Placeholder canvas
ახალი ამბები

თეა წულუკიანი: „უვიზო რეჟიმის შენარჩუნებას, ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას „ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა“.

აღნიშნულის შესახებ წულუკიანმა ევროკომისიის მიგრაციის საკითხების გენერალური დირექტორის მოადგილესთან სიმონ მორდუსთან 24 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ევროპელი პარტნიორები უკვე საუბრობენ, რომ „ჩვენი მოქალაქეები, ზოგიერთი მათგანი − ბოროტად იყენებენ უვიზო მიმოსვლის მექანიზმს“.

მისივე თქმით, „გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება“. „ეს არ არის უფლება იქ წასვლის და დარჩენის ან იქ სამუშაოს მოთხოვნის; ეს არის ტურისტული ან სხვა მოკლევადიანი მიზნებისთვის უვიზოდ მგზავრობის − ჩასვლის და ჩამოსვლის − უნიკალური შესაძლებლობა“, – განმარტა წულუკიანმა და დასძინა „ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობას უვიზო მიმოსვლა შევუნარჩუნოთ“.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, წულუკიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი უკვე განხორციელდა. ამასთან, საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონს, რომლითაც უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი გახდება.

გუშინვე სიმონ მორდუს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებული წუხილის შესახებ შეტყობინება ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე მიიღო. მისივე თქმით, ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, იმ კონკრეტულ გზებზე ისაუბრეს, რაც „მინიმუმადე დაიყვანს და შეამცირებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის არასწორად გამოყენების ფაქტებს“.

„ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული წინადადებები არის, [გვაქვს] სამოქმედო გეგმა და ვფიქრობ, რომ ჩვენი ეს ერთობლივი ქმედება აუცილებლად გამოიღებს შედეგს და არ დადგება შეჩერების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგი 2012 წლის ივნისში დაიწყო და 2017 წლის 1 მარტს დასრულდა, როდესაც ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ რეგულაციას მოაწერეს ხელი. 2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.

ევროკომისიის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 2017 წლის 28 მარტიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 291 943-მა მოქალაქემ ისარგებლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button