ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოში კონფლიქტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც 2 მაისს მინისტრის მოადგილეების დონეზე შეიკრიბა, საქართველოში კონფლიქტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების „ცალსახა მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის კონფლიქტიდან ათი წლის თავზე, რუსეთი კვლავ აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს და ძირს უთხრის უსაფრთხოებას და სტაბილურობას რეგიონში, მათ შორის, „სამხედრო სწავლებების ზრდისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერების“ გზით.

კომიტეტმა რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა, მათ შორის, „საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან სამხედრო და უსაფრთხოების ძალების გაყვანისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის ჩამოყალიბების დაშვების გზით“.

კომიტეტი წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად „მუდმივი მოწოდებებისა“, რომ „შეაჩეროს ეს პროცესი“, მოსკოვი განაგრძობს მავთულხლართების და სხვა ხელოვნული ბარიერების აღმართვას ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, რომელიც ყოფს ოჯახებს და საზოგადოებას, არღვევს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

გადაწყვეტილებაში ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებსაც ეთმობა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების თვალსაზრისით.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ასევე შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გადასვლასთან დაკავშირებით ზამთარში არსებულ შეზღუდვებზე, ეთნიკურ ნიადაგზე ქართველების „გაძლიერებულ დისკრიმინაციაზე“, თვითნებურ დაკავებებზე და დაუსჯელობაზე ეთნიკური ქართველების – არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას და ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

კომიტეტმა ასევე ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ეფექტიანად გამოყენების პრიორიტეტულობას და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებს „დამფუძნებელი პრინციპების სრული პატივისცემით“, გალში შეხვედრების განახლებისკენ მოუწოდა.

მოადგილეებმა გენერალურ მდივანს მოუწოდეს, რომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ მინისტრთა კომიტეტისთვის თავისი კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენა განაგრძოს.

მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. მისი შეხვედრები მინისტრების დონეზე წელიწადში ერთხელ, ხოლო მინისტრების მოადგილეების დონეზე კვირაში ერთხელ იმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button