Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ოსების ეროვნული საბჭო ავტონომიას მოითხოვს

გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 15 მაისი, №105.

ჩვენი გაზეთის დღევანდელ ნომერში იბეჭდება სანიმუშო ორი ამბავი ოსების ეროვნული საბჭოს „მოღვაწეობისა“.

           ჩვენ ბევრი რამ ვიცოდით ამ საბჭოს „მოღვაწეობის“, ვიცოდით, რომ ეგრეთ წოდებულ მთიან ოსეთში ძლიერია ყაჩაღთა ბრბო, რომელიც თავს აფარებს ინტელიგენტთა ჯგუფს და ამ ჯგუფში ბევრი ყოფილი ძველი მთავრობის მოხელეა. ვიცოდით აგრეთვე, რომ ამ კუთხეში, რომელიც ცხინვალს ზევიდან იწყება ჯავის ხეობით და ემიჯნება თერგის ოლქს როკის უღელტეხილით, ჩვენი მთავრობის გავლენა სუსტია.

            აქ ჯერ ბოლშევიკურ მოძრაობის სახით იჩინა თავი აჯანყებამ, რომელიც ცხინვალის გაძარცვით და გორის კომისარ მაჩაბლის და სხვების დახოცვით დასრულდა.

            აჯანყება თავის დროზე ჩაქრობილი იქნა, მაგრამ სამწუხაროთ, გორის ტრიბუნალმა, რომელსაც უნდა დაესაჯა დამნაშავენი, ვერ შესძლო საქმის მოწყობა და ცხინვალის ამბების მეთაურები უფრო გათამამდნენ და ეროვნულ საბჭოში მოიყარეს თავი.

            მათი მოქმედების პროგრამა ჩვენ გავიგეთ ოსთა ყრილობის დადგენილებიდან: ისინი რუსეთთან შეერთების სურვილს გამოსთქვამდენ, მაგრამ შემდეგ ამ სურვილზე ხელი აიღეს და ავტონომიას მოითხოვდნენ.

            კიდეც რომ დავუშვათ ერთი წუთით, რომ შესაძლებელია მათთვის ავტონომიის მიცემა, ცხადია, მათ უნდა ექნეს ტერიტორია, ასეთ ტერიტორიათ შეიძლება გვევარაუდებია ჯავის ხეობის სამი სოფლის საზოგადოება.

            ოსეთის საბჭო კი, როგორც ვტყობილობთ საჩხერის გამომძიებლის ქაღალდიდან, თავის ძალას ავრცელებს ყველა იმ ადგილებზე, სადაც ოსები ცხოვრობენ. ასეთი თავხედობა ჯერ-ჯერობით არავის არ გაუბედია, თვით დიდი გერმანია და ინგლისი არ წასულან ისე  შორს, არ ჩაუდენიათ ის, რასაც ოსების ეროვნული საბჭო სჩადის.

            ოსეთის ეროვნული საბჭო არ ასრულებს ცხინვალის გამომძიებლის ბრძანებას. მაგრამ ეს ცოტაა. ის ქართულ ენაზე დაწერილ ბრძანებებს განუხილველად სტოვებს, თავის „საბრძანებელში“ სახელმწიფო ენას არ სცნობს.

            ასეთი საქციელი ოსების ეროვნულ საბჭოში ყოვლად შეუწყნარებელია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი დაუყოვნებლივ ალაგმვაა საჭირო.

            მთავრობამ ერთხელ გამოაცხადა, რომ ის არ დაუშვებს ოსთა ეროვნული საბჭოს არჩევნებს. ეს ცოტაა, საჭიროა საზოგადოებამ იცოდეს, კანონიერ პასუხისგებაში არიან თუ არა მიცემული დამნაშავენი და რა ზომებია მიღებული იმ ყაჩაღების წინააღმდეგ, რომელმაც საბჭოს მეოხებით მაგრათ მოიკიდა ფეხი. 

ნიმუშები ოსების ეროვნული საბჭოს “მოღვაწეობიდან”

საჩხერეში

საჩხერის უბნის სასამართლოს გამომძიებელმა ამა 19 მარტს ოლქის სასამართლოს ბრალმდებელს გამოუგზავნა მოწერილობა, რომელშიაც აღნიშნა მიზეზები საქმეთა დაუმთავრებლობისა და სხვათა შორის აცნობა: “მიუხედავათ ამისა, მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ მე ვაგზავნი ჩიხის და არგვეთის საზოგადოების კომისრების სახელზე მოწმეთა და დამნაშავეთა მოწოდებას. კომისრები მიბრუნებენ მოწოდებას, რომელზედაც წარწერილია “ამა და ამ მოწოდებულმა ოსებმა უარი განაცხადეს მოწოდებაზე ხელის მოწერასა და გამოცხადებაზე და ახსნეს, რომ მათ ჰყავთ თავიანთი საკუთარი მთავრობა, რომელსაც ექვემდებარებიან და ემორჩილებიან, სხვა მთავრობას კი არ ემორჩილებიან და საჩხერის გამომძიებელთან ამიტომ არ გამოცხადდებიან”.”

ცხინვალში

ცხინვალის გამომძიებელი სწერს სამხრეთ ოსეთის ნაციონალურ საბჭოს თავმჯდომარეს: “გთხოვთ დაუყოვნებლივ წარმომიდგინეთ ავეჯი, წართმეული მასწავლებელი ქალის კალაგოვის მკვლელ კონსტანტინე ბეგიზოვისაგან, წარმოდგენილი თქვენთან კომისრისგან, მთის ოსეთისა ლ. ცხოვრებოვის მიერ, – სახელდობრ: ქისა 123 მანათი და 15 კაპეკი ფულით, ქალის შავი საათი და მოწმობა კ. ბეგიზოვის სახელზე და აგრეთვე მისივე ბილეთი”.

პასუხი რუსულათ

“ცხინვალის ნაწილის გამომძიებელს, სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო გიბრუნებს რა მოწერილობას იმის გამო, რომ საბჭოში
არ მოიპოვებიან მთარგმნელნი და ისეთი პირები, რომელთაც იცოდნენ ქართული ენა, გთხოვთ ეროვნულ საბჭოსთან მიწერ-მოწერა აწარმოოთ რუსულ ენაზე. სამხრეთ ოსეთის საბჭოს თავმჯდომარე ი. პლიევი”.

მსგავსი/Related

Back to top button