ახალი ამბები

პანკისში განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსები და არასამთავრობოები აფასებენ

პანკისის ხეობაში 21 ამპრილს სამართალდამცველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარ დაპირისპირებას, რომლის შედეგადაც 55 ადამიანი დაშავდა, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ.

Civil.ge მათ შეფასებებს გთავაზობთ.

პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის გამოხმაურება

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი: „ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. მზად ვარ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი ვიღონო, რათა დაცული იქნას, როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები. ერთადერთი გზა შეთანხმებაა“.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია: „საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რაც უნდა განხორციელდეს გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. სწორედ ამ ინტერესების გათვალისწინებით, დაიწყო შპს „ფერიმ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში, მცირე ჰესის „ხადორი 3″ – ის მშენებლობა. საუბარია მცირე, მწვანე ჰესის მშენებლობაზე, რომელიც არ ითვალისწინებს დაგუბებას, სათავე ნაგებობის მშენებლობას, არ ეხება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და მინიმალური გავლენა ექნება ეკოლოგიაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ჰესის მშენებლობასთან ერთად, კომპანიამ აიღო სოციალური პასუხისმგებლობა ხეობისა და ჰესის მიმდებარე დასახლებების სასარგებლოდ სოციალური პროექტები განახორციელოს. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ჰესის პროექტზე ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პირდაპირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, თუ კიდევ არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, პანკისის ხეობაში გაემგზავრნენ ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი. პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის პოლიციის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხეობაში, კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ პროვოკაციას და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ადგილზე სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს. ყოველგვარი სახის ძალადობასა და დესტრუქციულ ქმედებაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური, კანონით დადგენილი რეაგირება“.

სოზარ სუბარი – მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი: „ნამდვილად იყო ძალიან ბევრი შეხვედრა და შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ მოსახლეობას ჰქონდა და აქვს სრული ინფორმაცია თავად ჰესების მშენებლობის შესახებ, რა ტიპის ჰესებია და იმაზეც, რომ საფრთხეები აქ პრაქტიკულად არ არსებობს. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ იმ შეხვედრებზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, აბსოლუტური უმრავლესობა გამოხატავდა მზადყოფნას და თანხმობას ამ ჰესების მშენებლობის მიმართ… ეს ყველაფერი იყო, თუმცა ამის მიუხედავად, მოხდა არ ვიცი, სამწუხარო გაუგებრობა, რომ ვთქვა, ალბათ, ძალიან რბილი სიტყვაა, იმიტომ, რომ როდესაც ხდება თავდასხმა პოლიციელებზე, როდესაც ხდება ტექნიკის განადგურება, დაწვა, მათ შორის, პოლიციის ტექნიკის, ამას ჰქვია დანაშაული და არ შეიძლება ამის უყურადღებოდ დატოვება… ყველა ის ადამიანი ვინც პოლიციელზე ხელი აღმართა აგებს პასუხს… რაც შეეხება სოფელში 5 მეგავატიან ჰესს, გაგრძელდება მოსახლეობასთან დიალოგი და უმრავლესობა თუ კი იქნება თანახმა, მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება. ზოგადად მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, როგორც პანკისელების, ისე მთელი საქართველოს მოსახლეობის საყურადღებოდ, რომ ენერგეტიკის განვითარება არის ჩვენი მომავალი. ამის გარეშე ჩვენ ვერ გვექნება ეკონომიკა განვითარებული… ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას შეიძლება ქონდეს და ამ დროს ყველაფერს აკეთებს ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, თუ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იმისთვის, რომ ეს დამოკიდებულება, რაც შეიძლება ძლიერი იყოს… ვერ განვითარდება ქვეყანა, თუ არ გვექნება დამოუკიდებელი ენერგეტიკა“.

