Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

სამუსლიმანო საქართველოს საკითხი

გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 26 აპრილი, N90.

            ჩვენმა ჯარმა არტაანი აიღო. საქართველოს ძველი ციხე-სიმაგრე, რომელიც მას სდარაჯობდა დასაბამიდან, მრავალ საუკუნეთა განმავლობაში ოსმალთა ბატონობის შემდეგ, კვლავ საქართველოს ჯარმა დაიკავა.

            ხდება საქართველოს გაერთიანება ტერიტორიალური. ის, რაც ჩვენ ხალხს ისტორიულად ეკუთვნოდა და გარეშე მტერმა ხმლით ჩამოგლიჯა, დღეს კვლავ ხმლითვე გვიბრუნდება, დამარცხებული მტერი გარბის და ჩვენს წინაშე იშლება ფართო პერსპექტივები საქართველო სრული გაერთიანებისა.

            არც ერთი კითხვა, ისე მწვავე არ არის ჩვენთვის, როგორც სამუსლიმანო საქართველოს საკითხი. აქ წინ გვეღობება აღმოსავლეთის დესპოტიის მძიმე უღელი, მონობა თავის ძველ ფორმებით, ხალხი მოკლებულია შინაურ ძალთა ერთობას და შეგნებას, მისი ენერგია არ ხმარდება თვით ამ ხალხსავე ინტერესების დაცვას, ის პასიური ელემენტია და საერთო საზოგადოებრივი ცხოვრების ამოძრავება ნაკლებათ ემჩნევა.

            სწორეთ ეს გარემოება ართულებს ჩვენთვის სამუსლიმანო საქართველოს საკითხს. ტერიტორიალურ გაერთიანებას არ სდევს თან იდეური გაერთიანება, ჩვენ ვერ ვამჩნევთ ამ ხალხის ძალთა ამოძრავებას, რომელიც საქართველოს საერთო ძალებთან ერთად უნდა მოქმედებდეს მონობიდან გასანთავისუფლებლათ. ამ მხრით ჩვენ და სამუსლიმანო საქართველო ორ სხვადასხვა ქვეყანას წარმოვადგენთ. აქ ფეოდალიზმი თავის ძველ ფორმებით ჯერ კიდევ ძალაშია, ბეგი სრული მფლობელია ფუხარა გლეხის, რომელსაც წარმოდგენილიც არ აქვს, თუ შეიძლება მიწათმფლობელთა ბატონობის დამხობა და ბორკილების ხელფეხზე მოხსნა. არც წარსული წლების მოძრაობა და არც ახლანდელი რევოლუცია არ შეხებია სამუსლიმანო საქართველოს არსებულ წესებს, არ დაუნგრევია ბუდე რეაქციისა და არც განუდევნია ფეოდალები, რომელნიც დღესაც უწოდებენ თავის თავს ამა თუ იმ საჯანყის, ან კუთხის მფლობელს.

            უდიდესი საფრთხე სამუსლიმანო საქართველოსი არის ძველი წესები და ფეოდალიზმი. სანამ ის არ დაინგრევა, სანამ არ ამოძრავდება თვით მუსლიმანი მშრომელ გლეხკაცობის შინაური ენერგია და არ გაიღვიძებს ეს ხალხი თავისივე ცხოვრების მოსაწყობათ, მანამ სამუსლიმანო საქართველო მუდამ სადაო იქნება, ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებიდან მისული ძალა ვერ შესძლებს ცხოვრების გარდაქმნას, ის მხოლოდ მის ზედაპირს თუ შეეხება, თორემ თვით სიღრმე ამ ბნელეთისა სრულიად ხელუხლებელი დარჩება.

            მიუხედავათ ყველა ამისა, ჩვენ მაინც უნდა გადავჭრათ ეს მძიმე საკითხი. საქართველო ვერ შეეგუება ამ კუთხეში ვერც ოსმალთა თარეშს და მითუმეტეს ვერც მის მზგავს ძალების მუშაობას. ჩვენ ჯერაც არ გვაქვს, სამწუხაროთ, ერთი ხაზი გამომუშავებული სამუსლიმანო საქართველოსთვის. ჩვენი მუშაობა როგორც ბათუმის ოლქში, ისე ახალციხეში დღემდის დაუსრულებელი მერყეობა იყო.

            მიზანი ერთია – გაერთიანება საქართველოსი, ერთ ოჯახში თავის მოყრა სამუსლიმანო და საქრისტიანო საქართველოსთვის. მარა ამ მიზნის მისაღწევათ სხვა და სხვა გზებს მივყვებით. ვერ ვცდებით ვერც ბეგებს, ვინაიდან ვაი თუ სასწორი მოწინააღმდეგეთა მხარეზე გადაიხაროს და ვერ ვეყრდნობით სრულიად მასსას, ვინაიდან არ ვართ დარწმუნებული მის შინაურ ძალთა ძლიერებაში და ამოძრავებაში.

            ერთი სიტყვით, ვართ გზა ჯვარედინზე, და ისედაც რთულ საკითხი კიდევ უფრო რთულდება.

