ახალი ამბები

საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერებმა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 15-16 მაისს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს სტუმრობს. დღეს ის თავის ყაზახ კოლეგას, პრემიერ-მინისტრს ასკარ მამინს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მაღალ დონეზე და სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდის მიმართულებით არსებულ პოტენციალზე ისაუბრეს. ამავე ინფორმაციის თანახმად, ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანი საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს ყაზახეთთან სავაჭრო ბრუნვამ 149.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტის მოცულობა 90.8 მილიონი აშშ დოლარი (2017 წელს 52 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტის მოცულობა 58.7 მილიონი აშშ დოლარი (2017 წელს 30 მლნ აშშ დოლარი) იყო.

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბახტაძემ და მამინმა ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების „მნიშვნელოვან პოტენციალს“ გაუსვეს ხაზი, მათ შორის ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში.

ყაზახეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მათი სავაჭრო ბრუნვა „უმოკლეს დროში“ გაორმაგდება და 300 მილიონი აშშ დოლარს მიაღწევს.

„ჩვენი საერთო მიზანი იმ პროექტების განხორციელებაა, რომლებიც სავაჭრო მოცულობას გაზრდის და ქვეყნებს შორის სავაჭრო გაცვლებს ახალ ბიძგს მისცემს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამინმა.

ყახაზეთის მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების ფარგლებში.

ყაზახეთში ვიზიტისას, მამუკა ბახტაძე ქვეყნის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და სენატის თავმჯდომარეს დარიგა ნაზარბაევას შეხვდა. ხვალ ის ასტანის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქში 16-17 მაისს იმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button