რესპუბლიკის ამბები

გრიგოლ რობაქიძე: ნოე ჟორდანიაში “ქართველთა კეთილშობილი რასსა” სჩანს

გაზ. „ბარრიკადი“,  1920 წლის  25 ოქტომბერი,  N2.

ჟორდანიას პროფილი ძველი ღერბია სურნელოვან პერგამენტზე. მისი სახე თეთრი მედალიონია მოხუცი ბიბლიის. მასში მოსჩანს კეთილშობილი რასსა: ქალდეას ველებში გამოხურვებული და კავკასიონის კალთებით განელებული. ქურუმები ძველად ღმერთებს ალბათ ასეთი სახით ელაპარაკებოდნენ. არის ჟორდანიას პროფილში უცნაური სირბილე: არა მარტო გურიის ველების: არამედ მთელი იბერიის მიწის. ჟორდანია რასსიული ტიპია საქართველოსი. რუსთაველის ტარიელ რაინდის ყოვლის გადამლახველი: მაგრამ მიუხედავათ ამისა გულჩვილია მეტად. თეთრი გიორგი ტაიჭზე მჯდომარე მახვილით ჰკვეთავს ვეშაპს და ამავე დროს მის თვალებში ნათელი ბავშის გვერდული მზერაა. გიორგი სააკაძე რისხვით შემმართებელი საქართველოში ბოლოს და ბოლოს გამონაკლისია. მე მიყვარს ჟორდანიას აცეცხლება: მაგრამ მის ანთებაში ტემპერამენტია სათნოების და არა ცეცხლი სიავის.

ეს ხაზი ქართული ხასიათისა უკანასკნელი დარბილებაა ჯვაროსანი ნების. სრულიად გამართლებულია აქ ქაშვეთის გახსენება. ქაშვეთი ესთეტიური ფორმულაა ქართული ყოფის ერთი მთავარი ნაკადულის. მისი მორცხვი ტანის ქალწულ ხაზებში ჟორდანიას პროფილიც არის უთუოდ ასარკული. ქაშვეთს უცხო ფრინველსავით დასტრიალებს თავს საიდუმლო ცოდნა: საქართველო ხვედრია ჯვარცმული დედის. ეს არის ლეგენდა: მაგრამ ლეგენდაში უფრო მეტი სინამდვილეა ვიდრე გაზეთის ქრონიკაში. ლეგენდა იგი გაცხელებულია ნინოს ვაზითდამთრალი ჯვარით და ნელად დალბობილია ქეთევანის სურნელოვანი ცრემლით. ჟორდანიას სირბილე მე ამ ხაზებში მესახება. მე მესმის ჟორდანიას წუხილი შვილის დაკარგვის გამო (ლენინს ასეთი წუხილი არ შეუძლია). ამ წუხილში მე ვხედავ სიახლოვეს მიწასთან: რომელსაც ჩვენ დედას ვუწოდებთ. მე არ ვიცი: ჟორდანია ლოცულობს თუ არა. მაგრამ მე ვიცი რომ მრავალი ლოცულობს მისთვის (გამაგებინეთ ვინ ლოცულობს ლენინისათვის?!) დაისებში ჩვენს დედებს არ ავიწყდებათ ჟორდანია და ჩვენი ბავშები აისებში პირველად ალბად მას იგონებენ.

სწორედ ამ ხვეულებში იქცა ჟორდანია დიდი ქართველის ფიგურად. მართალია: ისტორია ჰქმნის ისტორიულ ფიგურას: მაგრამ ჯერ პიროვნება უნდა იყო რომ ისტორიამ აგირჩიოს. ჟორდანიას იმთავითვე ჰქონდა დიდი ნიჭი ინტუიციის. ეს ნიჭი პოლიტიკაშიც ისევეა საჭირო როგორც პოეტურს შემოქმედებაში.

