ახალი ამბები

მამუკა ბახტაძე: საქართველო „მეტს იმსახურებს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 14 მაისს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მაღალი დონის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო 10 წელი საქართველოსთვის გამორჩეული მოგზაურობა იყო და რომ ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ბევრს მიაღწია.

„ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის ისტორიული მიღწევებია, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ხედვა, რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერად მიიჩნევა და ვფიქრობთ, რომ მეტს ვიმსახურებთ“, – აღნიშნა ბახტაძემ.

„ათი წლის წინ, აღმოსავლეთ პარტნიორობა შესანიშნავი იდეა იყო, ეს მამაცი და შორსმჭვრეტელური იდეა იყო, მაგრამ ათი წლის თავზე, სხვა დიდი იდეა გვჭირდება იმისათვის, რომ ყველა ქვეყანა დარწმუნდეს, რომ მათ რეალური ამოცანა აქვთ წინსვლისთვის“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

„ასევე გვესმის, რომ ევროკავშირი გამოწვევების წინაშე დგას როდესაც საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეხება, მაგრამ  ამავე დროს, ვფიქრობთ, რომ საქართველო მზადაა წინ წავიდეს, ანუ მიგვაჩნია, რომ რეალური წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება დარგობრივი ინტეგრაციის პროცესის დაწყება“, – აღნიშნა ბახტაძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოსთან ერთად, ევროპული ოჯახი უფრო ძლიერია“ და რომ შავი ზღვის გარეშე „შეუძლებელია მდგრადი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა ევროკავშირში“.

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს, მოლდოველ კოლეგას პაველ ფილიპს, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს და EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს იურგენ რიგტერინქს შეხვდა.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ექვს პარტნიორ ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) შორის პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, 2009 წელს ჩამოყალიბდა.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button