            ვინც იცნობს სამუსლიმანო საქართველოს, ვისაც უმუშავნია მის მშრომელ ნაწილში, ის დამეთანხმება, რომ მერყეობა დამღუპველია საქმის. დემოკრატიას არ შეუძლია დაეყრდნოს სხვა ძალას, გარდა მშრომელი  ხალხის ძალას, ის ვერასოდეს ვერ შეუთანხმებს თავის პოლიტიკას ბეგების და აღების მოქმედებას, რომელთაც თავისი თვალი მუდამ სტამბულისკენ აქვთ და მხოლოდ ოსმალეთზე ოცნებობენ.

            მართალია სამუსლიმანო საქართველოში გვაქვს საქმე მხოლოდ გლეხკაცობასთან, რომელიც დღემდეს სრული მონა იყო ბეგის, მართალია აქ ადგილი არ ქონებია თვით ჩანასახსაც კი ქალაქის მუშებისა, მარა რომ ამ გზაზე შესდგეს ეს მხარე. საჭიროა ძველი ურთიერთობის დანგრევა, ერთგვარი რევოლუციის მოხდენა, რომ მოიშალოს დახავსებული ორგანიზმი ბატონყმობისა და გზა გაეხსნას ბრძოლას, რა ფორმითაც არ უნდა სწარმოებდეს ის. ამისთვისაც არის საჭირო გარკვეული ხაზი, დამეგობრება ყველა მშრომლებთან და განცალკევება რეაქციონურ ბეგებისგან.

            არტაანის შემოერთებით, ბათუმის კითხვის გადაჭრაც ახლოვდება. ადრე თუ გვიან ის საქართველოს დაუბრუნდება და ასე ტერიტორიალურათ მთელი საქართველო ერთ მთლიან სხეულს შეადგენს, ის ერთ ოჯახათ გადაიქცევა. მარა ამ შემთხვევაში არ მოხდება იდეური გაერთიანება, პირიქით ამ მხრით საქმე კიდევ უფრო რთულ ფორმებში გამოისახება და ჩვენ მალამოს ვერ დავადებთ საუკუნეების განმავლობაში დაჩენილ იარებს და წყლულებს.

            საჭიროა აქედანვე მუშაობა, საჭიროა გარკვეული ხაზის აღება და ასე ამ ხალხის შინაურ ძალების ამოძრავების აუცილებლობა.

            სამუსლიმანო საქართველოს სახალხო მმართველობის საკითხი ჩვენთვის მორიგ კითხვით სდგას. ჯერ ის არსად არ შემოგვიღია ამ მხარეში, საჭიროა მისი მოხდენილათ, სიფრთხილით დაწყება, თვით ხალხის ხელებით აშენება, რომ მომავლის შენობა სხვათა ნავსაყუდლათ არ გადაიქცეს. ნუ შეგვაშინებს რომ სამუსლიმანო საქართველოს ნაკლებათ ჰყავს ინტელიგენტური ძალები, არ მოიპოვება ამ მხარეში აქტიური მოქმედი ძალები. პირიქით, აუცილებელია სახალხო მმართველობაში ჩავაბათ თვით თუნდაც ნაკლებათ მოხერხებული ხალხი, მისივე ხელი დავანგრევიოთ არსებული ურთიერთობა; ეს კი შექმნის მომავლის აქტიურ ძალას, და ასე ტერიტორიალურ მთლიანობასთან ერთად, მივიღებთ იდეურ ერთობასაც. მაშინ ჩვენ შორის არ იქნება საზღვრები და მისული ძალაც საჭირო არ იქნება.

            რამდენათ იზრდება ტერიტორიალურათ ჩვენი გავლენა სამუსლიმანო საქართველოში, იმდენათ მწვავეთ სდგას ეს საკითხი ჩვენთვის, მანამ  სანამ არ გამოვნახავთ ამ ხალხში საიმედო ძალას, რომელიც ჩვენთან ერთად ხელიხელ ჩაკიდებული დაიცავს გაერთიანებულ დემოკრატიულ საქართველოს, ვინაიდან ის იქნება მისი თავისუფლების და ინტერესების დამცველი.

            და აი, დღეს, როცა არტაანში შევედით და ბათუმს ორი მხრიდან შემოვერტყით, როცა შორს არ არის დღე სამუსლიმანო საქართველო სრულიად განთავისუფლებისა, ჩვენ ერთი ხელით  ხმალი გვიჭირავს საზღვრების გასამაგრებლათ, მეორე ხელი მაგრად უნდა ჩავკიდოთ მშრომელ მუსლიმან გლეხ-კაცობას, ჩავაბათ ის თავისივე ქვეყნის მუშაობაში, რომ მისივე ხელით გაიკაფოს გზა და ასე სახალხო მმართველობა ნამდვილ სახალხო მმართველობათ იქცეს, ეს გზაა საქართველოს დემოკრატიის გზა და ამ გზას ვერ აცდება ვერც სამუსლიმანო საქართველო

ახალციხელი [გიორგი სარალიძე]

მსგავსი/Related

Back to top button