ოპოზიციის შეფასებები

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი: „ამ ხეობაში ცხოვრობს განსაკუთრებულად თბილი, პატრიოტი და მშრომელი ხალხი. მე ძალიან ბევრი ახლო მეგობარი მყავდა და მყავს მანდ. ვიცნობ იქაურობას და ეს ხალხი, მთლიანობაში, იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას და სათუთ მოპყრობას. ამ ხალხმა თავისი პატრიოტიზმით შეუნარჩუნა ეს ხეობა ყველაზე რთულ პერიოდში საქართველოს და ამგვარად, მათი მოთხოვნა, რომ ჰესი, იქ, სადაც შენდება, არ აშენდეს, არის მთლიანად სამართლიანი, იმიტომ, რომ ეს ჰესი უქმნის სასიკვდილო საფრთხეს მათ საცხოვრებელ გარემოს, მათ ეკონომიკურ პერსპექტივებს და მე მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას – ორჯერ დაფიქრდით მანამ, სანამ მანდ გამოიყენებთ ძალას, გააგზავნიდეთ სპეცრაზმს, რომელსაც მისცემთ ინსტრუქციას, რომ გადაუაროს ადგილობრივ მცხოვრებლებს. მე მესმის, რატომ აშენებთ თქვენ ამ ჰესებს, იმიტომ, რომ ივანიშვილის პირდაპირი ინტერესებია, კალაძის პირადი ინტერესებია, მაგრამ ეს არ არის საქართველოს ინტერესი. ბევრ სხვა ადგილზე საქართველოში ასევე ჰესის აშენება არ შეიძლება, იმიტომ, რომ საქართველოს მთავარი შემოსავალი არის ტურიზმი და ამ ტურიზმით ირჩენს ხალხი თავს. ეს ტურიზმი შეიქმნა ბოლო წლებში და ამასაც ექმნება ახლა საფრთხე. მე მინდა ვუთხრა ჩემს პანკისელ დებს და ძმებს – გთხოვთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება, როგორც ყოველთვის, ძალიან დიდი სიფრთხილე და წინდახედულობა. ახლა აუცილებელია დიალოგი. საქართველოს ხელისუფლებას – ბოლოს და ბოლოს ახლა მაინც გამოიჩინეთ რაღაც სახის საღი აზრი და დასხედით დიალოგის მაგიდასთან საკუთარ მოსახლეობასთან და მათ ლიდერებთან“.

გრიგოლ ვაშაძე – ენმ/გაერთიანებული ოპოზიცია: „კიდევ ერთი მძიმე დღე არის საქართველოში და საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ კიდევ ერთი კრიზისის მოწყობა მოახერხა. განსაკუთრებით იმ რეგიონში, სადაც კანონმორჩილი საქართველოს პატრიოტი მოქალაქეები ცხოვრობენ. ყველა ვადევნებთ თვალყურს ამ განვითარებულ მოვლენებს, სრულიად გაუგებარი არის, რა საჭირო იყო თელავში მოლაპარაკებების წარმოება ან ვითომ მოლაპარაკებების წარმოება და პარალელურად, მუშაობის დაწყება ხეობაში. თუ რაღაც გქონდათ სათქმელი, რომელიც შეეხება ენერგეტიკას და სამართლებრივ საკითხებს, წყნარად დაგემთავრებინათ ეს მოლაპარაკებები და შემდეგ გაგეახლებინათ ეს მუშაობა. გაერთიანებულ ოპოზიციას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვე კატეგორიული მოთხოვნა: 1) დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სპეცდანიშნულების რაზმები ხეობიდან, არაფერს ეს სპეცდანიშნულების რაზმები არ აკეთებენ გარდა იმისა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები გააღიზიანონ; 2) დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან და ყველა არგუმენტი, რომელიც მოგეძევებათ, ამ არგუმენტებით დაელაპარაკეთ საქართველოს მოქალაქეებს, აუხსენით რატომ გახდა საჭირო ჰესის მშენებლობა და შეუთანხმდით, გაითვალისწინეთ მათი ინტერესები და მოთხოვნები. რაც შეეხება ჩვენს ძვირფას პანკისელებს, უმორჩილესი თხოვნა აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას, ერთიან ნაციონალურ მოძრობას, არ არის საჭირო ძალადობა. თქვენი მშვიდობიან, დაწყნარებულ პროტესტს მთელი საქართველო დაუჭერს მხარს“.

