Placeholder canvas
ახალი ამბები

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე აღინიშნა

13 მაისს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები და წარმომადგენლები, ასევე მათი კოლეგები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ბრიუსელში მინისტერიალზე შეიკრიბდნენ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ, რომელიც ყოველწლიურ შეხვედრას თავმჯდომარეობდა, მინისტერიალის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებმა მიღწეული პროგრესი შეაფასეს და „სტრატეგიული და ამბიციური პარტნიორობის“ მომავალზე გაამახვილეს ყურადღება.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ექვს პარტნიორ ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) შორის პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, 2009 წელს ჩამოყალიბდა.

„წლების მანძილზე, აღმოსავლეთ პარტნიორობამ დაამტკიცა, რომ ეფექტური, მტკიცე, სათანადო და დინამიური ჩარჩოა. მისი მიზანი იყო განვითარება, ახალ გამოწვევებთან, მათ შორის, სტაბილურობასთან და მედეგობასთან ადაპტირება, და საბოლოო ჯამში, ჩვენი ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობის გაძლიერება“, – განაცხადა მოგერინიმ.

„ამ პარტნიორობას ჩვენთვის, ყველასთვის სარგებელი მოაქვს. მისი შექმნიდან 10 წლის მანძილზე, მან დაამტკიცა, რომ წარმატებულია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს პოზიტიური გამოცდილება საშუალებას გვაძლებს, რომ განვაგრძოთ ერთობლივი მუშაობა და მჭიდრო თანამშრომლობის სულისკვეთებით უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი საზოგადოებები სრულად მიიღებენ ყველა სარგებელს, დაწყებული გაზრდილი კეთილდღეობით და დამთავრებული დემოკრატიით, სტაბილურობით და უსაფრთხოებით, რაც ასეთი პარტნიორობის შედეგია“, – განაცხადა მან.

მოგერინიმ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა გამოწვევების წინაშე დგას და ხაზი გაუსვა, რომ მომდევნო წლებში ყურადღება რეფორმების განხორციელებასა და ვალდებულებების შესრულებაზე უნდა გამახვილდეს.

მისივე თქმით, მომავალი თანამშრომლობის დღის წესრიგთან დაკავშირებით, საჭიროა ყოვლისმომცველ და ფართო კონსულტაციებში ჩართვა. „ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი საერთო განზრახვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგი 2020 წლის შემდეგაც განვავითაროთ და იმავდროულად უზრუნველყოთ, რომ კიდევ უფრო ძლიერები დავრჩეთ ერთად“, – დასძინა მან.

შეხვედრამდე მოგერინიმ ასევე განაცხადა, რომ „მიუხედავად იმ სირთულეებისა და პრობლემებისა, რომლებსაც რეგიონში ჩვენ ჯერ კიდევ ვაწყდებით, ჩვენმა პარტნიორობამ მოახერხა მოეტანა საერთო წინსვლა ვაჭრობის, ეკონომიკის განვითარების, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების როლის, ვიზალიბერალიზაციისა და ბევრი სხვა მიმართულებით“.

მინისტერიალს საქართველოს სახელით საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ, ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა: „საქართველო, მოგეხსენებათ, არის ლიდერი ქვეყანა და ეს აღიარებულია ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან და ბუნებრივია, ჩვენი სურვილიც არის, რომ ის შედეგები, რომელსაც ქვეყანა აღწევს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, იყოს ადეკვატურად აღქმული და შეფასებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button