რესპუბლიკის ამბები

საქართველოს მთავრობის ნოტა მისიებისადმი მთიელთა რესპუბლიკის შესახებ

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 4 ოქტომბერი, N223.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1919 წლის 2 ოქტომბერს შემდეგი ნოტა გაუგზავნა მოკავშირეთა უმაღლეს კომისარს ამიერკავკასიაში პოლკოვნიკ ჰასკელს, დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს ამიერკავკასიაში ბატონ უორდროპს, იტალიის მისიის ხელმძღვანელს ამიერკავკასიაში პოლკოვნიკ გაბბას, საფრანგეთის სამხედრო მისიის უფროსს კავკასიაში და საბერძნეთის მისიის თავმჯდომარეს კავკასიაში:

            „დაღესტანსა და ჩრდილოეთ კავკასიაში, ყოფილ მთიელთა კავშირის რესპუბლიკის მიწა-წყალზე სწარმოებს სისხლის მღვრელი ამბები, რომელსაც შესაძლებელია დიდი შედეგები მოჰყვეს.

            ამჟამად მოხალისეთა ჯარის მიერ დაპყრობილი ამ ოლქების მთელი ხალხი აღსდგა მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ და ამ ჟამად მათ შორის მკაცრი ბრძოლა სწარმოებს.

            ეჭვი არაა, რომ ამ აჯანყების ჩაქრობის მიზნით, მოხალისეთა ლაშქრის სარდლობა დაიწყებს შეტევას, რაც გამოიწვევს სისხლის ღვრას, სოფლების და ქალაქების განადგურებას და ხალხის მოსპობას.

            ამ ამბებს არ შეუძლია ანარქია არ გამოიწვიოს მთელს მხარეში, რაც დამღუპველი იქნება არამც თუ მარტო ადგილობრივ მშვიდობიან მცხოვრებთათვის, არამედ მეზობელ რესპუბლიკებისთვის და კერძოდ საქართველოსთვისაც, სადაც აგრეთვე, უეჭველია, მას შეუძლია გადავიდეს.

            საქართველოს მთავრობა შიშით ადევნებს თვალყურს ამ ამბებს და არ შუძლია გულცივათ შეხვდეს მას, რადგან მეზობლათ გაზრდილი ანარქია სერიოზული საფრთხე შეიქმნება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ წესწყობილებისა და საზოგადოებრივი სიმშვიდისთვის.

            ხელმძღვანელობს რა ამ მოსაზრებით, საქართველოს მთავრობა პროტესტს აცხადებს საკითხების იარაღის ძალით გადაწყვეტის ცდის გამო და გთხოვთ თქვენ აღმატებულებას საქმეში ჩარევით ბოლო მოუღოთ მძვინვარე სისხლის მღვრელ ამბებს და ანარქიას, და აგრეთვე ზომები მიიღოთ, რომ მღელვარების გამომწვევი საკითხები გადაწყვეტილი იქნეს არა იარაღის საშუალებით, არამედ ხალხთა მიერ თავისუფალ ნებისყოფის გამოთქმის და მათი თვითგამორკვევის უფლების პრინციპის განხორციელების გზით“.

საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი

მსგავსი/Related

Back to top button