Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ქუთაისის მუნიციპალური ცხოვრება

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 8 ოქტომბერი, N226.

            ქუთაისის ქალაქის თავი დიმიტრი კალანდარიშვილი, რომელიც ავადმყოფობის შემდეგ დასასვენებლათ წაღვერში იყო წასული დაბრუნდა ქუთაისში და შეუდგა თავის მოვალეობას.

            ქუთაისის ქალაქის საბჭომ თავის მორიგ სხდომაზე 24 სექტემბერს დაადგინა ქუთაისის თვითმმართველობასთან არსებული სასურსათო განყოფილება დარჩეს, ქალაქის სალაროდან გადაიდვას (3 500 000 მანეთი) თანხა, სასურსათო საქმის საწარმოებლათ; მოხდეს ქალაქის გამგეობასთან არსებული სასურსათო ორგანიზაციის გადახალისება. ცხოვრებაში გატარებულ იქნეს ქალაქის უბნებში არსებული საუბნო კომიტეტების რეორგანიზაცია

            ქუთაისის ქალაქის საბჭოს სასკოლო კომისიამ რომელიც შესდგა ხმოსან ალექსანდრე პაპავას თავმჯდომარეობით, ქალაქის სკოლების ინსტრუქტორათ აირჩია ქუთაისის კომერციული სასწავლებლის მასწავლებელი სერგო თოფურია. – 24 სექტემბერს  ს. თოფურია თანახმათ სასკოლო კომისიის შუამდგომლობისა ქალაქის გამგეობამ ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე დაამტკიცა.

            ქუთაისის ქალაქის გამგეობამ ქალაქში მოქმედ ყველა საზოგადო და მთავრობის დაწესებულებების გამგეებს და უფროსებს ამ დღეებში ოფიციალური მიწერილობა გაუგზავნა იმის შესახებ, რომ მათ მთავრობის დეკრეტით დაკისრებული აქვთ ერთდროული სასანიტარო გადასახადი ჯამაგირებიდან დაუკავოს მათდამი რწმუნებული დაწესებულებების მოსამსახურეებს და ფულები დაჩქარებით ქალაქის გამგეობის სალაროში წარმოადგინონ.

            ქალაქის გამგეობის წევრმა ლევან ქორქაშვილმა საბჭოსთვის წარსადგენათ, განათების შესახებ სავალდებულო დადგენილების გამოსატანათ წინადადება მისცა ქალაქის ინჟინერს გ. აბაშიძეს ქალაქის ყველა ქუჩების სათანადო განათების შესახებ დაჩქარებით შეადგინოს გეგმა და სათანადო განკარგულებით ის ქალაქის გამგეობას წარმოუდგინოს.

            ქუთაისის ქალაქის გამგეობა მოქალაქეების ახლო დახმარებით უკვე შეუდგა ქალაქის განაპირა ქუჩების გაფართოებასა და შეკეთებას.

            თანახმად ქუთაისის ქალაქის საბჭოს დადგენილებისა ქალაქის გამგეობა შეუდგა ქალაქის თეატრის შენობის რემონტს. გამგეობამ ყოველგვარი ზომები მიიღო, რომ ქართული წარმოდგენების სეზონის დაწყების საქმე არ დაბრკოლდეს და არ დაგვიანდეს, საჩქაროთ დამთავრდეს ქალაქის თეატრის შენობის რემონტი.

            ქალაქის თვითმმართველობამ სასოფლო სამრეწველო ბანკს გადასცა ზოგიერთი ნივთის ჩამოსასხმელი ჭურჭელი (ქილები) რისთვისაც ბანკი ქალაქს პირობებით შეეკრა – უზრუნველყოს ბანკმა ყველა მოქალაქეები ნავთით ბენზინით და მაზუთით. ნიხრი ბანკის მიერ ქალაქში შემოტანილ ნივთზე, ბენზინზე, მაზუთზე და ზეთეულობაზე ქალაქის გამგეობამ უნდა დააწესოს.

            ქალაქის სანიტარულ წესების დარღვევისთვის ქალაქის სანიტარულმა ექიმმა ვალერიან ლორთქიფანიძემ და ქალაქის სანიტარულმა ზედამხედველმა სარდიონ დათიაშვილმა ოქმები შეუყენეს და სათანადო განკარგულებისთვის ქალაქის გამგეობას წარუდგინეს შემდეგი პირები: ანნა ელიგულაშვილი, აბრაამ და შაფათა თავდიდიშვილები, ხაიმ იაკობაშვილი, ისრაილ შამელაშვილი, ისრაილ ენუქიშვილი, გაბრიელ ბუზიაშვილი, დავით თინიკაშვილი და ისრაილ ბუზიაშვილი.

მსგავსი/Related

Back to top button