ჟორდანიამ პირველმა იგრძნო სავსებით, რომ პატარა ერის ბიოლოგიური ენერგია განსაზღვრულია და მისი ცხოვრების განვითარება შესაძლოა მხოლოდ გარეშე ძალების დახმარებით. ცხადია, იმ ცოცხალი ძალების, რომლებითაც იჭედება ერთა სოლიდარობა. ამ ძალების წარმომშობი ინტერნაციონალური დემოკრატიაა. ჟორდანიამ შემოიტანა საქართველოში ინტერნაციონალიზმის იდეოლოგია. იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა ინტერნაციონალიზმს საქართველოს პოლიტიკაში. მაგრამ ხაზგასმა აკცენტუაციაა ფსიხოლოგიური და ხშირად მის ხელში ჯოხი მეორე მხარეს იხრებოდა: ინტერნაციონალიზმი ანაციონალიზმში გადადიოდა. აქ არის სათავე

ჟორდანიას ნაწერების წინააღმდეგობათა. მაგრამ ეს „წინააღმდეგობანი“ ზედაპირია მარტო ოდენ. თავი და თავი მის აზროვნებაში (შესაძლოა ქვეშეცნეული) სხვაა: საქართველოს ნაციონალური იდეოლოგია შეიძლება იყოს მხოლოდ ინტერნაციონალური გეზით გამართული.

 არსად ისე აშკარად არ გამართლებულა ისტორიის დიალექტიკა ჰეგელის მიერ შეცნობილი როგორც საქართველოს ცხოვრებაში. ისტორიის ირრაციონალობა სხვათა შორის იმაშია რომ ერთში იბრძვის ორი მაგრამ მთელისათვის ორივე საჭიროა. საქართველოს ნაციონალურ იდეოლოგიას საშინლად ებრძოდა თითქმის ანაციონალიზმში გადასული ინტერნაციონალური იდეოლოგია: მაგრამ ისტორიული გონება საქართველოსი ორივეს შეიცავდა და დღეს უკვე ნათელია რომ საქართველოს ხსნისათვის ორივე მიმართულების ბრძოლა იყო აუცილებელი.

ამ ისტორიულ გონებას არის ზიარებული ჟორდანიას ინტელექტი. კიდევ უფრო მძაფრია მეორე ხაზი ჟორდანიას პოლიტიკური აზრის: საქართველოს ხსნა მხოლოდ დასავლეთშია. ჟორდანიამ დასტური დასდო საქართველოს რუსეთთან შეერთებას მხოლოდ იმიტომ რომ, რუსეთის საშვალებით ევროპას ვზიარებოდით. ხოლო იგივე ჟორდანია იყო პირველი მომხრე საქართველოს რუსეთისაგან გამოცალკევებისა მხოლოდ იმიტომ რომ რუსეთი აზიაში საბოლოოდ ჩატოვებას გვიპირებდა. აქაც როგორც სხვაგან მახვილია მისი ინტუიცია.

ჟორდანია ტრიბუნია: თუმცა მას ენა არ ემორჩილება. ამ შემთხვევაში შეიძლება იგი ძველ მოსეს ჰგავდეს რომლის ხვედრია მშობელი ერის აღთქმულ ქვეყნისკენ წაყვანა. მაგრამ თუ ჟორდანიას თქმა არ ეხერხება სამაგიეროდ მას წერა უჭრის ძალზე. ქართველი პოეტისათვის საამაყოა პირდაპირ რომ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მწერალია ნამდვილი. თუ სტილი არა, ჟორდანიას წერის მანერა უთუოდ აქვს. მის ნაწერში არ არის არც კორძიანი ხაზი და არც დაგრაგნილი ხვეული. იქ ყოველი სიტყვა სადათ მოკვეთილია და ყოველი ფრაზა სხარტად გამოჭრილი. ჟორდანია უფრო ლაპიდარული ფორმულებით ლაპარაკობს ვიდრე დისკურსიული პერიოდებით.

მის ფორმულებში მონუმენტალური პრიმიტივის ქვებია. თავის ლაკონურ ფრაზაში ჟორდანიას ეტყობა უთუოდ რომ იგი მესხეთის მოსაზღვრე კუთხის შვილია. მას არ უყვარს სიბნელე და სძულს განყენება: მის სიტყვაში ჭვირვალი სინათლეა და სხეულიანი კონკრეტობა. ამ მხრით იგი ფრანგებს უახლოვდება. საკვირველი არ არის რომ ჟორდანიას პირველს შემოეღო საქართველოში ფრანგული ჟურნალიზმი.

გრიგოლ რობაქიძე

მსგავსი/Related

Back to top button