Placeholder canvas
ახალი ამბები

ლევან კობერიძემ ქართული ოცნება დატოვა

პარლამენტის დეპუტატმა ლევან კობერიძემ ქართული ოცნება დატოვა. აღნიშნულის შესახებ განცხადება მან დღეს გააკეთა.

კობერიძის განმარტებით, მისი ოცნებიდან წასვლის მიზეზი პარლამენტის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება გახდა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებს განსაზღვრავს.

„მე ვთვლი, რომ ეს კანონპროექტი თავისი არსით არის ნაღმი, რომელიც იქნება ჩადებული ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის და შესაბამისად მე ამ პროცესს გავემიჯნე და მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება და მე დავტოვე უმრავლესობის რიგები“, – განაცხადა ლევან კობერიძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპისთვის, ის ვინმესთან ალიანსში შესვლას არ აპირებს და დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება.

ლევან კობერიძის მიერ უმრავლესობის დატოვებაზე კომენტარი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მან ცალკეული დეპუტატების მიერ უმრავლესობის დატოვება „პოლიტიკური თამაშის ნაწილად“ და „პიარზე გათვლილ“ ნაბიჯად შეაფასა.

„ამაში უჩვეულო არაფერია, ლევანს არ გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობის და ფრაქცია ქართული ოცნების რიგებში. ის გამოხატავდა სხვა პოზიციებს ამ საკითხებთან დაკავშირებით და ძალიან სამწუხაროა, ლევანისგან განსაკუთრებით, რომ მანაც გადაწყვიტა სასამართლოს თემაზე მიება თავისი უმრავლესობიდან წასვლის საკითხი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რამდენიმე თვის წინ უმრავლესობის რიგები პარლამენტში სხვადასხვა კანონპროექტებზე უთანხმოების გამო რამდენიმე დეპუტატმაც დატოვა, მათ შორის ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ, ლაშა ნაცვლიშვილმა, გია ჟორჟოლიანმა.

საერთო სასამართლოების შესახებ უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროქტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 1 მაისს მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button