Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

სახალხო უნივერსიტეტის დღეები – საზოგადოება დემოკრატიული ინსტიტუტის გასაძლიერებლად ერთიანდება

გაზ. „სახალხო საქმე“, 1919 წლის 16 მაისი.

შაბათს და კვირას, 17 და 18 მაისს დანიშნულია სახალხო უნივერსიტეტის დღეები, ამ მნიშვნელოვანს და ჩვენი დემოკრატიისათვის უსაჭიროეს საქმის მატერიალურად მოსაღონიერებლად და უნივერსიტეტის მიზნების ფართო მასებში დასამკვიდრებლად.

            სულ მოკლე ხანში ეს საქმე თვალსაჩინოთ გაიზარდა:  თფილისში ითვლება 8 ქართული, 3 სომხური, 1 რუსული და 1 თათრული განყოფილებები, რომელთაც მრავალი მსმენელი ეტანება, უნივერსიტეტს აქვს განყოფილებებთან სამკითხველოები, სახალხო კონსერვატორია, დრამატული სტუდია, წერა-კითხვის უცოდინართა სკოლები და სხვა.

            ხსენებულ დღეებში განზრახულია მრავალფეროვანი პროგრამის განხორციელება. სახალხო უნივერსიტეტის დღეების მოწყობა ითავა საპატიო კომისიამ რომელშიც შედიან: სილიბისტრო ჯიბლაძე, გიორგი ლასხიშვილი, ჰოვანეს თუმანიანი, ს.  ჩემადანოვი, მარო რამიშვილი (ნოე რამიშვილის მეუღლე), ნინო ნაკაშიძე, ანასტასია ქავთარაძისა, ანა ხომერიკისა (ნოე ხომერიკის მეუღლე) და ამ კომისიის თავმჯდომარეა ინა ივანეს ასული ჟორდანიასი (ნოე ჟორდანიას მეუღლე).

            სასურველია, რომ ჩვენი ხალხი და ფართე საზოგადოება თანაგრძნობით შეხვდეს ამ დღეებს და საშუალება მისცეს მნიშვნელოვანსა და საჭირო საქმეს განმტკიცებისა და მკვიდრ ნიადაგზე დაყენებისა.

მსგავსი/Related

Back to top button