოს თავზე და, ვითარცა ცისარტყელა, აცისკროვნებს დედა ქალაქ თფილისს, ჩვენცა გვაქვს თავისუფლების სასაფლაო, სადაც გვიწვანან თქვენებრ შეფიცულნი ცხრა ძმანი! (იგულისხმება 1905 რევოლუციიის დროს დაღუპული მუშები – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა) ჩვენ დღესაც განვაგრძობთ დიად  ბრძოლას და მაშინ, როდესაც ძმობა-ერთობის დროშა კაცობრიობას ხელიდან დავარდნია – ამ დროშას მშვენიერი პატარა საქართველო ამაყათ აფრიალებს თქვენ საყვარელ სამშობლოში კაცობრიობის სადღესასწავლოთ და როდესაც სრულიათ გავიმარჯვებთ, მაშინ მოვალთ თქვენ საფლავებთან, დაგიდგამთ დიდების ძეგლს და ჩამოგძახებთ: გიხაროდნენ, რამეთუ ქვეყანა გამარჯვებას დღესასწაულობს და თქვენ საყვარელ პატარა საქართველოს ამ დღესასწაულში  პირველი ალაგი უჭირავს!..

ას წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენ უთანასწორო ბრძოლაში დაეცით, ას წელზე მეტია, რაც საქართველოს თავისუფლების დროშა აღარ უხილავს, მაგრამ ნება მომეცით გმირებო მოგილოცოთ, რომ ეს დროშა დღეს ამაყათ ელვარებს თქვენ საყვარელ დედაქალაქ თფილისში!..

ვლასა მგელაძე, სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი

მსგავსი/Related

Back to top button