გიგი უგულავა – ევროპული საქართველო: „აქამდე რომ მიიყვან საქმეს, მავნებელი და ტოქსიკური მთავრობა ხდები. ამას ჯანსაღი აზრი, მათ შორის საკუთარი გამოცდილება, მალაპარაკებს. ჰესის აშენება არ აშენება აქ უკვე მეორეხარისხოვანია. პანკისში ივანიშვილმა გეგმაზომიერად ქნა ყველაფერი, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობა აღარ ყოფილიყო ფაქტორი – არც მორალური და არც უსაფრთხოების კუთხით. ახლა ეს ყველაფერი სასოწარკვეთილ ადამიანთა ჯანყს გავს, რასაც ძალით ვერ ჩაახშობ. პოლიციისთვის ქვების სროლა ძალიან ცუდია, მაგრამ ახლა ამ მოწოდებასაც არ აქვს აზრი. რასაც ვხედავთ სახელმწიფოებრიობის ეროზიის მკაფიო და ძალიან სახიფათო ნიშანია. ეს ის სიტუაციაა, სადაც მთავრობის „ლეგიტიმური ძალა“ ყველა შემთხვევაში ძალადობაა საკუთარი ხალხის მიმართ, რადგან ქვეყანაში ხელისუფლების ნებისმიერი ქმედების საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მწვავე პრობლემა დგას. დალპა ქვეყანა და გამოსავალი ერთია – ივანიშვილის და ოცნების წასვლა! ჩემო პანკისელებო ამ ბრძოლას მხოლოდ სიმშვიდით მოვიგებთ. პოლიციასთან დაპირისპირება ხელისუფლებას მეტი ძალადობისკენ და თქვენს დემონიზაციისკენ უბიძგებს. ამიტომ სიმშვიდე უნდა იყოს დღეს ჩვენი ბრძოლის იარაღი“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „ეს არის ძალიან მძიმე და სახიფათო ვითარება, ჩვენი ქვეყნისთვის. უპირველეს ყოვლისა, მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს პანკისის ხეობაში სიმშვიდისკენ. რა თქმა უნდა, დაუშვებელია ნებისმიერი სახით ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობა ამ რთულ ვითარებაზე და იმაზე, რომ ამაზე მივიდა საქმე, ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, მისი არათანმიმდევრული და გაუაზრებელი პოლიტიკის გამო. ეს არ არის ჰესის საკითხი, თუმცა ჰესების თემაშიც ისინი აბსოლუტურად არათანმიმდევრულები არიან, როგორც ეს ვნახეთ ჩვენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. კერძოდ პანკისის ხეობასთან დაკავშირებით, ჩვენ წლებია, საჯაროდ და არასაჯაროდ ვაფრთხილებდით მათ იმ სახიფათო ვითარების შესახებ, რომელიც იყო ამ რეგიონში, ხელისუფლების მიმართ ნდობის თვალსაზრისით, კანონის უზენაესობის თვალსაზრისით და ეს არის ამის შედეგი, რომ ზოგადი დამოკიდებულება ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკის მიმართ არ იწვევს ჩვენი მოქალაქეების ნდობას და მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია და ეს დიდი ხიფათის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის“.

დავით უსუფაშვილი – შენების მოძრაობა: „პანკისის ხეობაში ქვეყნის მორიგ ნაღმზე აფეთქების პოტენციალი 100-ჯერ მეტია, ვიდრე ენერგეტიკული პოტენციალი. პანკისში, განსაკუთრებით მაჩალიკაშვილების ტრაგედიის შემდეგ, ყველაფერი პოლიტიკურია და არა ეკონომიკური ან ენერგეტიკული. პრემიერს და მთავრობას ამდენი არ ესმით! არც ის ესმით, რომ ამგვარი საკითხების მოგვარებაში პოლიცია და სპეცრაზმი ყველაზე კონტრ-პროდუქტიული ინსტრუმენტია! ამიტომ, სანამ ვითარების განმუხტვა კიდევ შესაძლებელია, პანკისში უნდა ჩავიდეს საქართველოს პრეზიდენტი და მოსახლეობას მისცეს გარანტია, რომ შეთანხმების მიღწევამდე ჰესის მშენებლობა არ განახლდება. ცხადია, თუ იგი კვლავ იმას არ ფიქრობს, რომ ის პოლიტიკის მიღმაა და ეს კი პოლიტიკაა“.

თავისუფალი დემოკრატები: „ქართული ოცნების ხელისუფლება ვეღარ მალავს თავის ნამდვილ სახეს და პანკისის ხეობაში, საკუთარ მოქალაქეებს პოლიციის სპეცრაზმის, სპეცტექნიკისა და ცრემლსადენი გაზის ენით ესაუბრება. მითუმეტეს, უღირსია ხელისუფლების ასეთი მოქმედება იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი ძალისმიერი სპეცოპერაცია ხელისუფლებამ მაშინ განახორციელა, როდესაც მისივე მოთხოვნის შესაბამისად, მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა და სხვა მინისტრების მოლაპარაკება პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებთან. მოლაპარაკების წარმოების დროს არანაირი ძალისმიერი მოქმედებები არც ერთი მხარის მხრიდან არ ხორციელდება და ამ წესს ოდითგანვე იცავენ ყველა ადგილსა და სიტუაციაში. ეს წესი უღირსად დაარღვია დღეს ქართულმა ოცნებამ, რაც ბევრ შეკითხვას აჩენს. რატომ სურს დღევანდელ ხელისუფლებას სიტუაციის დაძაბვა და გამწვავება პანკისის ხეობაში, რასაც ის უკვე წლების მანძილზე ახორციელებს? რა მიზანს ემსახურება „ქართული ოცნების“ ასეთი უგუნური საქციელი? ეს არის მხოლოდ ამ პოლიტიკური ძალის სიბეცე და უუნარობა მართოს სახელმწიფო, თუ ჩვენი ქვეყნის გარეშე მტრის ხელიც ურევია მათ ასეთ მავნებლურ მოქმედებაში? ნებისმიერ შემთხვევაში, მივმართავთ ქართული ოცნების ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყოველგვარი ძალისმიერი მოქმედება პანკისის ხეობაში; გამოყონ სამთავრობო ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობასთან რეალური მოლაპარაკებებისთვის, რათა მხოლოდ მათთან შეთანხმების პირობებში განხორციელდეს ნებისმიერი სახის სამუშაოები ხეობაში და მართალი ინფორმაცია ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ ამცნონ საზოგადოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა სიტუაციის გამწვავების ნეგატიურ შედეგებზე არა მხოლოდ პანკისის ხეობაში, არამედ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მათ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება“.

შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია: „ივანიშვილი ბზობა დღეს პანკისში ბეტეერებით შემოვიდა, ეს არის მისი პირადი ბიზნესი, ეს ერთი და მეორე – ეს არის მოსკოვის დავალების შესრულება, რომ ისე დაიძაბოს პანკისში ვითარება, რომ მერე რუსი სამშვიდობო ჩადგეს აქ და იგივე შედეგებით დამთავრდეს, რაც ეს მოხდა ცხინვალსა და აფხაზეთში. თუმცა, ეს აქ, რა თქმა უნდა, არასდროს არ მოხდება, მაგრამ პანკისელებმა დღეს მთელი საქართველოს საქმე გააკეთეს – გაიმარჯვეს, უკან დაახევინეს ბანდიტ ხელისუფლებას“.

სახალხო დამცველისა და არასამთავრობოების შეფასებები

ნინო ლომჯარია – სახალხო დამცველი: „მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას უნდა ემოქმედა უფრო ფრთხილად, უნდა ყოფილიყო მეტი საუბარი საზოგადოებასთან, მეტი ახსნა-განმარტება. ფაქტია, რომ საზოგადოება არ იყო ინფორმირებული და მათ არ ქონდათ განცდა, რომ მათი წუხილები იყო სათანადოდ მოსმენილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ მეტი წინდახედულობაა საჭირო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაღაც მსგავსი ტიპის გართულების თავიდან აცილება მოხდეს მომავალში“.

თამთა მიქელაძე – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC): „დღევანდელი დღის მთავარი პრობლემა სწორედ ის იყო, რომ ხელისუფლებამ ისე, რომ მოლაპარაკებების რესურსი ბოლომდე არ ამოწურა და ისე, რომ არ დაელოდა სასამართლო დავებს, სრულიად მოულოდნელად დაიწყო საპოლიციო ღონისძიებების გზით მშენებლობის პროცესის განახლება. ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და ცხადია ჩვენ ამას ვუკავშირებთ ახალი ეკონომიკის მინისტრის [ნათია თურნავა] დანიშვნას, რომელიც მანამდეც, მისი პოლიტიკური ბიოგრაფიაც აჩვენებს, რომ ის დაკავშირებულია ენერგეტიკის სექტორთან და მან პირდაპირ გააკეთა განცხადება, რომ ეკონომიკის განვითარებას ის სწორედ ენერგო მიმართულებით ხედავს და მათ დაიწყეს ამ დამაზიანებელი ჰესების მშენებლობა პანკისიდან და რეპრესიული აპარატის გამოყენება, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად გამოუვიდოდათ პანკისში, თუმცა ისინი სრულიად არ ითვალისწინებენ იმ სოციალურ კონტექსტს, რომელიც ხეობაში არსებობს“.

სულხან სალაძე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: „პირველი ალბათ რაც ყველას გვჭირდება არის მეტი ინფორმაცია და მათ შორის მედიაში გასული ინფორმაციის ამოღება, დამუშავება უფრო ღრმა და სერიოზული შეფასებებისათვის… მეორე, მე მქონდა ჩვენ კოლეგებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან საუბარი და ჩვენ ვფიქრობთ უფრო ისეთ დოკუმენტზე ხომ არ გვემუშავა, რომელიც მთელი ამ პროცესების შეფასებასთან იქნებოდა დაკავშირებული, მათ შორის საპოლიციო, სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზების ნაწილში, ის თუ რეალურად ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რატომ იყო შემოყვანილი, დღეს რატომ უნდა დაწყებულიყო, როცა ვიცით, რომ მიმდინარე კვირაში ორიოდე დღის წინ იყოს ადგილზე, ხეობაში შეხვედრა და ყველა თანხმდებოდა, რომ ეს პროცესი არ იყო დასრულებული და უნდა გაგრძელებულიყო. ჩვენ გვინდა დინამიკაში დავინახოთ და ვაჩვენოთ საზოგადოებას რა პროცესია ის, რაც დღეს მოხდა და რაც ამ პროცესს უძღვოდა წინ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button